ბორჯღალოსნები

17:33 | 10.05.2017 | ნანახია 4491 - ჯერ

2019 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრა

კიოტოში (იაპონია) გამართულმა კენჭისყრამ ბორჯღალოსნები 2019 წლის მსოფლიო თასზე „დ“ ჯგუფში, ავსტრალიის, უელსის, ზღვისრეთის ზონის გამარჯვებულთან და ამერიკის ზონის მეორე გუნდთან მოახვედრა.

კენჭისყრას საპატიო სტუმრის სტატუსით იაპონიის პრემიერ მინისტრი შინცო აბე ესწრებოდა, რომელმაც მისი ქვეყნისთვის 2019 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

“აზია პირველად მასპინძლობს ამ შესანიშნავ სპორტულ ღონისძიებას. ესაა შანსი, რომ აზიელებს, სადაც მთელი პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს, რაგბის მიმზიდველობა დავანახოთ. ვდებ პირობას, რომ იაპონია მოთამაშეებს საუკეთესო პირობებს შეუქმნის. მოუთმენლად ველით ტურნირის დაწყებას, რომელიც დაუვიწყარი იქნება რაგბის გულშემატკივრისთვის. იაპონელი ერი გაერთიანდება, რათა მონაწილეებს და ჩამოსულ სტუმრებს ღირსეული მასპინძლობა გაუწიოს. მასპინძელ ქალაქებს შორის იქნება მიწისძვრით დაზარალებული კამაიში და კუმამოტო და ეს იქ მცხოვრები ბავშვების ემოციურ ზრდას შეუწყობს ხელს“.

აბე კენჭისყრის პროცესში თავადაც იღებდა მონაწილეობას და ‘მსოფლიო რაგბის’ პრეზიდენტმა ბილ ბომონტმა მას მადლობა გადაუხადა:

“დარწმუნებული ვარ, იაპონიაში ფანტასტიური მსოფლიო თასი გველის. ჯგუფური ეტაპის კენჭისყრამ უკვე გვაჩუქა რამდენიმე შესანიშნავი მატჩი. მადლობა პრემიერ-მინისტრს, რომელიც პირადად მონაწილეობდა კენჭისყრაში და ამით დიდი მხარდაჭერა დააფიქსირა. 2019 წლის მსოფლიო თასი უდიდესი მოვლენა იქნება იაპონიისთვის და აზიის კონტინენტისთვის“.

ორი „უცნობი“

ბორჯღალოსნებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლება 2015 წელს, ინგლისში ტონგასა და ნამიბიის ძლევით, ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით მოიპოვა. მარტის ბოლოს მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაფიქსირებული შედეგის მიხედვით, ჩვენი გუნდი კენჭისყრისას მესამე კალათაში მოხვდა და გაირკვა, რომ მასპინძელ იაპონიასთან, კარგად ნაცნობ არგენტინასთან და სასურველ იტალიასთან თამაში არ მოუწევდა.

მესამე კალათში ბორჯღალოსნების ბურთულა სულ ბოლოს ამოვიდა და საქართველო „დ“ ჯგუფში მოხვდა, სადაც უკვე იყვნენ ზღვისრეთი1 და ამერიკა2.

ორიდან ერთ მეტოქეს ბორჯღალოსნები ივლისში შეიტყობენ, როდესაც წყნარი ოკეანის ზონის შესარჩევი ტურნირი დასრულდება. ამ ორწრიანი ტურნირის პირველი ნაწილი შარშან ივნისში ჩატარდა, მაშინ, როდესაც ბორჯღალოსნებმა კუნძულები დაუმარცხებლად მოიარეს.

პირველ წრეში ფიჯიმ ტონგა 23:18 და სამოა 26:16 დაამარცხა, ხოლო სამოამ ტონგას 30:10 სძლია. ამ მომენტისთვის ფიჯი შესარჩევ ჯგუფს 8 ქულით ლიდერობს, სამოა მეორეა (4 ქულა), ხოლო ტონგას მხოლოდ 1 ქულა აქვს. 1 ივლისს ტონგა სამოას, ხოლო 8 ივლისს ფიჯის მასპინძლობს. შესარჩევი ტურნირი აპიაში სამოასა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრით დასრულდება. სწორედ ამ დროს გაირკვევა ჩვენი მეტოქე (ზღვისრეთი1) და მსოფლიო თასის კიდევ ერთი მონაწილე, ხოლო მესამე გუნდს ევროპის შესარჩევი ზონის მეორეადგილოსანთან პლეი ოფში მოუწევს ჩართვა.

