საფრანგეთი პრო დ2

11:27 | 8.05.2017 | ნანახია 2041 - ჯერ

4 ლელო და 6 პლეი-ოფში

შაბათ-კვირას საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში რეგულარული გათამაშების დასკვნითი ტურები გაიმართა და პლეი-ოფში გასული გუნდები გამოვლინდა.

ტოპ 14-ის საჩემპიონო პლეი-ოფში ქართველი ლეგიონერების ოთხი გუნდი ითამაშებს, ხოლო პრო დე2-იდან ტოპ 14-ის ერთი საგზურისთვის ორი გუნდი იბრძოლებს.

რაგბის ქართველი ქომაგისთვის საფრანგეთის ელიტური დივიზიონების დასკვნითი ტური სხვა მხრივაც იყო საინტერესო - ოთხმა ჩვენებურმა თავი ლელოთი გამოიჩინა.

ტოპ 14: ჩილაჩავას ლელო და ოთხი მოწინავე

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, შალვა მამუკაშვილისა და ბადრი ალხაზიშვილის “ტულონს’” პლეი-ოფში თამაში განაღდებული ჰქონდა და დასკვნით ტურში უკეთესი პოზიციის დასაკავებლად იბრძოდა, რათა პირველ ეტაპზე მასპინძლის უფლებით ესარგებლა. ტულონელებმა “პოს’” დამარცხებით ეს მისია წარმატებით გადაჭრეს და ამაში წვლილი ქართველ ლეგიონერებსაც მიუძღვით.

ჩილაჩავამ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მე-16 წუთზე საკუთარი გუნდის იერიში ლელოთი დაასრულა. ეს მისი მეორე ლელოა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში (23 მატჩი, 11 სასტარტოში) და კიდევ ერთი ლელო ჩემპიონთა თასზე მიითვალა. ჩილაჩავა 53-ე წუთზე შეცვალეს, 67-ე წუთიდან კი, თამაშში გორგოძე ჩაერთო. “ტულონმა’” რეგულარული გათამაშება მე-4 პოზიციაზე დაასრულა და პლეი-ოფში “კასტრს’” უმასპინძლებს.

“კასტრი’” უმოტივაციო “ბრივს’” ეწვია და 27:33 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში სამმა ბორჯღალოსანმა ითამაშა: ბურჯი კარლენ ასიეშვილი ძირითადში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 62-ეზე კვლავ მოუწია თამაშში დაბრუნება. 48-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ასევე ბურჯი სოსო ბეკოშვილი, ხოლო 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ 55-ე წუთიდან ითამაშა. “ბრივმა’” სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა.

პლეი-ოფის პირველ ეტაპზე მოქმედ ჩემპიონ “რასინგს’” უმასპინძლებს. მიხეილ ნარიაშვილის, კოტე მიქაუტაძის, დუდუ ქუბრიაშვილისა და გაგი ბაზაძის “მონპელიე’”, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსეს’” 27:26 სძლია. პარიზელებს პლეი-ოფში მოხვედრის შანსი ჰქონდათ და ამისათვის თავად გამარჯვება და თანაქალაქელი “რასინგის’” მარცხი ჭირდებოდათ. “სტად ფრანსე’” გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა გაწითლებულ დროზე მორნი სტეინს გარდასახვა გაუცუდდა. მაგრამ არ წააგო “რასინგმაც’” (22:20 “ბორდოსთან’”), ამიტომ გული არ უნდა გაიტეხონ და 12 მაისს “გლოსტერთან’” გასამართი ჩელენჯ ქაფის ფინალისთვის მოემზადონ.

განვლილ შეხვედრაში ოთხმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და სამი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მასპინძელთა შორის თამაში დაიწყეს ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა (შესვენებისას შეცვალეს) და მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ (მეორე ტაიმში შეცვალეს); სტუმართა შორის პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა ზურაბ ჟვანიამ, ხოლო გიორგი მელიქიძე თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო და 67-ეზე თავად გახდა შესაცვლელი.

რეგულარული გათამაშება პირველ-მეორე ადგილზე დაასრულეს და პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ისვენებენ ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი’”, დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის “კლერმონი’”. დასკვნით ტურში ლიდერები ერთმანეთს ხვდებოდნენ და ეს მატჩი უფრო ფსიქოლოგიურ დატვირთვას ატარებდა, რადგან სატურნირო თვალსაზრისით არაფერს ცვლიდა. “კლერმონმა’” მეტოქე 30:26 დაამარცხა, ქართველ ლეგიონერებს კი, მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს.

26-ე ტურში ახალგაზრდა ბურჯის, თორნიკე მატარაძის საბრძოლო ნათლობა შედგა. მან ტოპ 14-ის შეხვედრაში პირველად ითამაშა და მოედანზე დასკვნითი 28 წუთი გაატარა. მატარაძეს “ლიონის’” პირველ გუნდში აქამდე 3-ჯერ უთამაშია, ოღონდ ჩელენჯ ქაფზე, ახლა კი ფრანგულ ელიტასაც გაუსინჯა გემო.

შარიქაძე, გორგაძე და თავბერიძე

მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ის დასკვნით ტურში ლელო სამმა ქართველმა ლეგიონერმა დადო. უკვე ვწერდით, რომ რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პირველი ადგილი და შესაბამისად, ტოპ 14-ის საგზური ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის “ოიონამ’” დაიბევა, ხოლო ქართველი ლეგიონერების ორი გუნდი მეორე საგზურისთვის პლეი-ოფში იბრძოლებს.

რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის “აჟენმა’”. “აჟენს’” პლეი-ოფი დაბევებული ჰქონდა და დასკვნით ტურში მხოლოდ ახობაძემ ითამაშა. მან მოედანზე 20 წუთი გაატარა, “კოლომიესთან’” მატჩი კი ფრედ 13:13 დასრულდა. “აჟენი’” ნახევარფინალში “ბიარიცს’” შეხვდება.

ნახევარფინალში “მონტობანს’” ხვდება ბექა გორგაძის “მონ-დე-მარსანი’”, რომელიც დასკვნით ტურში “ბიარიცს’” დაუხვდა და 35:40 დამარცხდა. მასპინძელთა შორის სრულად ითამაშა გორგაძემ და 44-ე წუთზე ლელოც გაიტანა. 21 წლის შერკინების შემკვრელისთვის ეს მე-4 ლელოა მიმდინარე სეზონში. აღსანიშნავია, რომ 4 ლელოდან ბექამ სამი ლიდერებს დაუდო - “აჟენს’”, “მონტობანს’” და ახლა “ბიარიცს’”. ამ მარცხით “მონ-დე-მარსანმა’” მესამე ადგილი დაკარგა და ნახევარფინალში თამაში სტუმრად მოუწევს.

მიმდინარე სეზონში მე-4 ლელო დადო ბორჯღალოსანმა მერაბ შარიქაძემ. მისმა “ორიაკმა’” “დაქსი’” 54:19 დაამარცხა, ბუკამ კი თავი მე-16 წუთზე გამოიჩინა. შარიქაძემ სრულად ითამაშა. თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 53-ე წუთზე შეცვალეს ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი.

ზედიზედ მეორე თამაშია ლელო გააქვს ლაშა თავბერიძეს, რომელიც პრო დე2-ში პირველ სეზონს ატარებს. ამჯერად მან თავი 49-ე წუთზე, “ნარბონთან’” მატჩში გამოიჩინა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085464