20-წლამდელები

22:39 | 26.04.2017 | ნანახია 2301 - ჯერ

მინისტრი უმცროს ბორჯღალოსნებს შეხვდა

დღეს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე უმცროს ბორჯღალოსნებს (18 და 20-წლამდელთა ნაკრებებს) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ეწვია.

18-წლამდელები ზედიზედ მესამედ გახდნენ ევროპის ვიცე-ჩემპიონები და შინ მეორე ადგილისთვის განკუთვნილი თასი ჩამოიტანეს, ხოლო 20-წლამდელები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც საქართველო (თბილისი და ქუთაისი) 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.

მინისტრმა 18-წლამდელთა ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა ევროპის ღია ჩემპიონატზე თავდადებული თამაშისთვის, მწვრთნელთა შტაბს კი საქართველოს მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„საქართველოსთვის და ქართული რაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის გამარჯვებები, რომლებიც საფრანგეთში მოიპოვეთ. ალბათ ყველგან გრძნობთ ხალხის სიყვარულს, რომელიც ქართულ რაგბის თქვენმა უფროსმა თაობებმა მოუპოვეს და თქვენ მათ საქმეს აგრძელებთ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი რა პირობებში აღწევდნენ წარმატებას უფროსი თაობის მორაგბეები, ეს გენეტიკა გამოგვყვა და ახლა თქვენს წინაშე სულ სხვა ამოცანები დგას“ - უთხრა ტარიელ ხეჩიკაშვილმა 18-წლამდელებს.

მისი თქმით, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა დიდი გამოწვევაა და ნაკრებს როგორც გულშემატკივრების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება:

„წინ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრი გელოდებათ, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო გუნდები მიიღებენ მონაწილეობას და დარწმუნებული ვარ ის ქართული რაგბის განვითარებას ძალიან წაადგება. ჩემი ღრმა რწმენით, ხუთი სათამაშო დღე, როდესაც თბილისის და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე მსოფლიო რაგბის ამომავალი ვარსკვლავები ითამაშებენ, გულშემატკივართა მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩება.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელიც ჩვენთან ტარდება, ბევრი ფაქტის გამოა მნიშვნელოვანი. თუნდაც ის რად ღირს, რომ ასეთი მაღალი დონის შეჯიბრებას პირველად მასპინძლობს სარაგბო თვალსაზრისით მეორე ეშელონის ქვეყანა. ეს ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ მსოფლიო სარაგბო ოჯახში საქართველომ ჯეროვანი ყურადღება მიიქცია და ნელ-ნელა იმკვიდრებს კუთვნილ ადგილს.

ეს იმ რეფორმების დამსახურებაცაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა სპორტის კუთხით ახორციელებს. ვგულისხმობ რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამას, რომლის ეგიდით ფონდმა ‘ქართუმ’ უკვე დაასრულა 11 პროექტი. საერთო ჯამში ამ დიდი და საშვილიშვილო პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს 21 სარაგბო ბაზა ექნება, რაც მართლაც შთამბეჭდავი რიცხვია“.

მინისტრმა დააანონსა, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის წინ მინისტრები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და ისევე, როგორც 2015 წლის მსოფლიო თასის წინ, ერთმანეთში რაგბს ითამაშებენ, რაც სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

„18-წლამდელმა მორაგბეებმა ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარეს და ევროპის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. წინ გვაქვს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი. საკუთარ კედლებში თამაში დიდი სიამოვნება და დიდი პასუხისმგებლობაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მორაგბეები აქაც გვასახელებენ და მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა. სწორედ ამ მიზნით, პოლიტიკოსები შევიკრიბებით და კიდევ ერთხელ ვითამაშებთ რაგბს.

მნიშვნელოვანია, რომ ტურნირის ორგანიზებაში ჩვენი სამინისტროს გარდა ჩართული არიან ეკონომიკიური გუნდი, ტურიზმის დეპარტამენტი და მთელი მთავრობა. ხვალ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის თასი, რომელიც საქართველოში მოგზაურობს და ყველა კუთხეს მოივლის, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტში, უშგულში გამოიფინება“ - უთხრა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჟურნალისტებს.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტები 20-წლამდელთა მზადების მიმდინარეობით დაინტერესდნენ.

გელა აფრასიძე: „100%-ით ვართ ჩართული მოსამზადებელ პერიოდში და ვიმედოვნებთ, რომ შესაბამის შედეგს მივიღებთ. ფიზმომზადების ეტაპი დასრულდა და გადავედით სარაგბო ელემენტების დახვეწაზე. სამი თამაში გვექნება სამხრეთ აფრიკულ ‘ვესტერნ პროვინსის’ აკადემიის გუნდთან და ეს თამაშები დალაგებაში, ბურთთან ადაპტაციაში და შეთამაშებაში დაგვეხმარება“.

ილია სპანდერაშვილი (კაპიტანი): „ტურნირს საბრძოლო განწყობით ვხვდებით. არცერთ გუნდთან არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ვეცდებით მსოფლიოს ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ და გვწამს, რომ ეს შეგვიძლია. კარგად ვართ შეთამაშებული და ვეცდებით ჩვენი გუნდურობით წარმატებას მივაღწიოთ. ვემზადებით ტესტ-მატჩებისთვის, სადაც დავხვეწთ ჩვენს ტაქტიკას და კიდევ უკეთ შევთამაშდებით“.

