უელსის რაგბის კავშირმა 2017 წლის ნოემბრის ტესტების განრიგი და ბილეთის ფასები დაამტკიცა.
"დრაკონები" ნოემბერში ოთხ ტესტს გამართავენ - სამს სამხრეთელ ბობოლებთან და ერთს ბორჯღალოსნებთან. ოთხივე შეხვედრა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სარაგბო არენაზე, "მილენიუმზე" გაიმართება (ამჟამად "ფრინსიფალითი სთედიუმი" ეწოდება), რომელიც 75 ათას ქომაგს იტევს. 2015 წლის მსოფლიო თასზე სწორედ ამ სტადიონზე გაიმართა ისტორიაში პირველი რკენა ბორჯღალოსნებსა და ოლ ბლექსს შორის.
უელსი 11 ნოემბერს ავსტრალიას მასპინძლობს, ბორჯღალოსნებს 18-ში ეთამაშება და შეხვედრა ადგილობრივი დროით 14:30 საათზე დაიწყება, ხოლო 25 ნოემბერსა და 2 დეკემბერს უელსი, შესაბამისად ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკას შეერკინება.
ისევე, როგორც 2016 წელს იაპონიასთან მატჩისას, უელსისა და საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 20 და 35 გირვანქა სტერლინგი იქნება, ხოლო 16 წლამდე მოზარდებისთვის 10 გირვანქა ეღირება.
ბილეთები პრო 12-ში მოთამაშე ოთხივე უელსური ფრანჩიზის სტადიონის სალაროებში უკვე იყიდება, ხოლო მასიურ და ონლაინ გაყიდვაში 9 ივნისიდან ჩავა.
უელსის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი მართინ ფილიფსი იმედოვნებს, რომ ახალი ფასი გულშემატკივრის ნაკადის მატებას გამოიწვევს და ნოემბრის ოთხივე თამაში სავსე ტრიბუნების წინაშე ჩატარდება:
“წინ ნოემბრის სერიის ოთხი შესანიშნავი ტესტი გველის ავსტრალიის, საქართველოს, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ. გვსურს, რომ სტადიონზე მისვლა და თამაშის ცოცხლად ხილვის შესაძლებლობა მაქსიმალურად ბევრ ადამიანს ჰქონდეს. სწორედ ამას ემსახურება ახალი ფასების დადგენა და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს გუნდს მხურვალე მხარდაჭერა ექნება. ვიცით, რომ მსოფლიოში უდიდესი სარაგბო სტადიონი გვაქვს და გვსურს, ის ყველა თამაშზე პირთამდე გაივსოს“.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან მაგარია