მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მთავარი ჯილდო საქართველოს კუთხეებში მოგზაურობას აგრძელებს. შუხუთის შემდეგ, 26-27 აპრილს თასი სვანეთს - მესტიასა და უშგულს ეწვია. ვოიაჟის დასასრულს ის ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მიიტანეს, სადაც ადგილობრივ გოგო-ბიჭებს მასთან ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცათ.
სვანეთში თასი ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა - ლექსო გუგავამ და ნონო ანდღულაძემ ჩაიტანეს. სვანეთამდე გრძელი გზაა, მოგზაურობა გამთენიისას დაიწყო და თასმა გამცილებლებთან ერთად რამდენიმე ღირშესანიშნავ ადგილას შეისვენა. ის ჯერ სოფელ ჯვარში, ენგურ-ჰესზე მიიტანეს, რომლის 271.5 მეტრიანი კაშხალი მსოფლიოში ერთ-ერთი უმაღლესია.
მესტია
რამდენიმე საათის შემდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თასი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, მესტიაში ჩავიდა, სადაც მას ადგილობრივი გოგო-ბიჭები სკოლის ეზოში ელოდნენ. შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ლექსო გუგავა ახალგაზრდებს რაგბის ფასეულობებზე, ასევე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ესაუბრა. ამის შემდეგ სტუმრებმა ბავშვებს ბურთები დაურიგეს და მათთან რაგბი ითამაშეს. დღის ბოლოს თასი სვანეთის მუზეუმს ესტუმრა, რომელიც გამორჩეულია უნიკალური ექსპოზიციით და ადგილმდებარეობით.
უშგულში
მეორე დღეს თასი მესტიიდან უშგულში, ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ წერტილში ავიდა. ნიშანდობლივია, რომ ამ სიმაღლეზე (2200 მეტრი ზღვის დონიდან) მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის თასი ჯერ არასდროს ყოფილა.
მესტიის მსგავსად, სხვადასხვა ასაკის ადგილობრივი ახალგაზრდები თასს უშგულშიც მრავლად დახვდნენ.
ზუგდიდი, დადიანების სასახლე
უშგულიდან თასი ზუგდიდში ჩავიდა, სადაც მას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა უმასპინძლა. მან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა რეგიონში რაგბის განვითარებას სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.
თასმა დადიანების სასახლეში გადაინაცვლა, სადაც ღვთისმშობლის კვართი და ნაპოლეონ ბონაპარტის უნიკალური ნიღაბი ინახება. სასახლის ეზოში მას ადგილობრივი მორაგბეები ელოდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
თბილისისკენ მიმავალ გზაზე თასი ხობსა და სენაკში, ადგილობრივ სარაგბო კერებში ჩაიტანეს.
ბოლოს კი გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც სვანეთსა და სამეგრელოში თასის მოგზაურობას ხელი შეუწყო.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგია, მაგრამ კიდევ ჭირდება მეტი აქტივობები ამ ჩემპიონატის გაპიარებას.