პირველი თაობის „ბორჯღალოსანთა“ ერთ-ერთი ლიდერის, გია რაფავას ვაჟი ველ რაფავა-რასკინი 6-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ავივა პრემიერშიპის 21-ე ტურში, ქართული წარმომავლობის ინგლისელმა ბურჯმა მისი „ვუსტერისა“ და „ნიუკასლის“ შეხვედრის მსვლელობისას რეფერი გრეგ გარნერს ხელი ჰკრა, თანაც განზრახ.
ადგილობრივმა სადისციპლინო კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ 24 წლის მორაგბე თამაშს 6 კვირით იქნება ჩამოცილებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ველმა, იგივე ვალერიმ, „მეომრებში“ თავისი ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა, რადგან პირველობის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა, ხოლო მომავალი სეზონიდან რაფავა-რასკინი „გლოსტერის“ ღირსებას დაიცავს.
დისციპლინართა სხდომას, რომელიც გუშინ ბრისტოლში გაიმართა, თავად რაფავა-რასკინიც დაესწრო. ველმა აღიარა, რომ რეფერის ხელი განზრახ ჰკრა და ინგლისრური სარაგბო კანონების შესაბამისადაც დაისაჯა. ისე გამოვიდა, რომ 6-კვირიანი დისკვალიფიკაცია 4 თვე გაგრძელდება - უახლოესი ოფიციალური მატჩი, რომელშიც ველს თამაშის უფლება ექნება, მხოლოდ 4 სექტემბერს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია