20-წლამდელები

12:35 | 1.05.2017 | ნანახია 2435 - ჯერ

არგენტინის რაზმი და სამხრეთი აფრიკის ახალი მწვრთნელი

ერთ თვეში საქართველოში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი სარაგბო მოვლენა - მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყება. 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით მსოფლიოს 12 საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრები, მათ შორის უმცროსი ბორჯღალოსნები, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის თბილისში და ქუთაისში იბრძოლებს. ვრცლად>>>

საქართველოში გამომგზავრებამდე გუნდები დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს გადიან და რაზმებს არჩევენ.

31 მაისს უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე არგენტინა იქნება, რომელმაც შარშანდელ მსოფლიო ჩემპინატზე თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. გუნდიდან, რომელმაც შარშან მანჩესთერში ისტორიული შედეგი აჩვენა, საქართველოში 8 მორაგბე მოდის - 6 მორკინალი და 2 ბექი.

‘პუმიტას’ (20 წლამდელტა არგენტინის თიკუნი) შედეგის გამეორებას გეგმავს და არც მის გაუმჯობესებაზე იტყვის უარს. გუნდის მწვრთნელებმა გასტონკონდემ, აგუსტინ ესკურამ და ყოფილმა ‘პუმამ’ მაშიმ ვუსტოსმაშარშანდელი შემადგენლობიდან უკანა ხაზში ტომას მალანოსს და ვაუტისტადელგს უხმეს. დელგი თებერვალ-მარტში "არგენტინა XV"-შიც იყო გამოძახებული და ‘ამერიკის ჩემპიონატში’ ითამაშა.

მორკინალთაგან მანჩესთერში ვისენტე ვორონატი, ფაკუნდო დომინგესი,ნაუელ მილანი, ფრანკო მოლინა, სანტიაგო პულეჟა და ვაუტისტასტავილე თამაშობდნენ.

თბილისში ვერ მოდიან ტრავმირებული მატიას ოსადჩუკი, რომელიც არგენტინის 7-კაცა ნაკრების აღმოჩენა გახდა, და მარკოს კრემერი, რომელსაც ივნისის ტესტებისთვის ‘პუმებში’ უხმეს.

განაცხადში მყოფ მორაგბეთაგან 12-ს გაისადაც შეეძლება 20-წლამდელთა მსოფლიოზე თამაში, ხოლო გონსალო გარსიასა და ხუან-პავლო კასტროსაქვთ შანსი, რომ 20-წლამდელთა სამ ჩემპიონატზე ითამაშონ.

“რაზმის დასახელება ყოველთვის რთულია. ჩვენ შევარჩიეთ ერთ მუშტად შეკრული გუნდი. ამ ბიჭებმა კარგად იციან, რას ნიშნავს იყო რჩეული. მომენტი, რომელსაც თითქმის ერთი წელიწადი ველოდით, უკვე ძალიან ახლოსაა და სრულად ვართ კონცენტრირებული მზადების ეტაპზე“ - თქვა მთავარმა მწვრთნელმა კონდემ.

უმცროს ბორჯღალოსნებთან მატჩის შემდეგ არგენტინას საფრანგეთთან და სამხრეთ აფრიკასთან უწევს შეხვედრა. შარშან, მანჩესთერში, ‘პუმიტასნა’ საფრანგეთი 24:15 დაამარცხა, სამხრეთ აფრიკას კი ორჯერ - ჯგუფშიცა და პლეი-ოფშიც მოუგო.

არგენტინის რაზმი:

ხაზი: ტომას ალვორნოს, სანტიაგო კარერას, ტეო კასტილიონი, ხუან-პავლო კასტრო, ხუან-ვაუტისტა დერო, ვაუტისტა დელგი, ფაკუნდო ფერარიო, გონსალო გარსია, ლუჩანო გონსალეს, ფელიშ ლუნა, ტომას მალანოს, მატიას სოსე

შერკინება: ვისენტე ვორონატ, ფაკუნდო დომინგეს, ხოსე-ლუის გონსალეს, ალეხანდრო ლუნა, როდრიგო მარტინეს, აგუსტინ მედრანო, ნაუელ მილან, ფრანკო მოლინა, ლეონელ ოვიედო, ლუკას პაულოს, სანტიაგო პულეჟა, სანტიაგო რუის, ვაუტისტა სტავილე, ხერემიას ტარტერ, მაჟკო ვივას, ნიკოლას ვოქერ

ნორჩ ქურციკთა ახალი მწვრთნელი

მეორე ტურში (4 ივნისი) უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე სამხრეთი აფრიკა იქნება, რომელიც საქართველოში ახალი მწვრთნელით მოდის. "ევოლუცია და არა რევოლუცია" - ასეთია მიდგომა ჩინ რუ-სი, რომელმაც დევი თერონი შეცვალა.

შარშანდელი ჩემპიონატი თერონისთვის მეექვსე და უკანასკნელი იყო 20-წლამდელთა მთავარი მწვრთნელის რანგში. მისი ხელმძღვანელობით ‘ნორჩი ბოკე’ 2012 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2014 წელს ფინალში გავიდა და ინგლისთან 1 ქულით დამარცხდა, შარშან კი, მანჩესთერში, მეოთხე იყო და უმედლოდ მეორედ დარჩა.

მიუხედავად ამისა, რუ არ აპირებს თამაშის სტილის შეცვლას:

“ვეცდებით ტრადიციული, ჩვენებური რაგბი ვითამაშოთ და ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ. თითქმის ყველა სამხრეთ-აფრიკული გუნდი ერთი სტილის მიმდევარია. ახალი ველოსიპედის გამოგონებას არც ჩვენ ვაპირებთ“.

‘ვესთერნ პროვინსისა’ (იგივე "დასავლეთი კონცხის") და ‘სთორმერსის’ ყოფილი მორაგბე, რუ სტელენბოშის უნივერსიტეტის გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა და მას სამი უნივერსიადა, ორი ეროვნული პირველობა და 6 "კონცხის თასი" მოაგებინა. 2013 წლიდან იგი კაცთა "ბოკეს" მწვრთნელის, ჰეინეკე მეიერის შტაბში დასაქმდა.

41 წლის სპეციალისტი ორი თვეა, რაც ახალ თანამდებობაზე დაინიშნა. მან მიიღო გამოწვევა და ნარჩევი სამხრეთ-აფრიკელი ჭაბუკების ვარსკვლავებად ქცევა განიზრახა:

“20-წლამდელთა ჩემპიონატი შესანიშნავი შესაძლებლობა და დიდი ნაბიჯია, რათა ეს ბიჭები შემდეგ დონეზე ავიდნენ და ნამდვილ ‘ბოკეებად’ იქცნენ. მთელს სამწვრთნელო შტაბს უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან ბიჭებს უნდა დავეხმაროთ ოცნების რეალობად ქცევაში. მზადება კარგად მიმდინარეობს. საბედნიეროდ, ტრავმები არ გვაწუხებს. იმედია ასევე გაგრძელდება“.

სამხრეთი აფრიკა 31 მაისს საფრანგეთს, 4 ივნისს საქართველოს და 8 ივნისს არგენტინას ეთამაშება.

“სამივე მეტოქე დიდი სარაგბო ერის წარმომადგენელია. საქართველოსთან მისსავე მოედანზე თამაში იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ მოუთმენლად ველით ამ პრობლემის წინაშე დადგომას. თუ ყველა მორაგბე შეძლებს საკუთარი პოტენციალის გამოვლენას, მაშინ საჩემპიონო პლეი-ოფში გასვლის შანსი გვექნება. ერთი კია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“ - ამბობს რუ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:55 | 01.05.2017
krasni (587)

არ უნდა ვიყოთ ჯგუფში უშანსოდ, თანაც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ.

18:52 | 01.05.2017
პანტელეიმონი (1218)

ღმერთმა გისმინოს

0.084765