7-ქალა

16:51 | 9.05.2017 | ნანახია 2120 - ჯერ

7-ქალა საფრანგეთში

საქართველოს 7-ქალა ნაკრები დღეს გამთენიისას საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ორი კვირა დარჩება და პარიზისა და ნანსის საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.

რადგან ორ ტურნირზე უნდა ითამაშონ, მწვრთნელებმა ტურნეზე 14 მოთამაშე წაიყვანეს. ესაა მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი ევროპის ჩემპიონატის მესამე დივიზიონისთვის, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება. პარიზის ტურნირი 10-12 მაისს ჩატარდება და მასში საქართველოს გარდა პორტუგალის, ბელგიის, ფინეთის, უკრაინის და ტუნისის ნაკრებები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის უცხოური კლუბები ითამაშებენ. 10 და 11 მაისს ჯგუფური ეტაპის ორ-ორი თამაშია, ხოლო 12 მაისს პლეი ოფების დრო დადგება.

პარიზის ტურნირის დასრულების შემდეგ, გოგონები ნანსში გაემგზავრებიან და ერთკვირიან შეკრებას გაივლიან, ტურნირი კი 20-21 მაისსაა ჩანიშნული.

ხსოვნის ტურნირი ოზურგეთში

ბოლო დროს ქალთა რაგბში დადებითი ძვრები შეინიშნება. იზრდება როგორც მასში ჩართული გოგონების, ასევე გუნდების რაოდენობა. უკვე ვწერდით, რომ ცოტა ხნის წინ ქუთაისმა პირველად უმასპინძლა 7-ქალას საერთაშორისო ტურნირს, რომელშიც ბერძნულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

30 აპრილს ოზურგეთში ხსოვნის ტურნირი გაიმართა, რომელიც საქართველოში ქალებს შორის აქამდე ჩატარებულ ფესტივალებს შორის ყველაზე მასშტაბური იყო. ტურნირში ათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და ის ორ ნაწილად იყო გაყოფილი - კონტაქტური და უკონტაქტო. კონტაქტური რაგბი 6-მა გუნდმა ითამაშა: ოზურგეთი, რუსთავი, ლანჩხუთი, ზუგდიდი, თბილისი და ქუთაისი; ასაკით პატარების ტურნირი უკონტაქტო იყო და მასში 4-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა: ოზურგეთი, თბილისი, სენაკი და ხაშური.

გოგონების, გუნდებისა და ტურნირების რაოდენობის ზრდა ახარებს 7-ქალას მთავარ მწვრთნელ ჯაბა მალაღურაძეს:

„ასეთი მასშტაბური ტურნირი აქამდე არასდროს გვქონია. თბილისისა და ხაშურის გუნდებმა წელს პირველად ითამაშეს. სხვადასხვა მიზეზების გამო, ოზურგეთში რამდენიმე გუნდი დაგვაკლდა. ივნისის დასაწყისში ასპინძაში ორდღიანი ტურნირის გამართვას ვგეგმავთ და ვფიქრობ, იქ მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ვგეგმავთ, რომ წელს გოგონათა გუნდების რაოდენობა 15-მდე გაიზარდოს. ქალთა რაგბი საქართველოში სულ უფრო ცნობადი ხდება და ამის რესურსი ნამდვილად არის.

როდესაც ქალთა ნაკრები ჩავიბარე, სულ 4 გუნდი გვყავდა და წლის განმავლობაში მაქსიმუმ 4 ტურნირს ვატარებდით. ახლა სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია, გოგონათა გუნდების რაოდენობა გასამმაგდა და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, 18 წლამდე გოგონათა ნაკრებით სექტემბერში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ (საფრანგეთში).

წელს გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე - ქუთაისში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. ვგეგმავთ, რომ სამომავლოდ ეს ტურნირი ფართომაშტაბიანი გავხადოთ და ბერძნების გარდა პოლონეთის, ისრაელის, უკრაინის და სხვა ქვეყნების გუნდები დავპატიჟოთ.