ზურა ამონაშვილი (მწვრთნელი): „29 აპრილს, 3 და 6 მაისს ‘ვესტერნ პროვინსის’ აკადემიის გუნდთან სამი ამხანაგური თამაში გვექნება. მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ეს თამაშები დაგვანახებს რა ეტაპზე ვართ და რის გამოსწორებაზე მოგვიწევს მუშაობა დარჩენილ დროში“.

თედო აბჟანდაძე: „ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ასეთი შეხვედრები. 18-წლამდელთა ნაკრებში უცხოელებთან თამაშის გამოცდილება მივიღე, რაც ზრდის წინაპირობაა და მომავალში აუცილებლად გამომადგება. ფინალში მაქსიმუმი გავიღეთ, თუმცა იყო შეცდომები და ჩემპიონები ფრანგები გახდნენ. მნიშვნელოვანია, რომ წინა ორი ფინალისგან განსხვავებით, ამჯერად ქულების აღება მოვახერხეთ. 18-წლამდელთა ნაკრებიდან 2 ბიჭი 20-წლამდელებს შევუერთდით და ვემზადებით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:45 | 28.04.2017
პანტელეიმონი (1218)

ამ შემთხვევაში მინისტრი უნდა შევაქოთ ამ შეხვედრის ორგანიზებისათვის, არ დაგავიწყდეთ სამართლიანობა რაგბის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა.

ამასთან ძალიან დიდი ეჭვით ვუყურებ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ორგანიზების პროცეს, აი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რისთვის შეიძლება მინისტრის კრიტიკა.

08:27 | 28.04.2017
გზავნილი (81)

ახსოვს ბიჭს ქართული რაგბის გასაჭირი...
ისიც თუ რამდენჯერ გაისვა ჯიბეზე ხელი...
ფარისევლობის პარადი, მეტი რა გინდა?

20:17 | 27.04.2017
krasni (587)

მიყვარს და ვაფასებ ჩვენს ბიჭებს, მაგრამ როცა სამი წელი ფინალში საფრანგეთი გყავს და ყოველთვის უშანსოდ აგებ, აქ საზეიმო არაფერია. ე.ი. წინსვლა არ არის, მინისტრს სჯობდა სიახლეებზე ესაუბრა, რომლითაც შევძლებდით ფრანგებთან გათანაბრებას.

10:49 | 28.04.2017
GiorgiG83 (525)

იცოდე მაინც რას წერ

12:52 | 28.04.2017
krasni (587)

ე. ი. ყველაფერი კარგად გვაქვს, სამინისტრო მაგრად ზრუნავს რაგბის განვითარებაზე, რაც U18-ის ფრაგებთან ფინალმაც აჩვენა, წავაგეთ, მაგრამ წინსვლა იგრძნობა.

15:48 | 28.04.2017
GiorgiG83 (525)

როცა სამი წელი ფინალში საფრანგეთი გყავს და ყოველთვის უშანსოდ აგებ, აქ საზეიმო არაფერია. ე.ი. წინსვლა არ არის

ეს შენი სიტყვებია

2015 - 57:0
2016 - 42:0
2017 - 36:18
განსხვავებას ვერ ხედავ?

თან იმ ფონზე რომ...

წელს წინა წლებთან შედარებით სანაკრებო კონტიგენტი 2/3 ჯერ მეტი იყო - ნაკრები შეირჩა 350 ზე მეტი ბავშვისგან

ჩვენი U 18 ასპარეზობს ჭაბუკთა "ა" და "ბ" ლიგაში, ერთი კაცი დიდი 10ში, როდესაც იგივე ასაკის ფრაგნების 350 ბავშვი 4-5 აკადემიაზე მოდის და საბაშვო აკადემია (რასაც მე ვითვლი 23 აქვთ)
მათი პირობები შეადარე ჩვენსას
მათი მწვრთნელების დონე ჩვენსას
და ა.შ.

ამ ფონზე კი ამ ნაკრებმა მართლა კარგად იასპარეზა
ამას + ის, რომ ამ ნაკრებმა ფრანგებთან ფინალამდე ითამაშა 2 საერთაშორის მოატჩი ამ ტურნირზე + 2-3 საერთაშორისო მატჩი ამ ტურნისრის მოსამზადებლად და ამ ნაკრებიდან ნაწილმა 2 წლის წინ მათზე უმცროს აფრიკელებთან 2-2 მატჩი ანუ იდეალურ შემთხვევაში 7 საერთაშორისო მატჩის გამოცდილებით ითამაშა ყველაზე გამოცდილმა მორაგბემ ამ ფორმაციის ნაკრებში საფრანგეთთან

მეტია საჭირო, ამაში გეთანხმები

მინისტრიც ვერაფერმაქნისია - ლიტონი სიტყვების გარდა, ამაშიც გეთახმები (დასტურად გამოდგება შეპირებული და ვერ აშენებული 20 სტადიონი U20 ჩემპიონატისთვის)

0.084639