20-წლამდელები

16:18 | 24.04.2017 | ნანახია 2973 - ჯერ

20-წლამდელები: მთავარი შეკრების მეორე ეტაპი

20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 40 დღეზე ნაკლები რჩება. უმცროსი ბორჯღალოსნები მზადების დასკვნით ფაზაზე გადადიან და მომდევნო 2 კვირაში სამხრეთ აფრიკული ‘ვესთერნ პროვინსის’ აკადემიის გუნდთან სამ საკონტროლო მატჩს გამართავენ.

წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა

20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ‘მსოფლიო რაგბის’ მიერ ორგანიზებულ კაცთა ასაკობრივ ტურნირებს შორის უმაღლესი გათამაშებაა და სიდიდით და მნიშვნელობით ის უფროსთა შორის მსოფლიო თასის შემდეგ მეორეა. მსგავსი დონის სპორტულ ღონისძიებას საქართველო პირველად მასპინძლობს. 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, თბილისსა და ქუთაისში მსოფლიოში საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად 12 უძლიერესი ნაკრები, მათ შორის უმცროსი ბორჯღალოსნები, ერთმანეთას შეერკინებიან.

გუნდები სამ 4-გუნდა ჯგუფში არიან განაწილებული. ორ ჯგუფს (‘ა’ და ‘გ’) თბილისში ავჭალის სტადიონი უმასპინძლებს, რომელსაც სპეციალურად ამ ტურნირისთვის დაემატა ახალი, აღმოსავლეთ ტრიბუნა. ‘ბ’ ჯგუფის მატჩები ქუთაისში ‘აია არენაზე’ გაიმართება. ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ ჩატარდება. ჯგუფური ეტაპის თამაშები 31 მაისს, 4 და 8 ინისს გაიმართება, ხოლო პლეი ოფებსა და ფინალებს 14 და 18 ივნისს ‘მიხეილ მესხის’ და ავჭალის სტადიონები’ უმასპინძლებენ.

ჩვენს ქვეყანას მსგავსი დონისა და მასშტაბის ტურნირისთვის არასდროს უმასპინძლია. საქართველოს ახალი ზელანდიის, ინგლისის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, ირლანდიის, უელსის, არგენტინის, საფრანგეთის, შოტლანდიის, იტალიის და სამოას ახალგაზრდული ნაკრებები ეწვევიან.

საქართველომ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში პირველად შარშან, მანჩესტერში ითამაშა და მე-10 ადგილის დაკავებით, უძლიერესთა შორის ადგილი არა მხოლოდ მასპინძლის სტატუსით, არამედ სპორტული შედეგითაც შეინარჩუნა.

ტურნირის ბილეთები იყიდება აქ >> TKT.GE/U20

ბილეთების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილე აქ>>>

მთავარი შეკრების მეორე ეტაპი

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მე-7 თვეა ემზადებიან. სელექციისა და ვარჯიშების პარალელურად გუნდმა 6 ამხანაგური თამაში ჩაატარა. შარშან ნოემბერში ჩვენი 20-წლამდელები რუსთავის ‘ხარებს’ შეხვდნენ, რის შემდეგაც ტურნეში გაემგზავრნენ და ‘ალსტერის’ ახალგაზრდული გუნდი და შოტლანდიის თანატოლთა ნაკრები დაამარცხეს. იანვარში სამი თამაში შედგა ქართულ კლუბებთან - ‘ხარებთან’, გორის ‘ჯიქთან’ და თბილისის ‘ლელო-სარასენსთან’.

მარტიდან გუნდი მთავარ შეკრებაზე შევიდა. 9-კვირიანი მზადება რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი და პერიოდულად დასვენებებს მოიცავს. პირველი, 3-კვირიანი ეტაპი უმთავრესად ფიზმომზადებას დაეთმო და მისი დასრულების შემდეგ ბიჭებმა 9 დღე დაისვენეს. მეორე ეტაპი 2-კვირიანია და შაბათს (22 აპრილს) დასრულდა.

“9-დღიანი დასვენების შემდეგ მთავარი შეკრების მომდევნო, ორკვირიან ციკლს ვასრულებთ, რომლის დროსაც ფიზმომზადებისა და ბურთით ვარჯიშები დაბალანსდა. ვარჯიშების დიდი ნაწილი სარაგბო უნარების დახვეწას და გუნდის შეთამაშებას ეთმობა. მე-5 კვირის დასრულების შემდეგ, ბიჭებს 4 დღე დავასვენებთ და მორიგ, 10-დღიან შეკრებაზე შევალთ, რომლის დროსაც უმნიშვნელოვანესი მატჩები გვექნება სამხრეთ აფრიკული ‘ვესტერნ პროვინსის’ აკადემიის გუნდთან“ - ამბობს უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელი ზურა ამონაშვილი.

‘ვესტერნ პროვინსთან’ ლეგიონერებით

მომავალი საკონტროლო მატჩებისთვის უმცროს ბორჯღალოსნებს ის ლეგიონერებიც დაემატებიან, რომლებიც გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდნენ და ახლა მწვრთნელებს ტაქტიკაზე სრულფასოვნად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.