მაისში სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ზონაში ურუგვაის, ჩილეს, ბრაზილიისა და პარაგვაის გუნდები ითამაშებენ, რომლის გამარჯვებულიც ამერიკა2-ის საგზურისთვის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პლეი ოფში დამარცხებულ გუნდს შეხვდება. კანადისა და აშშ-ს ნაკრებები ამერიკა1-ის ადგილისთვის 24 ივნისსა და 1 ივლისს შეიბმებიან, გამარჯვებული „გ“ ჯგუფში მოხვდება, ხოლო დამარცხებული მეორე საგზურისთვის სამხრეთის ფალავანს შეერკინება.

იაპონიამდე კარდიფში

მეოთხე კალათიდან უელსის ნაკრები გვერგო, რომელსაც მანამდე 18 ნოემბერს კარდიფში, საქვეყნოდ ცნობილ ‘მილენიუმზე’ 28-წლიან ისტორიაში პირველად შევხვდებით.

‘დრაკონებს’ რვავე განვლილ მსოფლიო თასზე უთამაშიათ და საუკეთესო შედეგს პირველ ტურნირზე მიაღწიეს - 1987 წელს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, 2011 წელს კი, ნახევარფინალს უწიეს და საბოლოოდ მე-4 ადგილზე გავიდნენ. უელსის მთავარი მწვრთნელი უორენ გეთლანდი კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილია. მას ახარებს ის ფაქტი, რომ იაპონიაში ავსტრალიასთან და სავარაუდოდ ფიჯისთან მოუწევს თამაში, რომლებთან ერთადაც ჯგუფში 2015 წლის მსოფლიო თასზეც ითამაშა და მეოთხედფინალში გავიდა.

“კარგია, რომ კვლავ შევხვდებით იმ გუნდებს, რომელთაც 2015 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ - ავსტრალიას და სავარაუდოდ, ფიჯის. ყველა ჯგუფში იქნება რთული თამაში და მე როგორც უელსელი, მოხარული ვარ ჩემი გუნდის ხვედრით. კარგია, რომ ავსტრალიასთან და საქართველოსთან წელს ნოემბერში მოგვიწევს თამაში. ეს შეხვედრები დიდ ინტერესს გამოიწვევს“.

ორგზის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი

პირველად არსებობის ისტორიაში, იაპონიის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები ავსტრალიას შეხვდებიან - ერთადერთ სამხრეთელ ბობოლას, რომელთანაც ჯერ არ გვითამაშია.

ავსტრალიელებს ყველა მსოფლიო თასზე უთამაშიათ და ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ - 1991 და 1999 წლებში, ხოლო 2003 და 2015 წლებში მხოლოდ ფინალში დამარცხდნენ. ორი წლის წინ ‘ვოლაბებს’ ფინალში ახალმა ზელანდიამ 34:17 მოუგო.

ჰეიგის პირველი კომენტარი

კენჭისყრას ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი და ნაკრების მენეჯერი ირაკლი ხუნდაძე ესწრებოდნენ. ახალ ზელანდიელმა სპეციალისტმა კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა:

“რთულ ჯგუფში მოვხვდით: ვეთამაშებით ავსტრალიას, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა; უელსს, რომელიც მსოფლიო თასებზე ყოველთვის კარგად ასპარეზობს; ჩვენს ჯგუფში, როგორც ოკეანეთი1 სავარაუდოდ ფიჯი მოხვდება, მათგან კი ყველაფერს უნდა ელოდო; იოლი არ იქნება ამერიკის მეორე გუნდთან თამაში, არაა გამორიცხული კანადა იყოს. რთული ჯგუფია და ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ ნოემბერში უელსს ვეთამაშებით“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:05 | 13.05.2017
maxo_65 (458)

ძალიან გაგვიჭირდება 2 თამაშის მოგება, მაგრამ იმედს ვიტოვებ 2019წლისთვის მართლა მაგარი გუნდი გვეყოლება.მით უმეტეს მონაგები გვაქვს ფიჯისთვის და ფსიქოლოგიურად წაგვადგება..ნამდვილად მჯერა ჩვენი გუნდის და ვიცი რომ გაგვახარებენ..

01:29 | 12.05.2017
Kala94 (151)

ყველაფერი უნდა გავეკეთოთ მინიმუმ მე-3 ადგილის დასაკავებლად.. სხვა დანარჩენი ჩვენი ლომების ხელშია !!!

14:18 | 11.05.2017
sabonis (74)

რა სამ მოგებას იძახით ორი თუ მოვიგეთ უდიდესი წარმატება იქნება.

12:11 | 11.05.2017
miriani (151)

მოგესალმებით ყველას... ახლა სპორტალლ-იდან შემოვედი და იქ ისეთი პიტალო სლეობები უწერიათ კომენტარებში რო არანაირი სურვილი არ გაგიჩნდება პოლემიკაში შეხვიდე...
რაც შეეხება წილისყრას და ჩვენს შანსებს...
1. ავსტრალია-უელსთან რო უშანსოდ ვართ ამ ეტაპზე ფაქტია და თუ ვინმე ულტრა მემარცხენე პატრიოტული ნაციონალიზმით უდგება ამ თემას ღმერთმა ხელი მოუმართოს..მისი პრობლემაა...
2. ფიჯი რო ხელწამოსაკრავი არა ალბათ ვინც რაგბის აზრზეა ყველა დამეთანხმებით... თან პლიუსი ისა გვაქვს ტესტებზე ნათამაშები გვაქვს მაგათთან და სხვათაშორის არც მაშინ გვყოლია მამუკა და რამდენიმე წამყვანი მოთამაშე...
3. 2 წელი არაა ცოტა და იმედი მაქვს ახალი თაობა კიდე უფრო მოუმატებს და დაღვინდება ამ ხნის განმავლობაში...თუ მამუკაც გადაიფიქრებს(მეეჭვება მარა მაინც) ხო მტლად უკეთესი....ამხელა ავტორიტეტის გუნდში ყოლა რამხელა საქმეა თვით თანაგუნდელებისთვის და თუნდაც მეტოქე+მსაჯებისთვის ყველას მოგეხსენებათ( ახლაც თვალწინ მიდგას რუმინეთთან ბოლო თამაშში მამუკამ რო რაღაც გაბრაზებულმა უთხრა მსაჯს და ზურგი შეაქვია და წავიდა..მსაჯი კიდე მამუკა, მამუკას ძახილით მისდევდა... კომენტარი ზედმეტია)
მოკლედ მე იმ აზრზე ვარ რო 2015ელის შედეგის გამეორება უნდა შევძლოთ და არაა ეს მისია იმპოსიბლ... დანარჩენი ჩვენი ბიჭების კაცობაზე და იღბალზეც კიდია....იქნებ თხა იყოს-ტყუპი მაიგოს....
წარმატებები ჩვენს ლომებს...
ყველა შემთხვევაში მათ გვერდით და მე-16 მოთამაშედ!!!
დაჰკათ ბიჭებოოოოო....

16:15 | 11.05.2017
NIKA..01 (335)

ავსტრალია,უელსთან რა თქმა უნდა ვერ დავგეგმავთ გამარჯვებას.კარგი წინააღმდეგობა რო გავწიოთ ეგეც კარგი იქნება.აი ფიჯი არ მგონია მაგათზე ბევრად სახიფათო გუნდი იყოს.რაც შეეხება ამერიკა 2-ს,მაგათ კი უნდა მოვუდგოთ თუ რამის პრეტენზია გვაქვს,თუმცა არც მაგათთანაა უეჭველი მოგება გარანტირებული.

16:17 | 11.05.2017
NIKA..01 (335)

ფიჯიზე რაღაც არეულად კი დავწერე ნაკლებად სახიფათო უნდა ეწეროს რა თქმა უნდა

16:06 | 11.05.2017
ოვალური კორბენი (276)

ჰო, მანდ ცოტა უცნაურად მოაზროვნე ხალხიც იჩითება ხოლმე. წინა კვირას ლოზუნგიც გამოაცხვეს - მამუკა გორგოძე თბილისის მერადო DDDDDDDD
არადა მე თსუ-ს რექტორად მინდოდა DDDDDDDD

09:08 | 11.05.2017
krasni (587)

იცის მელიტონამ მსოფლიოსთვის როგორ მოამზადოს ნაკრები. ცუდია, რომ მამუკა და ზირაქა არ იქნებიან, სამაგიეროდ მოდიან ახალგაზრდები, რომლებიც ამ ორ წელიწადში უფრო გაიზრდებიან. მჯერა, რომ წინა მსოფლიოზე მეტი ძლიერი ნაკრები, 2019-ში გვეყოლება. მელიტონა კი რასაც ინტერვიუში ამბობს, თავმდაბლობით მოდის.

12:57 | 15.05.2017
GiorgiG83 (525)

საიდან აპირებ მამუკა და ზირაქაზე უკეთესის გამოდნობას 2 წელიწადში
რეცეპტი მილტონს მიაწოდე

00:31 | 11.05.2017
dede (87)

არ მესმის აქ გამოთქმული ზოგიერთი კომენტარის აზრი. რაც უფრო ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს თამაში მით უფრო უკეთესი არ არის?თუ არ გვინდა მაშინ ვიყოთ სულ ერთა თასის დონეზე და იმის იქით არ გავიხედოთ

02:17 | 11.05.2017
federer (17) (469)

ძლიერ გუნდებთან ტესტები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი განვითარებისათვის, მაგრამ რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს შეიძლებოდა ცოტა უფრო სუსტ ჯგუფში მოხვედრა სადაც ჯგუფიდან გასვლის ამბიცია გვექნებოდა და აქ ამაზეა საუბარი

10:43 | 11.05.2017
dede (87)

კარგით ეხლა ვიყოთ რეალისტები, ჯგუფიდან გასვლა ამ ეტაპზე არარეალურია(ნებისმიერი კენჭისყრის შემთხვევაში)

00:08 | 11.05.2017
meleksa (132)

ბევრი რამე სათამაშო კალენდარზე იქნება დამოკიდებული. თუ პირველი თამაში ფიჯისთან გვექნება სეიძლება რომ ტონგას მსგავსი ჩავუტაროთ. სხვა შემთხვევაში რთული იქნება.

22:38 | 10.05.2017
BEERTRANCE (1073)

ამბიციები მოგვემატა, თამასა აიწია, ჩავთვალოთ რო შანსი გვაქვს ჩვენი ამბიციები გავამყაროთ. სათანადო მომზადებით ფიჯის და კანადის დამარცხება სავსებით ხელგვეწიფება.

21:47 | 10.05.2017
პანტელეიმონი (1218)

ყველაფერი ჩვენს ხელშია, თუ კარგად მოვემზადებით სამი თამაშის მოგება შესაძლებელია ! ! !

საქართველოს ნაკრები ამ ორ წელიწადში იმ დონეზე უნდა ავიყვანოთ, რომ ყველასთან მოსაგებად უნდა გავიდეთ ! ! !

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

12:55 | 15.05.2017
GiorgiG83 (525)

ეგ სამი თამაში ჩამოწერე რა

22:01 | 10.05.2017
federer (17) (469)

რათქმაუნდა ყველასთან მოგებაზე უნდა ითამაშო და არ უნდა შეუშინდე არავის და რაც იქნება იქნება, მთავარია ღირსეულად ვითამაშოთ ყველასთან

21:27 | 10.05.2017
federer (17) (469)

ავსტრალიის და უელსის დამარცხების იმედი არ მაქვს, მაგრამ იქნებ ამ 2 წელში ისე მოვუმატოთ რო მათაც შევუქმნათ პრობლემები და ღირსეული ანგარიშებით წავაგოთ თუ წაგებაა

11:54 | 11.05.2017
miriani (151)

წაგებით ღირსეულად ახალ ზელანდიასთან წავაგეთ 2015-ში

20:11 | 10.05.2017
krasni (587)

რთულ ჯგუფში ვართ რა თქმა უნდა, მაგრამ თუ საერთოდ რამეზე გვაქვს პრეტენზია, ორი თამაში უნდა მოვიგოთ.

21:26 | 10.05.2017
federer (17) (469)

რათქმაუნდა 2 შეხვედრის მოგებაზე ფიქრი შეიძლება და უნდა შევძლოთ კიდეც, მაგრამ ავსტრალიასთან და უელსთან რა შანსები გვაქვს ყველამ კარგად ვიცით

17:57 | 10.05.2017
ოვალური კორბენი (276)

რთული ჯგუფია. ორ ფავორიტთან გამკლავება ისევ ძალიან გაგვიჭირდება. ცუდი ისაა, რომ შეიძლება ყველა წავაგოთ, ბოლო ადგილზე გავიდეთ და ეს სულაც არ იქნება საოცრება. თუმცა ასევე შეგვიძლია, რომ 2015 წლის მსგავსად ორი შეხვედრა მოვიგოთ.
ჩემი აზრით ერთ თამაშს მოვიგებთ.

17:50 | 10.05.2017
BEERTRANCE (1073)

რაც არ უნდა იყოს, ფიჯის და კანადას დამარცხება უნდა შევძლოთ.

0.093667