საქართველოს ნაკრებისა და საფრანგეთის პრო დ2-ში მოასპარეზე „აჟენის“ პირველხაზელმა გიორგი თეთრაშვილმა ფრანგულ გამოცემა „Soud-ouest”-თან ინტერვიუში მილეული სეზონის, სანაკრებო გამოცდილებასა და საფრანგეთში პირველად ჩასვლის დეტალების შესახებ ისაუბრა.
- ეს პირველი სეზონია, როცა „აჟენის“ ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებით. „ალბისთან“ მატჩი კისრის ტრავმის გამო გაახდინეთ. ახლა როგორ გრძნობთ თავს?
- სეზონი ჩემთვის გარკვეულწილად რთული გამოდგა. მაგრამ მისი მეორე ნახევარი, 2017 წლის ნაწილი წარმატებულია. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. სასიამოვნოა, როცა გენდობიან და თამაშიბ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერი რიგზეა.
- წლეულს საქართველოს ნაკრებში არაერთი მატჩი ითამაშეთ. ალბათ, ეს ფაქტორი საკუთარი ძალების რწმენას გიმყარებთ...
- რა თქმა უნდა! ყოველთვის დადებითი მუხტი მოაქვს, როცა შენი ქვეყნის ღირსებას იცავ. მით უმეტეს, როცა ამას მაინცდამაინც არ ელოდები. ოდნავ გამიკვირდა, როცა დამირეკეს, ძალიან გამიხარდა. არ ვიცი, რამდენად კარგად ვითამაშე ეროვნულ გუნდში, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობდი. ეს დიდი პატივია, როცა გრძნობ, რომ ქვეყანას შენი ეიმედება. რასაკვირველია, ეს ძალებს მიორმაგებს.
- ადრე „აჟენს“ შერკინებაში პრობლემები ჰქონდა, ახლა ეს რგოლი გუნდის ერთ-ერთ კოზირად იქცა. როგორ ახსნით ამ ცვლილებას?
- ესაა მაურისიო რეგიორდოს („აჟენის“ არგენტინელი მთავარი მწვრთნელი - ს.გ.) შრომის ნაყოფი. სეზონის დაწყებამდე თავდაუზოგავად ვიშრომეთ. არც ცალკეული მატჩისთვის მომზადებისას ვზარმაცობთ. ეს შრომა წინ გვწევს. ზოგიერთი დეტალი შევცვალეთ, ინდივიდუალურადაც ვიზრდებოდით და ორივე პროგრესის ერთობლიობამ მოიტანა ის შედეგი, რომელსაც დღეს ვიმკით.
- გაიხსენეთ, როგორ დაიწყო თქვენი ფრანგული კარიერა...
- არასდროს დავივიწყებ იმ დღეს, როცა ალბიში ჩავედი. პირდაპირ საქართველოდან ჩავფრინდი, მაშინ სამშობლოში მეორე ლიგის გუნდ „ხულიგანაში“ ვთამაშობდი, თბილისის ერთ-ერთ კლუბში, რომელმაც საუკეთესო მოგონებები დამიტოვა. მაგრამ საფრანგეთში თავიდან ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ მხოლოდ ქართული ენა ვიცოდი. ადამიანები მოდიოდნენ და მესალმებოდნენ, იცოდნენ, რომ უცხოელი ახალწვეული ვიყავი. რაღაცას მეუბნებოდნენ, მიღიმოდნენ, მაგრამ არაფერი მესმოდა! ასეა თუ ისე, პროფესიონალებში ჩემი პირველი თამაში იყო „პოს“ წინააღმდეგ. როცა მოედანზე გავედი და ამდენი ადამიანის თვალწინ აღმოვჩნდი, საკუთარ თავს ვუთხარი: „ან ახლა, ან არასოდეს“. ეს მომენტი დღევანდელივით მახსოვს. მთელი 4 წელი გავიდა, არადა თითქოს 4 დღის ამბავია. ხშირად ვიხსენებ იმ განცდებს.
- ალბიდან აჟენში გადაბარგებას უპრობლემოდ არ ჩაუვლია. კონკრეტულად რა მოხდა?
- ჩემთვის რთული დრო იყო. „აჟენმა“ ტრანსფერის საფასური გადაიხადა. ყველაფერს საფუძველში კლუბების პრეზიდენტთა მოლაპარაკება იყო. მას მერე გარკვეული დრო გავიდა, მაგრამ დეტალებში ჯერაც ვერ გავერკვიე. „აჟენში“ გადასვლა თავადაც მსურდა და წინასწარ კონტრაქტზეც ხელი მქონდა მოწერილი. შემდეგ რაღაც პრობლემები წარმოიშვა, თუმცა დღეს მე აქ ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაიხარე