უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკის ‘ვესთერნ პროვინსის’ გუნდი მეორედაც დამარცხეს და სამ მატჩიან სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.
სერიის პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, რომელშიც 20-წლამდელებმა 8 ლელო დადეს და 55:17 მოიგეს, ამჯერად მაყურებელმა მხოლოდ ერთი ლელო იხილა და ანგარიშიც მოკრძალებული დაფიქსირდა - 11:6. ამის მიზეზი აფრიკელთა დაცვაში კარგ თამაშთან ერთად ჩვენივე შეცდომები იყო, თუმცა ‘ვესთერნ პროვინსთან’ მატჩები საკონტროლო და სწორედ შეცდომების აღმოჩენასა და მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე მათ აღმოფხვრას ემსახურება.
თამაშის დღეს გაწვიმდა და ეს მატჩის მსვლელობაზეც აისახა. გარდა ამისა, მწვრთნელებმა პირველი შეხვედრის შემდეგ გუნდის შემადგენლობა თითქმის სრულად შეცვალეს და შეცდომები ამანაც განაპირობა.
მატჩის საწყის 30 წუთში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქე უბურთოდ დატოვეს, სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და 3-4 სალელოვე შანსი შექმნეს, მაგრამ შეცდომების გამო მათი ქულებში რეალიზება ვერ მოხერხდა. ‘ვესთერნ პროვინსი’ ხშირად ჯარიმდებოდა და მათგან ორი 18 წლის თედო აბჟანდაძემ კარში გაიტანა - 6:0.
ნახევარი საათის შემდეგ რაქში უყურადღებოდ ვითამაშეთ და კონტრშეტევისას ლელოს გადავრჩით, თუმცა მეტოქემ ერთი ჯარიმის გაქვითვა მოახერხა. მერე იყო გუნდური ჩხუბი, თორნიკე აქუბარდია მეტოქის პროვოკაციას წამოეგო, აფრიკელმა პასუხად მუშტები მიიღო და აქუბარდიამ 10 წუთი სინბინში გაატარა. ტაიმის ბოლოს თამაში აირია, აბჟანდაძის ფინტს მეტოქე წამოეგო და ლელოსკენ გიორგი გოგოლაძე დაგეზა, მაგრამ ფეხით გადაკიდების შემდეგ მას ბურთის დამიწება აფრიკელმა დაასწრო.
მეორე ტაიმში გაწვიმდა და თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გაფუჭდა. 45-ე წუთზე სტუმარტა მორაგბემ რეფერი შოთა თევზაძე ხელის კვრით „მოიშორა“ და წითელი ბარათი იხილა. ორ წუთში მორაგბეები წაკინკლავდნენ და მსაჯმა ორივე გუნდის თითო მორაგბე გაასინბინა - ჩვენგან კობა ჯიმშელეიშვილი. „მღვრიე წყალში“ თევზი ‘ვესთერნ პროვინსმა’ დაიჭირა და ჯარიმით წონასწორობა აღადგინა.
უმცროსი ბორჯღალოსნები ამას არ შეეგუენ, მოლით წინსვლას წითელ ზოლში რამდენიმე დარტყმა მოყვა, მერე ბურთი ხაზზე გაიშალა, მცველებმა გადაწყობა თითქოს მოასწრეს, მაგრამ აკაკი ტაბუცაძე ორ მბოჭავს დაუსხლტა და ლელო დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მატჩის მიწურულს გიგა გრიგალაშვილი დაშავდა, ტვინის შერყევის დიაგნოზით მოედნიდან გაიყვანეს და მალე თამაშიც დასრულდა.
„გრიგალაშვილმა თავი დაარტყა და მოთამაშის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოედნიდან გაიყვანეს. დიაგნოზი ტვინის შერყევაა და გამოკვლევის შემდეგ გვეცოდინება რამდენად მძიმეა მისი მდგომარეობა“ - გვითხრა ნამატჩევს უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელმა ზურა ამონაშვილმა და განვლილი შეხვედრა შეაფასა:
"პირველი მატჩის შემდეგ შემადგენლობა თითქმის სრულად შევცვალეთ, რადგან გვსურს შანსი ყველას თანაბრად მივცეთ. თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დავრჩით. ფაქტია, წინა მატჩისას უფრო კონცენტრირებულები ვიყავით. შესაძლოა, ეს იმანაც განაპირობა, რომ პირველი თამაში დიდი სხვაობით მოვიგეთ. არაორგანიზებულები ვიყავით რაქებში და ამან ჩვენი შეტევის სისტემის მოშლა განაპირობა. დაცვაში გაგვიფუჭდა ბოჭვები. მოვიკოჭლებდით სათამაშო დისციპლინაში. მთლიანობაში, იმის ნახევარიც ვერ მივიღეთ, რაზეც ვარჯიშებზე ვმუშაობდით.
