სიახლეები

10:26 | 4.05.2017 | ნანახია 9522 - ჯერ

დიდი მადლობა, კაპიტანო

ბორჯღალოსანთა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის.

მან ეს რთული გადაწყვეტილება ერთწლიანი ფიქრის შემდეგ მიიღო:

“ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვაპირებდი, თუმცა მთხოვეს და დავრჩი. მაგრამ მას შემდეგ სულ ამ საკითხზე ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე! არაერთხელ მითქვამს: მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი და ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა.

“უკვე 33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფლიო თასის დროს 35-ს ვიქნები გადაცილებული. ვამჩნევ, რომ ასაკში ვარ და წლების მატებასთან ერთად დაღლილობა კი არ დაიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს. მირჩევდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია! კაპიტანი სულ გუნდთან ერთად უნდა იყოს, მის პულსზე უნდა ედოს ხელი, სხვა შემთხვევაში კაპიტანი ვერ იქნები.

“ჯანი, სურვილი და ჟინი არ მომკლებია, მაგრამ ასეთ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ. რომ ყოფილიყო შესაძლებელი, არჩევანს ნაკრებზე შევაჩერებდი, მაგრამ უთამაშებელი ნაკრებს ვერაფერში გამოვადგები, მხოლოდ ნაკრებში ვერ ვითამაშებ.

“ნაკრებს დავაკლდები, მაგრამ შეუცვლელი არავინაა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს მესამე ხაზში მართლა ძალიან მაგარი ბიჭები ყავს და კარგი შევსება მოდის. გადავწყვიტე წასვლის შესახებ მსოფლიო თასამდე 2 წლით ადრე გამეცხადებინა, რადგან გუნდი მზადებას იწყებს და მწვრთნელებს ხელი არ შეეშალოთ. ყველაზე მეტად მე მწყდება გული, თუმცა ჯობია დროულად წახვიდე და გულშემატკივარმაც კარგად გაგიხსენოს“ - თქვა მამუკა გორგოძემ.

4-ჯერ საუკეთესო მსოფლიო თასზე

გორგოძემ ბორჯღალოსნების კვართი პირველად 2003 წლის 22 თებერვალს, ესპანეთის წინააღმდეგ მოირგო და მას შემდეგ გუნდისთვის შეუცვლელ ლიდერად იქცა.

მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო თასზე - 2007, 2011 და 2015 - და 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე: 2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან, 2015 წელს ტონგასთან და ახალ ზელანდიასთან. 2015 წლის მსოფლიო თასზე ის ბორჯღალოსნების კაპიტანი იყო და საქართველომ ისტორიულ შედეგს მიაღწია - ორი თამაშის მოგებით (ტონგასთან და ნამიბიასთან) ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ნაადრევად მოიპოვა.

“ნაკრებში პირველად 2003 წელს, ესპანეთის წინააღმდეგ ვითამაშე. შეცვლაზე 10 წუთით შევედი, ამ პერიოდში ბურთიც მივიღე და რაღაცეები კარგად გამომივიდა. მას შემდეგ ბორჯღალოსნების კვართით არაერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩავატარე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები 2015 წლის მსოფლიო თასზე გვქონდა.

“მოგება ისე არასდროს გამხარებია, როგორც ტონგასთან ბოლო მსოფლიო თასისას. კარიერის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი თამაში მოგვიგია, მაგრამ ეს მაინც გამორჩეული იყო. ასევე ძალიან მაგარი იყო ახალ ზელანდიასთან შეხვედრა. მსოფლიოს ჩემპიონი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი სტადიონი ‘მილენიუმი’ და მე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.

“ძალიან მაგრად მახსოვს და არასდროს დამავიწყდება საქართველოში, გადაჭედილ ‘დინამოზე’ ჩატარებული თამაშები, განსაკუთრებით კი, წელს რუსეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განათებული ტრიბუნები. საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში, ‘ნოუ კამპზე’ 93 ათასი მაყურებელი იყო, მაგრამ იქაც არ იყო ისეთი ატმოსფერო, როგორც ჩვენთან 54-ათასიან დინამოზე“

ნაკრებიდან დამარცხებული არ წავალ!

გორგოძემ რაგბის თამაში 2000 წელს, 16 წლის ასაკში ‘ლელოში’ დაიწყო და 2004 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2005 წლიდან 2014 წლამდე ის ტოპ 14-ის ‘მონპელიეს’ ღირსებას იცავდა და სწორედ იქ თამაშისას გაითქვა სახელი. გავიდა ტოპ 14-ის ფინალში, 2010/2011 წლებში დაასახელეს ტოპ 14-ის საუკეთესო ლეგიონერად, 2012/2013 წლების სეზონში, აღიარეს ტოპ 14-ისა და ‘ჰაინეკენის თასის’ (ამჟამად ჩემპიონთა თასი) იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ.

2014 წლიდან ‘ტულონში’ გადავიდა და გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში ‘რასინგს’ 93-ათასი მაყურებლის წინაშე ლელო დაუდო, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა და გორგოძე ჯერჯერობით ფრანგული ოქროს გარეშეა.

ბორჯღალოსნების კვართით 71 ტესტი აქვს ჩატარებული, აქედან 13 კაპიტნის რანგში და საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვეა (26 ლელო). ის 6-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო მორაგბე (2008, 2009, 2011, 2013, 2015 და 2016 წლები), 2011 წელს კი, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

მამუკამ ნაკრების კვართით ბოლო თამაში წელს მარტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ბუქარესტში რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარა, კოჭი და მუხლი დაიზიანა და მოედანს ახლახანს დაუბრუნდა. ის თამაში რუმინეთმა 8:7 მოიგო და ამან გორგოძე ნაკრებში კიდევ ერთი თამაშის ჩატარებაზე დააფიქრა:

“არ მინდოდა გამოსათხოვარი მატჩი მეთამაშა. ძალიან ბევრი დიდი მორაგბე ისე წავიდა ჩვენი ნაკრებიდან, რომ გამოსათხოვარი მატჩი არ ქონია და მეც ჩვეულებრივ წავიდოდი. მაგრამ არ მინდა წაგებული წავიდე. რუმინეთთან რომ მოგვეგო, ასე არ ვიფიქრებდი, ახლა კი, საქართველოში ერთ თამაშს აუცილებლად ვითამაშებ!“

ერთად გავიზარდეთ

ზემოთნახსენები ტიტულების გარდა, მამუკა გორგოძე გულშემატკივრების გამოკითხვისას არაერთხელ დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. ბორჯღალოსნების კაპიტანი ქომაგის სიყვარულს ყოველთვის გრძნობდა და მათ მიმართ თავადაც მუდამ განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა:

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, იმ თანადგომისთვის, სიყვარულისთვის, რასაც მთელი კარიერის განმავლობაში ვგრძნობდი. ბევრი დიდი სარაგბო ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ისეთი გულშემატკივრით, როგორიც ჩვენ გვყავს. განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ქომაგები მუდამ გვამხნევებდნენ და რაგბი ხელში ყავთ აყვანილი.

“პირველივე დღიდან მახსოვს მათი თანადგომა. საქართველოს ნაკრები და მისი ქომაგები ფაქტობრივად ერთად ვიზრდებოდით. როგორც ჩვენ მივიწევდით წინ, ისე მატულობდა ტრიბუნაზე გულშემატკივარი და რაც მთავარია, იზრდებოდა მათი სარაგბო განათლება. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გულშემატკივრები ნამდვილი პროფესიონალები არიან და მინდა მათ უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, რასაც პირადად მე და ნაკრების თითოეული წევრი ყოველთვის გრძნობდა“.

ახალი თაობა უფრო მეტს მიაღწევს

იმ 14 წლის განმავლობაში, რაც მამუკა გორგოძემ ნაკრებში გაატარა, ბორჯღალოსნებმა არაერთი მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს და ქართულ რაგბს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვეს სახელი. თუ ადრე პორტუგალიასა და ესპანეთთან გვიწევდა ჭიდილი და ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ პირველი დონის გუნდებს მსოფლიო თასს მიღმა შევხდებოდით, ახლა სიტუაცია შეცვლილია და საუკეთესოებთან წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ტესტ-მატჩები გვაქვს.

გორგოძე დარწმუნებულია, რომ მომდევნო წლებში ეს წინსვლა გაგრძელდება და ამის იმედს ის თაობა იძლევა, რომელმაც ბორჯღალოსნების რიგები უნდა შეავსოს:

“იმ 14 წლის განმავლობაში, რაც ნაკრებში გავატარე, ჩვენი გუნდი ძალიან წინ წავიდა. ადრე ვერც კი წარმოვიდგენდით ასეთი თამაშები თუ გვექნებოდა. საშუალო დონის გუნდების წინააღმდეგაც კი, ერთგვარი რიდით გავდიოდით, დაძაბულები ვიყავით, არ გვინდოდა შევრცხვენილიყავით. ახლა ასე აღარაა და დიდ გუნდებსაც თამამად ვეთამაშებით, შიში აღარ გვაქვს. შესაძლოა მათთან მოგებას ჯერ ვერ ვახერხებთ, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ შანსი გვექნება და რაღაცას მაინც ვატკენთ.

“მაგრამ ახლა ძალიან ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ. ძალიან ბევრი საგარეო მტერი გვყავს, რომლებსაც ჩვენი ადგილის დაკავება უნდა და მაქსიმალურად ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ. ჩვენი მიზანი მიღწეულის შენარჩუნება და ნელ-ნელა წინსვლა უნდა იყოს, რადგან დიდ ნახტომს აუცილებლად ვარდნა მოყვება. სადაც ვართ იმ ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს, რადგან ძალიან მაგარი ბიჭები მოდიან და მათ უფრო მეტის მიღწევაც შეუძლიათ.

მაქვს ერთი სურვილი - ვნახო საქართველო ექვსი ერის ღირსეულ წევრად და მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ, პლეი ოფში გავიდეთ. მჯერა, ჩვენი მომავალი თაობა ამას მოახერხებს“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (28)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:31 | 05.05.2017
beeq777 (35)

ამ კაცმა ყველა პოლიტიკოსზე და საზოგადო მოღვაწეზე შორს გაიტანა და ასახელა თავისი ქვეყნის სახელი. მან შექმნა და გააცოცხლა ქართევლი კაცის და მებრძოლის დაუმარცხებლობის, გამძლეობის, პატრიოტობის და შეუპოვრობის სახელი. არმეგულება დღეს არცერთი მორაგბე და რაგბის გულშემატკივარი "მსოფლიოს მაშტაბით" , თუნდაც ოდნავ ჩახედული ადამიანი ვინც მისი სახელი და გვარი არიცის და მისი წარმომავლობა. დიდი მადლობა კაპიტანო ყველაფრისთვის რაც გაგიკეტებია, რა ბედნიერების და სიამაყიც გრძნობაც გიჩუქებია და შენი შემხედვარე ბევრს გაგვხსენებია ის წინაპრები ვინც აქამდე მოიყვანა ეს ქვეყანა თავისი შეუპოვრობით, ბრძოლით, სამშობლოს სიყვარულით, ჟინით და თავდადებით. შენ ამ ყველაფრის მაგალითი ხარ და იქნები. ქედს ვიხრი შენს წინაშე.

23:05 | 04.05.2017
ogafa (407)

დიდი მადლობა დიდი მადლობა წარმატებები

20:32 | 04.05.2017
NIKA..01 (335)

თვალზე ცრემლი მომადგა,როდესაც გავიგე მამუკას ნაკრებიდან წასვლის შესახებ.წარმოვიდგინე საქართველოს ნაკრები მის გარეშე და რაღაცნაირი სიცარიელის გრძნობა გამიჩნდა.იმედია გამოჩნდება ის,ვინც შეძლებს იმ დიდი სიცარიელის შევსებას რაც მამუკას წასვლით დარჩება.შეიძლება პროფესიული თვალსაზრისით არის მამუკას ამ გადაწყვეტილებაში გასაგები და გასათვალისწინებელი არგუმენტები,თუმცა გულშემატკივრის პოზიციიდან ძალიან დამწყდა გული.წარმატებები კაპიტანო!ნაკრებიდან მიდიხარ,მაგრამ ჩვენი,ქართული რაგბის გულშემატკივართა გულებში მუდამ იქნები.....

