მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მთავარი ჯილდო მოგზაურობას აგრძელებს და ზუგდიდიდან ქუთაისში, პარლამენტში და აია არენაზე შეიარა.
თასი საქართველოს სიდიდით მეორე და მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქს ფართო მასებისთვის კიდევ ესტუმრება და ერთ სრულ დღეს ქუთაისში გაატარებს, სადაც მასთან ყველა მსურველს ექნება ნახვის და ფოტოების გადაღების შესაძლებლობა.
პარლამენტი
პარლამენტში თასი ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა ლექსო გუგავამ და ბესიკ ხამაშურიძემ მიიტანეს. იქ მას უკვე ელოდნენ ვეტერანი მორაგბეები, პარლამენტის წევრები ბიძინა გეგიძე (რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი), გიორგი კახიანი, ირაკლი აბუსერიძე (ბორჯღალოსნების ყოფილი კაპიტანი) და ბექა ნაცვლიშვილი. მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ჯილდოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა.
აია არენა
ნიშანდობლივია, რომ პარლამენტიდან თასი ჩემპიონატის მასპინძელ სტადიონზე - აია არენაზე მიიტანეს, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე (31 მაისი, 4 ივნისი და 8 ივნისი) ახალი ზელანდიის, ირლანდიის, შოტლანდიის და იტალიის 20 წლამდე ნაკრებების რკენებს მასპინძლობს.
იქ თასს ‘აიას’ ვეტერანი და მოქმედი მორაგბეები, ასევე მომავალი თაობა - ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგისა და საფესტივალო ასაკის ქუთაისური გუნდების მორაგბეები ელოდებოდნენ. სხვადასხვა თაობის მორაგბეებმა თასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და თბილისში გამოაცილეს.
თასი საქართველოს კუთხებში მოგზაურობას განაგრძობს და როგორც უკვე ვახსენეთ, ქუთაისს მოგვიანებით უფრო დიდი ხნით ეწვევა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია