მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების პარალელურად, შევარდენზე აქტიურად მიმდინარეობს რაგბში ჩართული სამედიცინო პერსონალის გადამზადება.
‘მსოფლიო რაგბი’ მოთამაშეთა კეთილდღეობას პრიორიტეტულად მიიჩნევს და თამაშებისა და ტურნირების განრიგი ამ პირობის სრული დაცვით დგება. მოთამაშეთა კეთილდღეობას უდიდესი ყურადღება ეთმობა უშუალოდ თამაშების მსვლელობისას და ბოლო რამდენიმე თვეა ამ მიმართულებით ქართული რაგბიც ვითარდება.
საქართველოში უკვე ჩატარდა ‘მსოფლიო რაგბის’ სამედიცინო გადამზადების პირველი და მეორე დონის სემინარები, გაიცა სერთიფიკატები და შეიკრა სამედიცინო თუ დამხმარე პერსონალის ჯგუფები, რომლებიც 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს მოემსახურებიან.
ამჟამად ცნობილი ბრენდის, ‘ფიზიო ჰოლანდის’ წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებსა და საქართველოს რაგბის აკადემიის სივრცეში დასაქმებულ ექიმებს სახსრების ტრავმების დიაგნოსტიკისა და სტრაპის სწორად დახვევის კურსებს უტარებენ.
“მოთამაშეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩვენი ვალია და გრძელდება სამედიცინო პერსონალის სხვადასხვა მიმართულებით გადამზადება. ‘მსოფლიო რაგბის’ პირველი და მეორე დონის სამედიცინო გადამზადების შემდეგ, გვქონდა მასაჟის სემინარი, ახლა კი, გვაქვს სახსრების ტრავმის და მათი სწორედ გადახვევის სემინარები.
“ჩამოვიყვანეთ საკმაოდ ცნობილი ბრენდის, ‘ფიზიო ჰოლანდის’ წამყვანი სპეციალისტები. ეს კომპანია სარეაბილიტაციო პროგრამებითაა ცნობილი და 100-ზე მეტი ფილიალი აქვთ გახსნილი. ჩამოყვანილი გვყავს მუხლისა და კოჭის სპეციალისტი ჰილკე ჰოფმანსი და დევიდ შერმანი, რომელიც თავად იყო მორაგბე და რაგბთან დაკავშირებულ ტრავმებზე სპეციალიზირებული.
“3-დღიან სემინარს 22 სპეციალისტი გადის, რომელთა ნაწილი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს მოემსახურება. ეს კურსები საქართველოში სპორტული მედიცინის განვითარებას, სპორტული სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას და მოთამაშეთა კეთილდღეობას უზრუნველყოფს“ - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის პროგრამის კოორდინატორმა ნოდარ ანდღულაძემ.
მთლიანი კურსი რამდენიმე მთავარ ეტაპად იყოფა. მსმენელები გაივლიან კოჭის, მუხლის, იდაყვის, მხრის, ბარძაყის, მაჯის სახსრების ანატომიას; შეისწავლიან უმოკლეს დროში სახსრების ტრავმის ტესტირებას და დაზიანების ხარისხის დიაგნოსტიკას; დაზიანებული სახსრების სტრაპით შეხვევას; რისკ-ფაქტორების განსაზრღვრას და გადაწყვეტილების მიღებას - უნდა გააგრძელოს თუ არა თამაში დაშავებულმა მორაგბემ; პრევენციული ზომების მიღებას და პოსტრავმულ რეაბილიტაციას.
მოთამაშეთა კეთილდღეობის დონის ასამაღლებლად მოწვეული ჰოლანდიელი სპეციალისტი ჰილკე ჰოფმანსი გვიყვება:
“საქართველოში რაგბის კავშირის მოწვევით ვიმყოფებით და მსმენელებს ტრავმის მენეჯმენტს და უმოკლეს დროში გადაწყვეტილებების მიღებას ვასწავლით. ყველა კიდურსა და სახსარზე ცალ-ცალკე ვმუშაობთ, მსმენელებს გადავცემთ ცოდნას, რომელიც მოედანზე დაეხმარებათ. მოთამაშეთა კეთილდღეობა პრიორიტეტია და მათ უნდა შეეძლოთ დიაგნოზის დასმა, დაზიანებული სახსრების გადახვევა. ჩვენს კონტიგენტს სხვადასხვა დონის სამედიცინო ცოდნა აქვთ, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, თუმცა ყველა ერთნაირადაა მოტივირებული. ისინი ცდილობენ ინფორმაცია მაქსიმალურად აითვისონ და დარწმუნებული ვარ, ეს 3-დღიანი კურსი დიდი შედეგის მომტანი იქნება“.
ყოფილი მორაგბე, წარმოშობით ამერიკელი დევიდ შერმანი წლებია ჰოლანდიაში მოღვაწეობს. მას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ტრავმების სირთულე, მათი არასწორად მკურნალობის შედეგები და საქმეს პროფესიონალურად უდგება:
“მსურდა რაგბში დავრჩენილიყავი, დიდ გუნდებთან ერთად მემუშავა და ფიზიო-თერაპევტი ამის გამო გავხდი. ჰოლანდიის გარდა მიმუშავია ესპანეთში, ამსტერდამის, დუბაის, ჰონკონგის 7-კაცებზე, სხვადასხვა დიდ თუ პატარა ტურნირებზე. მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ტრავმების სირთულე. ჩემს დროს ასეთი სამედიცინო მომსახურება რომ ყოფილიყო, რაგბს უფრო დიდხანს ვითამაშებდი. 45 წლის ვარ თავს ისე ვგრძნობ, როგორც 65 წლის კაცი, რაც არასწორი მკურნალობის შედეგია.
“სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მოედანზე გასულ ექიმს შესაბამისი განათლება ჰქონდეს და ჩვენ ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებთ, ამ განათლების მიღებაში ვეხმარებით. მნიშვნელოვანია, რომ გვყავდეს ჯანმრთელი მოთამაშეები, რათა მათი კარიერა ხანგრძლივი იყოს და სპორტული ცხოვრების დასრულებიის შემდეგაც თავს ჯანმრთელად გრძნობდნენ“.
მსმენელთა შორის არიან ის ადამიანები, რომლებმაც ‘მსოფლიო რაგბის’ პირველი და მეორე დონის სემინარი გაიარეს და შესაბამისი სერთიფიკატები მიიღეს. ახლა ისინი საკუთარ ცოდნას კონკრეტული მიმართულებებით აღრმავებენ და აქტიურად არიან ჩართული სწავლების პროცესში.
“ვსწავლობთ სახსრების დაფიქსირებას ისე, რომ მოთამაშეს დისკომფორტი არ შევუქმნათ, მათ უნარების გამოყენებაში ხელი არ შეეშალოთ. გარდა ამისა გვასწავლიან დაზიანებების ხარისხის განსაზრღვრას. რაღაც დონეზე ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ განვითარება მინდა და პროგრამაში დიდი სიხარულით ჩავერთე. გავიარეთ თეორიული მეცადინეობა, ახლა კი, მუხლისა და კოჭის დაფიქსირებას პრაქტიკულად ვისწავლით. ხვალ ზედა კიდურებს შევისწავლით. ყველა სახსარზე დეტალურ ინფორმაციას ვიღებთ, თარგმანიც ძალიან კარგია და ამ კურსებით ძალიან კმაყოფილი ვარ“ - გვითხრა ერთ-ერთმა მსმენელმა ლევან ცინცაძემ.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1
კარგია.