უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში მეცხრე გამარჯვება მოიპოვეს. ილია მაისურაძის გუნდმა გიორგობას სამხრეთ აფრიკულ ‘ვესთერნ პროვინსთან’ 8 დღეში მესამედ ითამაშეს და პირველი მატჩის მსგავსად დიდი სხვაობით იმარჯვეს - 64:19.
ეს თამაში პირველი ორისგან განსხვავებული იყო. რადგან უმცროსი ბორჯღალოსნები მეტოქეს შერკინებაში მაგრად ჯაბნიდნენ, ხოლო მატჩი მოსამზადებელი ხასიათის იყო, მწვრთნელების შეთანხმებით შერკინებებში მიწოლა აიკრძალა. ამით მძლავრ იარაღზე თავადვე ვთქვით უარი, თუმცა ჩვენი კოზირი მხოლოდ შერკინება რომ არ ყოფილა კარგად გამოჩნდა და მეტოქეს ღია თამაშითაც ვაჯობეთ. მოსამზადებელ ეტაპზე შერკინებაში მიწოლის აკრძალვით მეორედ ვითამაშეთ (პირველად ნოემბერში შოტლანდიელ თანატოლებთან) და სასიამოვნოა, რომ ორივე შეხვედრა გამარჯვებით დავასრულეთ.
პირველი მატჩის შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში ლიდერები დაბრუნდნენ (ტრავმირებულების გარდა) და ეს თამაშის ხარისხზეც აისახა. ‘შევარდენზე’ შეკრებილმა მაყურებელმა ლაღი თამაშით და ლამაზი ლელოებით ისიამოვნა. შეხვედრას არც დაძაბულობა აკლდა. პირველი ტაიმის 3 ქულით მოგების შემდეგ, მეორე ნახევარში სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მობილიზება მოახერხეს, ინიციატივა დაიბრუნეს და მოწინააღმდეგე დასკვნით 20 წუთში საბოლოოდ გატეხეს.
დაძაბულობაზე ისიც მეტყველებს, რომ მსაჯს წითელ-ყვითელი ბარათის გამოყენება 3-3-ჯერ მოუწია. ცუდია, რომ 2 წითელი ბარათი ქართველმა მორაგბეებმა მიიღეს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ‘ვესთერნ პროვინსის’ მორაგბეები სამივე მატჩში არ ერიდებოდნენ აშკარა პროვოკაციებს და ძიძგილაობები თუ ჩხუბები ამის შედეგი იყო. გუნდური ჩხუბის სიმძაფრით ეს მატჩი ‘საუკეთესო’ იყო და ბექა საღინაძემ წითელი მეტოქესთან ერთად მიიღო, თუმცა გაძევებული მორაგბეების ნაცვლად, მოედანზე სათადარიგოები შევიდნენ. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ეს თამაში, ისევე როგორც მთელი სერია ორივე გუნდისთვის მოსამზადებელ, სავარჯიშო, გამოცდილების დაგროვების ხასიათს ატარებდე, შესაბამისად გუნდები მოედანზე ისევ 15-15 შემადგენლობით დარჩნენ.
პირველი ლელო დებიუტშივე დაიდო და მასში უდიდესი წვლილი გურამ გოგიჩაშვილს მიუძღვის. ბურჯმა ბურთი ცენტრის სიახლოვეს მიიღო, ხაზი გაჭრა და დაახლოებით 30 მეტრი ირბინა, მარცხნიდან იერიში საღინაძემ გააგრძელა და ის ლელოსთან შეაჩერეს, მესამე დარტყმა შეტევის დამწყებებმა - საღინაძემ და გოგიჩაშვილმა ერთობლივად განახორციელეს და პირველმა ბურთი დაამიწა. გელა აფრასიძეს გარდასახვა გაუცუდდა.
მე-10 წუთზე მეტოქის 22-ის ნიშნულთან დერეფანი მოვიგეთ, მოლი აკრძალული არ იყო და დაახლოებით 20 მეტრის მოგების შემდეგ მას ლევან პაპიძე მოსწყდა, რომლის მოულოდნელი თავდასხმა მცველებმა ვერ აღკვეთეს. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო, ხოლო 4 წუთში სამხრეთ აფრიკელებმა თავისი ოსტატობა გამოავლინეს, დერეფნის შემდეგ შუამარბმა მარლო ვაიხმა ხაზი სისწრაფეზე სუფთად გაჭრა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა.
23-ე წუთზე კომბინაციური ლელო ქართველებმაც დადეს: ცრუ-შერკინების შემდეგ ბეჟან გავაშელიშვილმა ხაზი გაჭრა, საღინაძემ ცერად დაარტყა და დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა მცველები მრავლად ჩაითრია, ბურთი გრძელ ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა და ლადო მიმინოშვილის ლელო აფრასიძემ გარდასახა. მერე იყო ჩხუბი, რომელმაც თამაში არია, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საკუთარი 22-იდან ხელდახელ ბურთაობით ცენტრამდე მოახერხეს ასვლა და ფლანგზე მეტობაც შექმნეს, მაგრამ აფრასიძის გადაცემა ვაიხმა ჩაჭრა და მეორედ დაგვამწუხრა - 17:14.
მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ვესთერნ პროვინსმა’ შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეგვიტია და ალამთან ლელო დაამიწა, რითაც სამმატჩიან სერიაში პირველად დაწინაურდა. პარალელურად ტრავმა მიიღო დავით მოძღვრიშვილმა აფრასიძემ მგეზავად გადაინაცვლა. 52-ე წუთზე საქმეში კვლავ მოლი ჩაერთო და ლიდერობა დავიბრუნეთ: დაახლოებით 15 მეტრის მოგების წინ სტუმრებმა ის კარის წინ 8-10 მეტრში ჩააქციეს, ლევან პაპიძემ შეუტია, გოგიჩაშვილს კარგი ოფლოუდი ამოუგდო და ის უკვე ვეღარავინ გააჩერა. აფრასიძის გარდასახვა ზუსტი იყო - 24:19.
5 წუთში იგივეს გამეორება ვერ მოხერხდა, სამაგიეროდ ბურთი ხაზზე გავიდა, თითქოს მანძილი დაიკარგა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა გიორგი გოგოლაძემ ცარიელ სივრცეში ბურთი ფეხით შეიცურა, თავადვე აიტაცა და დაამიწა, ხოლო აფრასიძემ გარდასახა. 62-ე წუთზე რეფმა აფრასიძე სახიფათო ბოჭვისთვის წითელი ბარათით გააძევა და მოედანზე 14 კაცის ამარა დავრჩით. ‘ვესთერნ პროვინსმა’ მეტობის გამოყენება სცადა და ბურთი ფლანგზე გაშალა, მიმინოშვილმა გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე 80 მეტრი ირბინა. გოგოლაძემ გარდასახა - 38:19 და მეტოქე საბოლოოდ გატყდა.
დასკვნით წუთებში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კიდევ 4 ლელო დადეს. 69-ე წუთზე ხელდახელ შეტევა ალამთან კობა ჯიმშელეიშვილმა დააგვირგვინა; აფრიკელები ფეხით თამაშისას შეცდნენ და ბურთი ილია სპანდერაშვილმა დაამიწა; მიმინოშვილმა კიდევ ერთი კარგი შეტევის შემდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა; ხოლო ბოლო წერტილი საბა სვიმონიშვილმა დასვა, რომელიც ფლანგზე მაღალ სიჩქარეზე გაიქცა და ორ მცველს შორის ლამაზი ფინტით გაძვრა. გოგოლაძემ ამ 4-იდან 3 გარდასახა - 64:19.
"დღეს გუნდური თამაში ვაჩვენეთ. პირველი ორი შეხვედრის შემდეგ კარგად შევიკარით და მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს მომზადებულები ვხვდებით. შეცდომები მესამე მატჩშიც გვქონდა, თუმცა ხარისხით კმაყოფილი ვარ. დარჩენილ დროს ზემოთნახსენები შეცდომების გამოსწორებას დავუთმობთ და მერე მსოფლიოს ჩემპიონატის დროც მოვა“ - თქვა ნამატჩევს გუნდის კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა.
მესამე თამაშით კმაყოფილი იყო უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელი ლადო კილასონიაც: “ამ სამი თამაშით კარგი გამოცდილება მივიღეთ. განსაკუთრებით მესამე მატჩი გამოგვადგა, სადაც შერკინებაში მიწოლა გავაუქმეთ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ძლიერი მხარე მხოლოდ შერკინება კი არა, გაშლილი თამაშიცაა, თუმცა რა თქმა უნდა შერკინება ერთ-ერთ მთავარ კოზირად რჩება.
“მესიამოვნა, რომ თამაშის პირველმა ნახევარმა დიდ ბრძოლაში ჩაიარა. როდესაც ჩამოვრჩით, გუნდში დისციპლინა შენარჩუნდა, მობილიზება მოავეხერხეთ და საბოლოოდ დიდი სხვაობით ვიმარჯვეთ. მსოფლიოს ჩემპიონატამდე მსაჯებთან შეხვედრები გვექნება და ვიმუშავებთ დისციპლინის გაუმჯობესებაზე. გარდა ამისა, მაქვს იმედი, რომ მსოფლიოზე ასე „მტრულად განწყობილი“ გუნდები არ იქნებიან“.
უმცროსი ბორჯღალოსნები მომდევნო 9 დღის განმავლობაში ისვენებენ, ოღონდ შუალედში ორი დღე მსუბუქი ვარჯიშები იქნება, რის შემდეგაც გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის წინა შეკრებაზე შევა.