19:47 | 04.05.2017
giogobi (68)

მამუკა, როგორი ღირსეული კაციც ხარ, ისე ღირსეულად წახვედი. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. შენი წასვლა, იმედი მაქვს, ახალი აღმავლობის დასაწყისი იქნება, როგორც ლეონსიოს წასვლისას მოხდა. დიდი მადლობა

19:40 | 04.05.2017
BEERTRANCE (1073)

1ად1 ამას გთხოვ მამუკა, რაც უნდა მოხდეს, რაც არ უნდა იფიქრო, რაც არ უნდა გინდოდეს კარგი საქმის კეთება არ გაიფიქრო პოლიტიკაში მოსვლა.

23:32 | 04.05.2017
ოვალური კორბენი (276)

აბაა DDDDDDDDD
სპორტალზე შევედი და უამრავი კომენტარია ამ თემაზე. ერთმა დააბრეხვა გორგოძე თბილისის მერადო და აიტაცეს ეგრევე DDDDDDDD
ამ ხალხს რა ეშველება არ ვიცი რა... თბილისის მერად არა დეზერტირების ბაზრის დირექტორად კიდე DDDDDDDDDD

11:52 | 05.05.2017
BEERTRANCE (1073)

სწორედ მაგის იმედი მაქვს რო მამუკას ეყოფა გონიერება ამ სიბინძურეს არ გაეკაროს.

22:38 | 04.05.2017
miriani (151)

ღმერთმა დეიფაროს გიგუშ....ეგ ჩათვალე ყველაფერ იმაზე რისთვისაც მამუკა გვიყვარდა დიიიიიდი ხაზის გადასმა იქნება!

22:05 | 04.05.2017
miriani (151)

ღმერთმა დეიფაროს გიგუშ....ეგ ჩათვალე ყველაფერ იმაზე რისთვისაც მამუკა გვიყვარდა დიიიიიდი ხაზის გადასმა იქნება!

16:27 | 04.05.2017
პანტელეიმონი (1218)

ჩვენო მამუკა, არასოდეს თქვა, არასოდეს!

კი, გვესმის შენი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ უპრინციპულეს, საეტაპო თამაშებში საქართველოსთვის, გნახავთ არა მარტო შენ არამედ ზირაქასაც. ამიტომ გულშემატკივარი თანახმა ვართ მხოლოდ კაპიტნობიდან გაგაცილოთ. სანამ მაღალ დონეზე თამაშობენ კლუბებში ვერ წარმომიდგენია მაგალითად იტალიასთან ტესტ მატჩი დაინიშნოს, იტალიის შემადგენლობაში სერჯიო პარისემ და მარტინ კასტროჯოვანიმ ითამაშოს, მამუკამ და დავითმა კი არა.

დიდი მადლობა ყველაფრისთვის კაპიტანო ! ! !

15:26 | 04.05.2017
BEERTRANCE (1073)

ჩემთვისაც ნამეტანი მოულოდნელი იყო, ნუ რას ვიზამთ, რა არგუმენტებიც ჩამოთვალა უნდა გავუგოთ. თამასა აწეულია და არ უნდა კაცს რო თამასა ჩამოწეული დაემშვიდობოს ქომაგებს. მით უმეტეს რო ნოემრბის ტესტებზეც და რუმინეთთან თამაშშიც ეტყობოდა რო ბრძოლობდა მარა ახალ სისტემასთან გადაწყობა უჭირდა.

უნდა გავუგოთ და მადლობა რაც ჩვენთვის გააკეთა. თუმცა ვთვლი რომ არაფერი არ უჭირს თუ 1-1 შიდა თამაშზე თუნდაც 5 წუთიც გამოჩნდეს და ქომაგებს პირდაპირ სტადიონიდან დაგვემშვიდობოს.

16:10 | 04.05.2017
GiorgiG83 (525)

მით უმეტეს რო ნოემრბის ტესტებზეც და რუმინეთთან თამაშშიც ეტყობოდა რო ბრძოლობდა მარა ახალ სისტემასთან გადაწყობა უჭირდა.

))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
ექსპერტული შეფასებაა

16:16 | 04.05.2017
BEERTRANCE (1073)

რავი ჩემზე უკეთ თუ შეგიძლია თქმა გამოხატე, უბრალოდ აი მომეჩვენა რო სწრაფად ვერ მიყვებოდა ხოლმე ხაზს მარა სტატიკაში კი ბრძოლობდა.

11:37 | 05.05.2017
GiorgiG83 (525)

ვეცდები

ახალი ტაქტიკა ახსენე და რას გულისხმობს ახალი ტაქტიკა ჯერ ეგ გეთქვა... (მილტონმა ახსნა) შეტევის გაშლისას ბურთს არა სიღრმეში არამედ სიბრტყეზე ვშლიდითო ანუ ადგილზე კაცზე პასი ხაზის გასაჭრელად რადგან ამ დროს შესაძლო ღრიჭო მოწინააღმდეგის დაცვაში პოტენციურად მეტი ჩნდება, მარგამ ამ დეტალს უნდა შესრულება 9 და 10 მა უნდა გაშალოს ბურთი სწრაფად და იდეალური პასებით და ამის მერე უნდა მოსთხოვო ბურთის მიმღებს მილტონის დავალების შესრულება
გაიხსენე რა ფორმაში იყო ვასკა და ქოქოსა
და თუ თვლი რომ რაიმე ტაქტიკაში მამუკა არ/ვერ ჯდება მაშინ ჩამოთვალე ვინ ჯდება
მითუმეტეს იმ ფონზე რომ ნომინალური მეორე ხაზელის შეცვლის არყოლისას მესამე ხაზელი მამუკა გადაგვყავდა მეორე ხაზში - სხვადასხვაა
ნემსო დაიმტვრა, შემოვიდა ლაშა მე-2 ხაზში ვერ "გაქაჩა" და ადგილი გაუცვალა მამუკას - ახლა შენ გინდა რომ მამუკა მე-2 ხაზშიც, მე-3 ხაზშიც, დაცვაშიც და შეტევაშიც ფორამში არ მყოფი ვასკა და ქოქოსას ფონზე ქურციკივით ჭრიდეს ხაზს? - ფლანკრერი ან მეორე ხაზელი არაა ბექი ხაზი გიჭრას (ისე როგორც შენ დახატე)


16:25 | 04.05.2017
ika13 (34)

მეც არ მინდოდა ამის ხმამაღლა თქმა, მაგრამ მეც ასე მომეჩვენა, რომ ბოლოს გორგოზილას უჭირდა ცოტა. ბრძოლა და რამე არა. ახალი ტაქტიკისთვის მორგება. მე მგონი ამაზე ბევრი მანაც იფიქრა და ამანაც მიაღებინა ეს გადაწყვეტილება. ისე ჯობია 2019 მდე ახალი მოთამაშე მომზადდეს. ახალგაზრდა თაობა ძალიან მომწონს....

15:08 | 04.05.2017
Torres9 (48)

რომ გავიგე ცრემლები წამომივიდა უნამუსო ვიყო ((((((((((

14:53 | 04.05.2017
qomagi (248)

არ ვიცი რა ვთქვა. ტელევიზიით მოვისმინე და ვიფიქრე რას ამბობენ მეთქი. აქაც წავიკითხე და ნამდვილი შოკი არის ჩემთვის. ალბათ, როგორც ყველა, მეც ვფიქრობდი რომ დიდი კაპიტანი 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ წავიდოდა ნაკრებიდან, მაგრამ მან ასე ისურვა და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.
ამაყი ვარ, რომ ჩვენისთანა პატარა ერს მსოფლიო დონის ვარსკვლავი და ლეგენდა - მამუკა გორგოძე ჰყავს!!! წარმატებები დიდო კაპიტანო, დიდო ქართველო ადამიანო!!!

14:19 | 04.05.2017
dede (87)

გორგოძილაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

13:50 | 04.05.2017
Kala94 (151)

დიდი მადლობა მამუკა ! ყველა გულშემატკივრისთვის მძიმე და მოულოდნელი იყო, თუმცა შენ ყველაზე კარგად იცი რა ის თუ რა ჯობდა ! კიდევ ერთხელ მადლობა და წარმატებები ყველაფერში !

13:08 | 04.05.2017
miriani (151)

და ეს დღეც დადგა... დიდი კაცის დიადი ეპოქაც დასრულდა ნაკრებში... რა თქმა უნდა მოულოდნელი და ყელში ბურთის გამჩრელი ამბავია, მაგრამ მე მესმის მამუკას... ყველა დიდი პერსონა ცდილობს ისე წავიდეს რომ ისეთივე ლაღი და დაუმარცხებელი დარჩეს ფანების მეხსიერებაში როგორც ზეობის პიკში იყო... მე იგივე გრძნობა მქონდა ზირაქას შემთხვევაში... დიდი კაცები ასე მიდიან...მიდიან და წარუშლელ კვალს ტოვებენ....
მადლობა ყველაფრისთვის მამუკა...დიდო კაცო... დიდო ადამიანო...დიდო ქართველო....ჩვენო კაპიტანო! ძალიან დაგვაკლდები და სულ ჩვენ გულში იქნები!!!

13:01 | 04.05.2017
temuchin (431)

ვაჟკაცი კაცის გადაწყვეტილება. გული ჩამწყდა რასაც ჰქვია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო. ეს დიდი ეპოქაც დასრულდა და მე ყოველთვის სიამოვნებით გავიხსენებ რომ ცოცხლად მინახავს მსოფლიო რაგბის ლეგენდის, გორგოძილას დატრიალებული ქარიშხალი მოედანზე!

12:44 | 04.05.2017
UXxUCES (3)

გული მცყდება მამუკ ძალიან გვიმრავლოს შენნაირები შენ მუდამ დიდ კაპიტნად დარჩები ჩვენთვის გმერტი შენკენ და წარმატებები პირად კარიერაში.... და კიდევ ერტი იქნებ ნოემბრის ტესტების მერე წასულიყავი გამარჯვებული........

12:51 | 04.05.2017
muchachino (19)

ნოემბრის ტესტების მერე კი არა, მომავალ წელს რაგბი ევროპას თასზე რუმინეთთან თამაშის შემდეგ

12:33 | 04.05.2017
dinamo222 (692)

არ უნდა წავიდეს ! რას ქვია მესამე ხაზში ძალიან მაგარი ბიჭები გვყავსო რომელი ჯობია მამუკას ? და მეეჭვება უახლოესი 3-4 წელი ვინმემ აჯობოს ! გადაღლას რაც შეეხება წელიწადში 1-2 თამაში მაინც ჩაატაროს ნაკრებში მომავალ მსოფლიომდე და იქაც გაუძღვეს ნაკრებს და მერე კი შეიძლება წასვლაზე ლაპარაკი

12:42 | 04.05.2017
GiorgiG83 (525)

არაო და...
თორემ კი

12:09 | 04.05.2017
david meskhi (30)

დიდი მადლობა მამუკა. გული გვწყდება ძალიან. მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზამთ. თუ შენს გამოცდილებას და გულს სხვა ფორმით ჩადებ ქართულ რაგბში მადლობის მეტი რა გვეთქმის. დიდი მადლობა ძლიერ კაპიტანს და ადამიანს. ყოველთვის დარჩები ჩვენ დიდ კაპიტნად.

12:26 | 04.05.2017
krasni (587)

მადლობა მამუკას ქართული რაგბისთვის გაწეული დიდი სამსახურისთვის. გეთანხმები ძმაო, რომ მისი ვაჟკაცობა, გამოცდილება და ავტორიტეტი აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული.

12:08 | 04.05.2017
muchachino (19)

უდიდესი სინანულით ამ ფაქტისადმი და იმავდროულად მამუკასადმი უზარმაზარი სიყვარულით განწყობილი, მსურს ჩვენს დევკაცს მყარი ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო. მამუკა, შენ დიდი კვალი დატოვე ქართული რაგბის (და მთლიანად სპორტის) ისტორიაში! დღეგრძელი იყავ და ხალხის სიყვარული არასოდეს არ მოგშლოდეს. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს: რახან შენვე ამბობ რომ ნაკრებიდან გამარჯვებულს გსურს წასვლა, ნოემბრის ტესტებზე აუცილებლად უნდა ითამაშო, რადგან ეს იქნება შენს მიერ ქართველი ქომაგისთვის გაღებული ჯილდო

12:04 | 04.05.2017
ika13 (34)

დიდი მადობა, კაპიტანო...
ნამდვილად დიდი ადამიანის გადაწყვეტილებაა. როცა წარმატებას აღწევს ადამიანი დიდია ამ წარმატებით ტკბობის ცდუნება. ამ დროს კარგავს რეალობის შეგრძნებას და ეშმაკიც ზუსტად ამ დროს ძირს დაამარცხებს ხოლმე. ამაში ჩანს ჩვენი კაპიტნის, საამაყო ქართველის დიდი ბუნება. ეს ძნელი, მაგრამ დიადი ნაბიჯია. 2 წელი მისცა საქართველოს და მწვრთნელებს მისი ადგილზე ღირსეულის მოსაძებნად. ალბათ მან ბოლო თამაში რუმინეთთან უნდა გამართოს თბილისში. ეს მისთვის რევანშიც იქნება და გაცილების მატჩიც. თუ ფედერაცია დაფიქრდება ამ თამაშზე დავით ზირაქაშვილსაც მოიწვევს, რადგან მასაც ეკუთვნის გასაცილებელი მატჩი. ისიც მამუკაზე არანაკლებ ღირსეული ადამიანი და მორაგბეა. ეს იქნება სპორტის და ადამიანობის ზეიმი. სხვა ნაკრების წევრებიც გაათკეცებული ძალით შეერკინებიან მოწინააღმდეგეს და რუნინელების ცოდვით იმ დღეს ქვა დაიწვება....
დიდი მადლობა, კაპიტანო....

12:16 | 04.05.2017
ოვალური კორბენი (276)

ჩემი აზრით გაცილების მატჩს ის მუღამი აქვს, რომ იმ ერთს, მთავარს ხვდეს წილად გულშემატკივრის სიყვარული და ემოცია.
ამიტომ ვისაც ეკუთვნის, ყველა ცალ-ცალკე უნდა გავაცილოთ.

12:29 | 04.05.2017
ika13 (34)

ზირაქა რომ წავიდა ეს მაშინვე უნდა ექნა ფედერაციას. თვითონ მამუკამაც თქვა, არ მინდოდა გასაცილებელი მატჩი იმდენი ღირსეული მორაგბე წავიდა ისეო და სწორედ ზირაქას დაძახება ამ მატჩზე კიდევ ერთხელ აღიარებდა იმას, რომ რაგბის თემი გამორჩეულია ქართულ სპორტულ სამყაროში.

12:12 | 04.05.2017
buratino (480)

შესანიშნავი აზრია და რაგბის კავშირს მოვუწოდებ, ეს იდეა მიაწოდონ მამუკას და ზირაქას რათა განიხილონ

12:53 | 04.05.2017
muchachino (19)

მე გთავაზობთ რომ ნოემბრის ტესტებზე ზირაქას მოვუწყოთ გაცილება, ხოლო მომავალ წელს რაგბი ევროპას თასზე რუმინეთთან თამაშზე - ჩვენს ძვირფას "გორგოძილა"-ს

12:08 | 04.05.2017
maxo_65 (458)

კარგი აზრია, გეთანხმები

12:03 | 04.05.2017
sabonis (74)

რას ვიზამთ ყველაფერს ააქვს დასარული. დიდი მადლობა და წარმატებები.

11:50 | 04.05.2017
ოვალური კორბენი (276)

დიდი კაცი!!!
რა თქმა უნდა გული დაგვწყდა, მაგრამ ეგ რა მოსატანია იმ საოცარ შეგრძნებასთან, როცა მამუკას ნაკრების კვართით ვხედავდით. და არამარტო ნაკრების, თავისი კლუბის და მსოფლიო ნაკრებების შემადგენლობაში ის ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდა და წარმოადგენს.
ჭეშმარიტად საუკეთესო ქართველი სპორტსმენი გუნდურ სახეობებში და მსოფლიო რაგბის ნაღდი ვარსკვლავი.

11:49 | 04.05.2017
David (7)

დიდი კაცის ეპოქა დასრულდა საქართველოს ნაკრებში - ბორჯღალოსნებიდან მიდის ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, რომლის კაცობის, სიკეთის და რაც მთავარია სამშობლოს სიყვარულის მაგალითზე თაობები უნდა გაიზარდოს და არამხოლოდ რაგბში!
მადლობა ყველაფრისთვის მამუკა, იმ ბედნიერებისათვის, რაც შენ მოგვანიჭე.
ამხნის კაცს ცრემლი მომადგა თვალზე ეს სტატია რომ წავიკითხე, მაგრამ შენ ის ხარ, ვისაც არასდროს ეშლება კაცობა და რადგან ასე გადაწყვიტე, ესე იგი ასე იყო საჭირო...
ბედნიერი ყოფილიყავ ძმაო და შვილო, შენ ამას ნამდვილად იმსახურებ!

11:32 | 04.05.2017
shotai-olimpi (89)

მადლობა მამუკა ყველაფრისთვის, შენ უკეთ იცი როგორ აჯობებს!! წარმატებები კარიერაში.

11:29 | 04.05.2017
maxo_65 (458)

დამწყდა გული, ამ კაცმა შემაყვარა რაგბი, ასეთ ადამიანებზე იდგა ეს ქვეყანა,მამუკა გორგოძე ყოველთვის იქნება მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანს შენი ქვეყანა, მსოფლიომ საქართველო მამუკათი გაიცნო ( მე ასე მგონია)..მაგრამ ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილებაა..დიდი მადლობა მამუკას...

11:22 | 04.05.2017
buratino (480)

თავდაპირველად აშკარად შოკისმომგვრელი ნიუსი იყო ჩემთვის ამ სტატიის წაკითხვა, რადგან ყველამ ვიცოდით (ყოველ შემთხვევაში ქომაგების დიდმა ნაწილმა) რომ მამუკა 2019 წლის მსოფლიოს შემდეგ
უნდა წასულიყო ნაკრებიდან. თუმცა, ახლა რომ ვაანალიზებ მამუკას გადაწყვეტილებას, ალბათ ბევრი იფიქრა ამ საკითხზე და ჩათვალა რომ 2019 წლამდე ფორმის შენარჩუნება გაუჭირდება და არ სურს ნაკრები "დააღალატოს" შესაძლო ცუდი თამაშით მსოფლიოზე (ამას პირობითად ვამბობ). არადა, ხომ იცით ქართველების ამბავი - როგორ სწრაფადაც ხელში აგიყვანენ, ისევე სწრაფად ძირს დაგანარცხებენ. ჰოდა, ალბათ მამუკამ, როგორც დიდმა სპორტსმენმა, გადაწყვიტა შანსი ახლაგაზრდებს მიეცეს რათა მსოფლიომდე დაიხვეწოს სანაკრებო სქემები. თანაც ისიც ვაღიაროთ, რომ ჰეიგის მითითებით ახალი თაობა ხელით თამაშშზეა ორიენტირებული და ძველებს უჭირთ გადაწყობილ სქემასთან შეგუება (ეს კარგად გამოჩნდა ნოემბრის ტესტებზე, სადაც მამუკა ჩვეულად ეფექტური ვერ იყო). ეეეჰ, მე პირადად მაინც მგონია რომ მამუკამ იჩქარა და მსოფლიომდე უნდა მოეცადა, მაგრამ თუ მისი გადაწყვეტილება საბოლოოა (მაინც იმედს ვიტოვებ რომ გადაიფიქრებს),
უზარმაზარი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ჩვენს საამაყო მამულიშვილს, ლომკაცს, ერის ღირსეულ შვილსა და როგორც საახლობლოში უწოდებენ, ჩვენს "გორგოძილა-გულივერა"-ს.
დიდი მადლობა შენ, მამუკა! ჩვენ, ქომაგები, ქედს ვიხრით შენს წინაშე და ძალიან გვიყვარხარ!

11:24 | 04.05.2017
GiorgiG83 (525)

არ გადაიფიქრებს

11:13 | 04.05.2017
beso68 (6)

დიდი მადლობა მამუკას საქართველოს ნაკრებში გაწეული ღვაწლისათვის და საქართველოს პოპულარიზაციისთვის. საქართველოს ელჩი სარაგბო სამყაროსთვის.

10:59 | 04.05.2017
Torres9 (48)

ეეჰ როგორ დამწყდა გული მეგონა მსოფლიოზე ითამაშებდა და შემდეგ წავიდოდა,წარმატებები ლეგენდავ

10:51 | 04.05.2017
tokageo (45)

დიდი მადლობა კაპიტანო. ჩვენთვის გულდასაწყევტია, მაგრამ კარგად არგუმენტირებული გადაწყვეტილებაა. გუნდს აშკარად ჭირდება ახალი სისხლი და მომავალ თაობას უნდა მიეცეს მეტი შანსი. მამუკამ დიდი საქმე გააკეთა ნაკრებისთვის და თავაწეული მიდის. მადლობა კიდევ ერთხელ.

10:44 | 04.05.2017
geogoli (367)

ჩემთვის პირადად ძალიან მოულოდნელი იყო. უბრალოდ დიდი მადლობა მამუკა

0.117562