ნაკრებთან მიმართებაში ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა იყო. ტურნირების რაოდენობის ზრდა ამ პრობლემის აღმოფხვრაში დაგვეხმარება, ახალგაზრდა მოთამაშეები სარაგბო უნარებს დახვეწენ და მაქვს იმედი, რომ უახლოეს მომავალში ქალთა სარაგბო ფესტივალებს სრულფასოვან ჩემპიონატის სახეს მივცემთ, გამარჯვებულ გუნდს გამოვავლენთ“.

ოზურგეთამდე გენტში

ოზურგეთამდე ქართველი გოგონები ბელგიაში, გენტის კომერციულ ტურნირზე იმყოფებოდნენ და იქ მე-4 ადგილი დაიკავეს. მალაღურაძე ფიქრობს, რომ სატურნირო თვალსაზრისით მეტის მიღწევაც შეიძლებოდა, თუმცა მთავარი გოგონებისათვის აქაც სათამაშო პრაქტიკის მიღება იყო:

„გენტის სააღდგომო ტურნირზე ტოპ 12-ის გუნდები კლუბების სახელით იყვნენ წარმოდგენილი. პოლონელები, გერმანელები, ჰოლანდიელები, ბელგიელები - ფაქტობრივად ნაკრებებით, ოღონდ კლუბების სახელით თამაშობდნენ. ჰოლანდიელებმა და პოლონელებმა პირველ-მეორე ადგილი დამსახურებულად დაიკავეს, ჩვენ კი მესამეზეც შეგვეძლო გასვლა, მაგრამ არ გაგვიმართლა.

მოსამზადებელ ტურნირებზე ნაკრების კანდიდატებს ვაკვირდებით ყველა ტურნირზე 1-2 დებიუტანტი მიგვყავს. ასე იყო გენტშიც და მთლიანობაში ტურნირით კმაყოფილი ვარ“.

პარიზისა და ნანსის ტურნირი ასევე კანდიდატების გამოცდა და სათამაშო სქემების დამუშავებას ემსახურება, ევროპის ჩემპიონატამდე კი, ივნისის დასაწყისში, ჩვენი გოგონები ესპანეთში გაემგზავრებიან.

„საფრანგეთში ორ ტურნირში ვიღებთ მონაწილეობას. პარიზის ტურნირი ჩასვლიდან ორ დღეში იწყება, მისი დასრულების შემდეგ კი, ნანსში მივემგზავრებით. ეს ერთი კვირა გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. გვექნება ორჯერადი ვარჯიშბი, ამხანაგური თამაშები ადგილობრივ კლუბებთან, რაც დიდ სამსახურს გაგვიწევს - შევძლებთ დეტალებზე მუშაობას.

ტრადიციულად, პარიზსა და ნანსში ძლიერი შემადგენლობა იყრის თავს. პორტუგალიის, ბელგიის, უკრაინის ნაკრებები, სამხრეთ ნახევარსფეროს ძლიერი გუნდები - კუნძულელების ნაკრები, ავსტრალიის კოლეჯის გუნდები, რასაც ფრანგული და ევროპის სხვა ქვეყნების კლუბები ემატება. ისინი ნაკრებებს არაფრით ჩამოუვარდებიან. ეს სწორედ ის ტურნირებია, რომლებსაც მოსამზადებლად ვისურვებდით და აქ მიღებული გამოცდილება ევროპის ჩემპიონატზე დასახული ამოცანის შესრულებაში დაგვეხმარება“.

პარიზისა და ნანსის ტურნირზე გაემგზავრნენ:

ქეთევან მოდებაძე, სალომე საღარაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, ლოსანა ფოლადაშვილი, ნინო ტაბატაძე, ირმა გულიაშვილი, თინათინ პაპუაშვილი, მარიამ გოგუაძე, სალომე სირაძე, ნანი სირაძე, თამარ მანაგაძე, თინათინ სიხარულიძე, მარიამ ჭიჭინაძე, ნანი პაკელიანი.

მწვრთნელები: ჯაბა მალაღურაძე, გიორგი მაისურაძე

მენეჯერი: ია ხურცილავა

ექიმი: ოთარ თაბაგარი

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:22 | 10.05.2017
პანტელეიმონი (1218)

აბა თქვენ იცით გოგოებო, ასახელეთ საქართველო.

00:26 | 10.05.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

22:00 | 09.05.2017
ogafa (407)

წარმატებები

0.087804