ტოპ 14-ის სეზონის ხანგრძლივობა მორაგბეების ფიზიკურ მდგომარეობაზე დადებითად რომ არ აისახება, ეს ყველასთვისაა ცნობილი. სეზონის მიწურულს ყველა ფრანგულ ელიტარულ კლუბში საკადრო პრობლემებია და სამწუხაროდ, ტრავმირებულთა ბოლოდროინდელ ქრონიკებში რამდენიმე ქართველზეცაა საუბარი.
დავით ზირაქაშვილმა რაგბი ევროპის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში 65 წუთი ითამაშა, არადა ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში ვეტერანი ბურჯის მონაწილეობა მხოლოდ წინა დღეს გადაწყდა. დავითს ტერფი ჰქონდა დაზიანებული და მედიკოსებმა ყველა ღონე იხმარეს, რათა „კლერმონის“ ერთ-ერთი ლიდერი მწყობრში ჩამდგარიყო. ზირაქამ მშვენივრად ითამაშა, მაგრამ ირლანდიურ „ლენსტერთან“ უმძიმეს ჯახში ტრავმა გაუმიზეზდა. უახლოეს დღეებში ექიმები მის ტერფს დაწვრილებით შეისწავლიან, დღეს კი დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ შაბათს ლიონში „კლერმონი“ მის გარეშე ითამაშებს. შეხსენებისთვის: რეგულარული ჩემპიონატის ფინიშამდე 2 ტურიღა რჩება და „ვულკანები“ მე-3 ადგილზე არიან, რაც საჩემპიონო გზას ერთი მატჩით აგრძელებს, ვიდრე პირველ-მეორეადგილოსნობის შემთხვევაში.
მეორეზე კი „მონპელიე“ ავიდა. ამ გუნდის მარჯვენა ბურჯი დავით ქუბრიაშვილი გახლავთ და მასაც ტრავმა აქვს. წესით, დუდუ კარგა ხნის წინ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესი გაუგრძელდა. კვირას, ლიდერ „ლა როშელთან“ გასვლით მატჩში ქუბრიაშვილი მონაწილეობას ვერ მიიღებს.
სამაგიეროდ, სასიამოვნო ამბებიც გვაქვს. ჯერ კიდევ მარტში, რუმინეთთან სანაკრებო შეხვედრაში ტრავმირებულმა მამუკა გორგოძემ „ტულონის“ წვრთნას ორშაბათს შეუერთდა და სრული დატვირთვითაც ივარჯიშა. სავარაუდოდ, ბორჯღალოსანთა კაპიტანი შაბათს ბორდოში ტულონელთა სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
და კიდევ უფრო დიდი ხნის წინ ტრავმირებულის შესახებ: 29 იანვარს „ბორდოსთან“ გასვლითი მატჩის მე-8 წუთზე „კლერმონმა“ ლელო გაუშვა და ორი მორაგბე დაკარგა - ბორდოელი მელელოვე ლუკ ბრეიდის შეჩერების მცდელობისას მორგან პარა და ვიქტორ კოლელიშვილი ერთმანეთს თავებით შეასკდნენ. ორივე გამოცვალეს, დიაგნოზიც ერთნაირი იყო - ტვინის შერყევა, მაგრამ თუ ვეტერანი ფრანგი უკვე თვეზე მეტია, რაც დაბრუნდა და თამაშობს, ვიტო უფრო მძიმედ დაშავდა და ე.წ. „ტვინის შერყევის პროტოკოლი“ არათუ თამაშს, სრული დატვირთვით ვარჯიშისაც უკრძალავდა. მაგრამ ამ აკრძალვას ვადა გაუვიდა და სავსებით რეალურია, რომ კოლელიშვილი ლიონში ითამაშებს, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ „კლერმონის“ ლაზარეთში ზირაქაშვილის გარდა კიდევ მრავალი სხვა წამყვანი მორაგბეცაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯამრთელობას გისურვებთ ძმებო ! ! !
მიდით ლომებო, აკრიფეთ ფორმა! ივნისის ტესტებზე აუცილებლად გვჭირდებით
ოკეანის გაღმა ტურნესთვის ტუ აკრიფა ფორმა...