"შემადგენლობის ცვლილებას მსგავსი ხარვეზები ახლავს და ვეცდებით შემდეგი თამაშისთვის სიტუაცია გამოვასწოროთ. ჩვენი მიზანია, რომ ყველა მოთამაშეს მივცეთ შანსი, დაგვანახონ რა შეუძლიათ. ჯერ არ ვიცით რა შემადგენლობით ჩავატარებთ მესამე თამაშს. მწვრთნელები დავილაპარაკებთ და გადავწყვეტთ, მივცეთ შანსი მათ, ვისზეც კითხვის ნიშნებია თუ ვათამაშოთ უძლიერესი შემადგენლობა“.
უმცროსი ბორჯღალოსნებისა და ‘ვესთერნ პროვინსის’ მესამე მატჩი 6 მაისს, ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე 18 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.
საქართველო - ვესთერნ პროვინსი 11:6 (6:3)
3 მაისი | შევარდენი | 1000 მაყურებელი
ხაზი: 15. ლუკა იურინი (ლიონი, საფრანგეთი), 14. საბა სვიმონიშვილი (შარქსის აკადემია, სახმრეთ აფრიკა), 13. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 12. გიორგი გოგოლაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი), 10. თედო აბჟანდაძე (აია), 9. ალექსანდრე ნახუცრიშვილი (არმია);
შერკინება: 1. გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), 2. თენგიზ ზამთარაძე (ლელო სარასენსი), 3. გურამ პაპიძე (ლიონი, საფრანგეთი), 4. გიგა გრიგალაშვილი (ლელო სარასენსი), 5. თორნიკე აქუბარდია (ხარები), 6. გიორგი ნუცუბიძე (აია), 7. თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა), 8. შოთა არეშიძე (აია).
მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე (არმია), 17. პეტრე ჯინჭარაძე (აია), 18. რევაზ დუგლაძე (ლელო სარასენსი), 19. კობა ჯიმშელეიშვილი (ჯიქი), 20. ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), 21. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 22. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 23. სანდრო სვანიძე (არმაზი).
1 ლელო: ტაბუცაძე
2 ჯარიმა: აბჟანდაძე
2 სინბინი: აქუბარდია, ჯიმშელეიშვილი
შეკრებაზე არიან: ლაშა ტაბიძე (ბორდო), ლაშა ჯაიანი (ექსეთერ), სანდრო მამამთავრიშვილი (თი ბი ეს უნივერსიტეტი), გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი), ლევან პაპიძე (ლელო სარასენსი), ბექა საღინაძე (ლელო სარასენსი), ილია სპანდერაშვილი (არმია), უჩა ჭეიშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), გელა მახარაშვილი (აკადემია), არსენ მაჩალაძე (აია); გელა აფრასიძე (ლელო სარასენსი), დავით მესხი (არმია), ბექა მამუკაშვილი (ლელო სარასენსი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო სარასენსი), მირიან მოდებაძე (აია), გიორგი კვესელაძე (ლელო სარასენსი), ოთარ ძაგნიძე (აია).
სამწვრთნელო შტაბი:
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე; მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურა ამონაშვილი; მაწრთობები: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი; ფიზიო: ირაკლი შაორშიძე; ექიმები: რომან სახოკია, ლადო ჭელიძე; ვიდეო ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი; მენეჯერი: ოთარ იაშვილი
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია მოგება, მაგრამ თამაშის ხარისხია დღეს მთავარი.
იმედია კარგი გაკვეთილი მივიღეთ რო დისციპლინა უნდა მოვუმატოთ და მეტი მოთმინება გვმართებს.
მოგება კარგია, მითუმეტეს "შეკრებაზე არიან" სიას რომ გადავხედე. მეტი ყურადღება დისციპლინას. თქვენი დიდი იმედი გვაქვს ბიჭებო.