საფრანგეთი პრო დ2

19:18 | 1.05.2017 | ნანახია 3280 - ჯერ

გორგოძე და კოლელიშვილი დაბრუნდნენ

ბორჯღალოსნებმა - მამუკა გორგოძემ და ვიტო კოლელიშვილმა ტრავმები მოიშუშეს და მოედანს დაუბრუნდნენ. მათ საფრანგეთის ტოპ 14-ის ბოლოსწინა ტურში ითამაშეს და საკუთარ გუნდებს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაეხმარებიან.

ოთხმა პლეი ოფი დაიბევა

საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ხუთ გუნდს საჩემპიონო პლეი ოფში თამაში გარანტირებული აქვს და მათგან ოთხი ქართველი ლეგიონერებისაა.

პლეი ოფში მეორე ადგილით გასვლის შანსი აქვს ‘კლერმონს’, რომელმაც 25-ე ტურში ლიონში 23:20 იმარჯვა. ამ მატჩში მოედანს დაუბრუნდა მესამეხაზელი ვიტო კოლელიშვილი, რომელსაც ტრავმის გამო 3 თვე გაუცდა. ის ‘ვულკანების’ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას ახალგაზრდა ქართველმა ბორჯღალოსანმა ოთარ გიორგაძემ შეცვალა, რომელმაც მესამედ მოირგო ‘კლერმონის’ პირველი გუნდის მაისური. მწვრთნელებმა დაასვენეს ერთ-ერთი ლიდერი, ბურჯი დავით ზირაქაშვილი.

‘კლერმონს’ 74 ქულა აქვს და თუ დასკვნით ტურში ლიდერი ‘ლა როშელი’ დაამარცხა, მეორე ადგილს ვერავინ შეეცილება. ტოპ 14-ის დებულების თანახმად, რეგულარული გათამაშების ორი მოწინავე პლეი ოფის პირველ ეტაპზე ისვენებს და თასისთვის ბრძოლაში პირდაპირ ნახევარფინალიდან ერთვება.

‘ლა როშელი’ მდევარს 10 ქულით უსწრებს და მას ვეღარავინ დაეწევა. ამ გუნდმა გასულ ტურში ‘მონპელიეს’ 40:37 სძლია. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 20 წუთი ითამაშა ბურჯმა ლექსო ყაულაშვილმა, რომლისთვისაც ეს მე-15 მატჩი იყო ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში. ჩვენთვის უფრო საინტერესო ისაა, რომ სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში 48 წუთი ითამაშა ბორჯღალოსანმა ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა, ხოლო მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა. ‘მონპელიეს’ 72 ქულა აქვს და მინიმუმ მესამე ადგილი, ანუ პლეი ოფის პირველ ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობა დაბევებული აქვს, ხოლო თუ ‘კლერმონს’ ფეხი დაუცდა, მეორეზე აღზევების შანსიც ექნება.

რეგულარულის მე-4 ადგილზე დასრულების კარგი შანსი აქვს ‘ტულონს’, რომელმაც სტუმრად ‘ბორდოსთან’ 26:13 იმარჯვა და მონაგარი 65 ქულამდე გაზარდა. ტრავმით გამოწვეული 1,5-თვიანი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ბორჯღალოსანთა კაპიტანი მამუკა გორგოძე. ის შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა. მოედანზე 10 წუთით ადრე გამოჩნდა ბორჯღალოსანი ლევან ჩილაჩავა. ‘ტულონს’ პლეი ოფი დაბევებული აქვს და დასკვნით ტურში პირველ ეტაპზე საკუთარ მოედანზე თამაშის უფლებისთვის იბრძოლებს.

პარიზულ დერბიში ‘რასინგს’ 27:23 სძლია ‘სტად ფრანსემ’ და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. ზურაბ ჟვანია ტრავმირებულია და განაცხადში არც გიორგი მელიქიძე იყო.

‘ბრივი’ ‘პოს’ ეწვია და პრემიალურ ქულას დასჯერდა (27:32). სტუმართა რიგებში შეცვლაზე სამმა ბორჯღალოსანმა ითამაშა. ბურჯ კარლენ ასიეშვილს თამაშში ჩართვა მე-19 წუთიდან მოუწია, სოსო ბეკოშვილი მოედანზე 50-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ვასილ ლობჟანიძე 77-ეზე. ‘ბრივს’ პლეი ოფში მოხვედრის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს.

ერთი ელიტაში და ორი პლეი ოფში

მეორე ელიტარული დივიზიონი პრო დე2, რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიგო და ტოპ 14-ის საგზური მოიპოვა ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის ‘ოიონამ’. მან ბოლოსწინა ტურში ‘პერპინიენი’ 19:9 დაამარცხა და რადგან მდევარმა ქულები დაკარგა, მიუწვდომელი გახდა. განვლილ მატჩში შეცვლაზე 56-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა მირცხულავამ. მან მიმდინარე სეზონში 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 ლელო დადო.

მეორე ადგილზეა და ასასვლელ პლეი ოფში ითამაშებს თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის ‘აჟენი’.

პლეი ოფშია ბექა გორგაძის ‘მონ-დე-მარსანი’, რომელმაც გასულ ტურში ‘დაქსთან’ ერთი სანუგეშო ქულა აიღო (13:17). ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა შეცვლაზე 17 წუთი ითამაშა. დასკვნით ტურში ‘მონ-დე-მარსანი’ უშუალო კონკურენტს, ‘ბიარიცს’ მასპინძლობს და თუ მისი დამარცხება და მესამე ადგილის შენარჩუნება მოახერხა, ნახევარფინალში მასპინძელი იქნება.

პირველი ფრანგული ლელო გაიტანა ‘ანგულემის’ უნივერსალმა მორკინალმა ლაშა თავბერიძემ. ის მესამეხაზელია, თუმცა ‘კარკასონთან’ 61-ე წუთზე შეცვლაზე ბურჯად შევიდა, 4 წუთში ორ მბოჭავს მაღალ სიჩქარეზე გაცდა და ბურთი დაამიწა. მან პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში 6-ჯერ ითამაშა. ‘ანგულემის’ შემადგენლობაში სრულად ითამაშა ბორჯღალოსანმა შალვა სუთიაშვილმა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:57 | 02.05.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

2.871895