ამბები

15:08 | 16.09.2014 | ნანახია 1918 - ჯერ

სამი სინბინი Pro D2-ში

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის მეოთხე ტურში სამი ქართველი მორაგბე სინბინით დაისაჯა.

გიორგი ნაცარაშვილის “პო” ლაშა ლომიძის “ბეზიეს” ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით 23:22 იმარჯვა. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მე-12-ე წუთზე მასპინძელთა შერკინება სტუმრებს ვერ დაუდგა და “პო” ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ სამიოდე წუთში უკვე “ბეზიეს” შერკინებამ იმძლავრა და 50 მეტრიდან წონასწორობა აღდგა. ტაიმის შუაში მასპინძელთა კონტრშეტევა ლელოთი დასრულდა და ზუსტი გარდასახვით ანგარიში 10:3 გახდა, ხოლო 26-ე წუთზე შერკინებებში გაუთავებელი წესების დარღვევისთვის რეფერიმ ნაცარაშვილი და მისი ვიზავი გაასინბინა.

მალე “ბეზიემ” ჯარიმით უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა, შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე კი, ლელო მიიღო. შერკინების შემკვრელად (8 ნომერზე) მოთამაშე ლომიძემ დაზღვევაზე გადასვლა მოასწრო და ლელოსკენ მიმავალი მეტოქე ძირს დასცა, მაგრამ ქართველს არავინ წამოეშველა და შემტევის მიმყოლმა ბურთი ძელებსშუა დაამიწა. შესვენებამდე “ბეზიემ” ჯარიმით ანგარიში 16:10 გახადა, მაგრამ მატჩის განახლების შემდეგ თავად გაუშვა ჯარიმა, ხოლო 48-ე წუთზე ლელო-გარდასახვა მიიღო და 16:20 ჩამორჩა. 49-ე წუთზე ლომიძე შესაცვლელი შეიქმნა, მაგრამ სერიოზული არაფერი იყო და ის მოედანს 62-ე წუთზე დაუბრუნდა. სტუმართა თავკაცმა ნაცარაშვილი 51-ე წუთზე შეცვალა.

“ბეზიემ” ორი ჯარიმით 68-ე წუთისთვის უპირატესობა დაიბრუნა, მაგრამ ბოლო წუთზე კარის წინ 52 მეტრიდან დარტყმული ბურთი ძელებსშუა ჩაეშვა და “პომ” მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ის 18 ქულით პირველ ადგილზეა, “ბეზიემ” ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ამჯერად პრემიალური ქულა მოიპოვა და 9 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და მერაბ შარიქაძის “ორიაკი” “ბურგონს” სტუმრად დაუზავდა - 23:23. დათუნაშვილი განაცხადში არ იყო, ხატიაშვილმა პირველიდან 44-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო შუამარბი შარიქაძე შეუცვლელად გაისარჯა, ოღონდ მოედანზე 70 წუთი გაატარა. “ორიაკმა” ტაიმი 10:11 დათმო, მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტში ლელო-გარდასახვით დაწინაურდა და 56-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა (20:11). მასპინძლებმა მალევე გაიტანეს ერთი ლელო, 67-ე წუთზე რეფერიმ შარიქაძე გაასინბინა და “ბურგონმაც” მეტობით 71-ე წუთზე ისარგებლა - ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინა და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. “ორიაკს” 8 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა.

კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბიმ” “კოლომიე” 44:30 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ნემსაძე იყო, რომელიც მწვრთნელმა შერკინების შემკვრელად დააყენა, 31-ე წუთზე მეტოქის მორაგბესთან ერთად სინბინით დაისაჯა, სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ კი შეცვალეს. “ტარბი” პირველ ტაიმში 9:23 ჩამორჩა, 45-ე წუთზე მესამე ლელო გაუშვა და სხვაობამ 21 ქულას უწია, მაგრამ მერე “აიწყვიტა”, 52-ედან 69-ე წუთამდე ხუთი ლელო გაიტანა და 12 ქულით მესამე ადგილზეა.

ოთხიდან ოთხი მოგება აქვს ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბის”, რომელმაც “დაქსი” ქართველი ლეგიონერების გარეშე 24:20 დაამარცხა. ის 17 ქულით მეორე ადგილზეა.

თამაზ მჭედლიძის, ტარიელ რატიანიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენმა” ასტამურ იოსელიანის “ნარბონს” 43:8 აჯობა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მატჩში მონაწილეობა ორმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო - გარემარბი მჭედლიძე მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ხოლო თეთრაშვილი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო. მასპინძლებმა ხუთიდან სამი ლელომეორე ტაიმში გაიტანეს, ჯამში 8 ქულა მოაგროვეს და მე-10 ადგილზე არიან, ხოლო “ნარბონი” 5 ქულით ბოლოსწინა მე-15 საფეხურზეა.

დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანი” “მონტობანს” ეწვია და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა - 19:24. პირველხაზელი მჭედლიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, შესვენებისას შეცვალეს, მაგრამ 53-ედან 63-ე წუთამდე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად კიდევ 10 წუთი ითამაშა. ბასილაია ბრძოლაში 63-ე წუთიდან ჩერთო და შერკინების ფლანკერად გაისარჯა. პირველ ტაიმში მასპინძელთა 4 ჯარიმას სტუმრებმა ორი ზუსტი დარტყმით უპასუხეს. “მონტობანმა” შესვენების შემდეგ ლელოთი უპირატესობა გაზარდა, მაგრამ 68-ე-დან 70-ე წუთამდე “პერპინიანმა” ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა (16:17). მასპინძლებმა ბოლოსწინა წუთზე დერეფანი ეშმაკურად გაითამაშეს, ლელო-გარდასახვით გამარჯვებულის იმედი გადაწყვეტის და უკანასკნელ წუთზე გატანილი ჯარიმით “პერპინიანმა” მხოლოდ ქულა მიითვალა. ქართველთა გუნდი 10 ქულით მე-10 ადგილზეა.

ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი” ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია. მატჩში მონაწილეობა ოთხმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო - ყუფარაძემ სრულად ითამაშა, აშვეთია 61-ე წუთზე ახობაძემ შეცვალა, 61 წუთი ითამაშა სუთიაშვილმაც. “მასიმ” მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა და 71-ე წუთზე 19:18 დაწინაურდა, მაგრამ განახლდა თუ არა თამაში ლელო გაუშვა და გარდასახვაც ზუსტი იყო. ბოლო წუთზე სტუმრებმა აღარ გარისკეს, ჯარიმით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს და 22:25 მარცხისთვის პრემიალური ქულა ჩაიწერეს. “მასი” 3 ქულით ბოლო ადგილზეა.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.116733