საქართველო - ვესთერნ პროვინსი 64:19 (17:14)
6 მაისი | შევარდენი | 1000 მაყურებელი
ხაზი: 15. ლუკა იურინი (ლიონი, საფრანგეთი), 14. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო სარასენსი), 12. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 11. დავით მესხი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. გელა აფრასიძე (ლელო სარასენსი);
შერკინება: 1. უჩა ჭეიშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 2. ლევან პაპიძე (ლელო სარასენსი), 3. გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი), 4. ბექა საღინაძე (ლელო სარასენსი), 5. ლაშა ჯაიანი (ექსეთერ), 6. ილია სპანდერაშვილი (არმია, კაპ.), 7. სანდრო მამამთავრიშვილი (თი ბი ეს უნივერსიტეტი), 8. არსენ მაჩალაძე (აია);
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (ლელო სარასენსი), 17. გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), 18. რევაზ დუგლაძე (ლელო სარასენსი), 19. კობა ჯიმშელეიშვილი (ჯიქი), 20. გიორგი ნუცუბიძე (აია), 21. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 22. გიორგი გოგოლაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 23. აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი), 24. საბა სვიმონიშვილი (შარქსის აკადემია, სახმრეთ აფრიკა), 25. თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა).
10 ლელო: საღინაძი, ლ. პაპიძე, მიმინოშვილი (3, 6, 9), გოგიჩაიშვილი, გოგოლაძე, ჯიმშელეიშვილი, სპანდერაშვილი, სვიმონიშვილი
7 გარდასახვა: აფრასიძე (3), გოგოლაძე (4)
2 გაძევება: საღინაძე, აფრასიძე
შეკრებაზე არიან: ლაშა ტაბიძე (ბორდო), გურამ პაპიძე (ლიონი, საფრანგეთი), ლევან ჭავჭავაძე (არმია), პეტრე ჯინჭარაძე (აია), გიგა გრიგალაშვილი (ლელო სარასენსი), თორნიკე აქუბარდია (ხარები), გელა მახარაშვილი (აკადემია), ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), შოთა არეშიძე (აია); ალექსანდრე ნახუცრიშვილი (არმია), თედო აბჟანდაძე (აია), ბექა მამუკაშვილი (ლელო სარასენსი), მირიან მოდებაძე (აია), გიორგი კვესელაძე (ლელო სარასენსი), სანდრო სვანიძე (არმაზი), ოთარ ძაგნიძე (აია).
სამწვრთნელო შტაბი:
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე; მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურა ამონაშვილი; მაწრთობები: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი; ფიზიო: ირაკლი შაორშიძე; ექიმები: რომან სახოკია, ლადო ჭელიძე; ვიდეო ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი; მენეჯერი: ოთარ იაშვილი
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თამაშს ვუყურე და თუ სთორმერზი მომავალში ამ თაობის იმედად იქნა ვერ წაუვათ კარგად საქმე. ნამდვილად შეიძლება იმის თქმა რომ ვერაფერი შვილი გუნდი ჩანდა ჩვენი მეტოქე.
ჩვენების თამაშში ყველაზე კარგი რაც იყო წინა წელთან შედარებით ეს იყო დერეფანი, მარტო ჩვენებს კი არა მეტოქის დერეფნებსაც ვიგებდით. ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი ღია თამაშში ჩვენმა პირველმა ხაზმა, პაპიძე განსაკუთრებით მომეწონა.
ცუდი რაც იყო ეს იყო ჩხუბი, განსაკუთრებით სპანდერაშვილის მხრიდან. კაპიტანი უფრო დინჯად უნდა იქცეოდეს. ქართველი მსაჯი მსოფლიოზე არ გვეყოლება
ამ ბიჭების იმედი მაქვს, ასაკობრივ დონეზე 6 ერის უნდებიდან ბევრს ვჯობივართ და იმედია ასე იქნება ძირიად ნაკრებშიც.
შერკინების აკრძალვა ჩემი აზრით მაგრად ამახინჯებს რაგბს. ნუ აქ გასაგებია თავიდანვე რო ასე იყო შეთანხმებული, მაგრამ პირველხაზელების დაშავების შემთხვევაშიც როდესაც არ არის სამივე პირველხაზელი მაშინ რო არ არის მიწოლა ეგეც აფუჭებს ხოლმე თამაშს და ხშირად მიმართავენ ხოლმე ამ ხრიკს
გაიხარეთ ბიჭებო ! ! !
დარჩენილ დროში მჯერა თავს არ დაზოგავთ და სრულ მზადყოფნობაში შეხვდებით მოწინააღმდეგებს.
გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !
წარმატებებს ვუსურვებ
ეს ყველაფერი კარგია, ბიჭებს ვულოცავ დს წარმატებას ვუსურვებ, ოღონდ ერთი ეს გამაგებინეთ, მსოფლიოზე ჩვენს მომავალ მოწინააღმდეგებთან მიმართებაში ვესტერნ პროვინსის ეს გუნდი რამდენად სუსტია?
ამ ახალგაზრდულ შემადგენლობაზე ვერაფერს ვიტყვი მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ვესტერნ პროვინსის ძირითადი ნაკრების ბირთვი სუპერ რაგბიში სთორმერზის ფრანჩიზის შემადგენლობაში თამაშობს, არც მათი ახალგაზრდული უნდა იყოს ხელწამოსაკრავი.