“ამ ეტაპზე ფიზმომზადების პროცენტულმა წილმა იკლო და გაიზარდა ბურთით ვარჯიშები, თუმცა ფიზიკური მომზადება კვლავ გრძელდება. ღია თამაშის ტაქტიკაზე აქამდეც გვქონდა ნამუშევარი, მაგრამ სრულფასოვნად ტაქტიკურ მომზადებას მას შემდეგ მივაქცევთ ყურადღებას, როცა ლეგიონერები შემოგვიერთდებიან“ - გვითხრა 20-წლამდელთა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

18-წლამდელებსაც უხმეს

გარდა ლეგიონერებისა უმცროს ბორჯღალოსნებს 18-წლამდელთა ნაკრებიდან ორი მორაგბე დაემატება. ნამატის შესახებ ამონაშვილმა დეტალურად ისაუბრა:

“შემდეგ კვირაში ლეგიონერების დამატებას ველოდებით, რომელთა ნაწილს, სამწუხაროდ, საკონტროლო თამაშების დასრულების შემდეგ კვლავ კლუბებში მოუწევთ დაბრუნება. ჩვენი მიზანი იქნება, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მათი გუნდთან ადაპტირება და დავიწყოთ ტაქტიკური და ტექნიკური მომზადება.

“სამწუხაროდ, დაშავდა და ვერ დაგვეხმარება ჯაბა შათირიშვილი, ხოლო ომარ ოდიშვილს ‘ვესტერნ პროვინსთან’ თამაშებისთვის კლუბი არ ათავისუფლებს. მოდიან ლაშა ტაბიძე, გურამ პაპიძე, გიორგი გოგოლაძე, ლუკა იურინი, უჩა ჭეიშვილი და ლაშა ჯაიანი.

“მომავალი კვირიდან დაგვიბრუნდება მგეზავი თედო აბჟანდაძე. მან მომზადება ჩვენთან ერთად გაიარა, რის შემდეგაც 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად საფრანგეთში, რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატზე გაემგზავრა და ძალიან კარგი ტურნირი ჩაატარა. თედოს რამდენიმე დღით დასვენების საშუალება მივეცით.

“18-წლამდელთა ტურნირზე თავი გამოიჩინა ოთარ ძაგნიძემ, რომელიც უნივერსალია და ხაზში სხვადასხვა პოზიციის დაფარვა შეუძლია. ჩვენ მასაც დავუძახეთ და მომავალი კვირიდან დავაკვირდებით“.

ტესტები უძლიერეს მეტოქესთან

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკული ‘ვესტერნ პროვინსის’ აკადემიის (‘ზე რაგბის’ სამხრეთ აფრიკული ფრანჩიზის ‘სთორმერსის’ ბაზა) გუნდთან სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.

საქართველოს რაგბის კავშირსა და აფრიკულ მხარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი უძლიერესი აკადემიის გუნდი თბილისში 27 აპრილს ჩამოდის. პირვანდელი ინფორმაციით, პირველი არასტანდარტული (სამი 20-წუთიანი ტაიმი), მომდევნო ორი კი სრულფასოვანი თამაში იქნება. დეტალები აფრიკელთა ჩამოსვლის შემდეგ დაზუსტდება და მათ შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

უკვე ცნობილია, რომ ‘ვესტერნ პროვინსის’ 20-წლამდელთა გუნდი, სპეციალურად საქართველოსთვის პირველ ხაზს უფროსი მორაგბეებით გააძლიერებს:

“ვესტერნ პროვინსის აკადემიის გუნდთან ძალიან საინტერესო თამაშენი გველის. ისინი ისეთ ტემპს შემოგვთავაზებენ, რასაც ჩვენს ჩემპიონატში ნათამაშები ბიჭები შეჩვეული არ არიან და როგორი ტემპიც მსოფლიოს ჩემპიონატზე იქნება. მწვრთნელებს მოგვეცემა საშუალება, რომ რეალური წნეხის ქვეშ დავინახოთ იმ შრომის შედეგები, რაზეც მოსამზადებელ ეტაპებზე ვმუშაობდით. ეს ისეთი მეტოქეა, რომელიც აუცილებლად დაგვანახებს ჩვენს სუსტ მხარეებს, რომელთა გამოსწორებაზე მსოფლიო თასამდე უნდა ვიმუშაოთ, რათა ჩემპიონატს მაქსიმალურად მომზადებულები შევხდეთ.

“ვიცით, რომ ‘ვესტერნ პროვინსი’ ჩვენთან თამაშებისთვის პირველ ხაზს უფროსი ასაკის მოთამაშეებით გააძლიერებს, ხაზში კი, აკადემიის უძლიერესი მოთამაშეები ეყოლება. ტრადიციულად, ამ გუნდის შემადგენლობაში ფიზიკურად ძლიერი ბიჭები, მაქსიმალურ სისწრაფეებზე თამაშობენ და ეს ზუსტად ისაა, რასაც მომავალ ტურნირზე უნდა ველოდოთ“ - ამბობს ამონაშვილი.

აფრიკელთა ძლიერ ფიზიკურ მომზადებაზე და მაღალ სიჩქარეებზე საუბრობს კილასონია, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, ‘შარქსის’ აკადემიაში თავად თამაშობდა:

“დურბანში, ‘შარქსის’ აკადემიაში ვთამაშობდი და კარგად ვიცი იქ რაგბის მიმართ როგორი მიდგომა აქვთ. ესაა ვარსკვლავების უწყვეტი საბადო, სადაც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ფიზმომზადებას. გუნდები თამაშობენ ძალისმიერი და სწრაფი რაგბის ნაზავს, მათი მოთამაშეები გამორჩეულები არიან პლასტიკით. სამხრეთ აფრიკის ნაკრები ორჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი, რეგულარულად თამაშობს 4 ერს, ხოლო ფრანჩიზები მონაწილეობენ ზე-რაგბში.

“ჩვენთან ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ფრანჩიზის ახალგაზრდული, ცნობილი აკადემიის ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოდის. მათთან თამაში ბევრ რამეს დაგვანახებს: როგორ იმუშავებს ჩვენი სისტემა და როგორ ვითამაშებთ ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ. ტურნირის წინ მოგვცემს სურათს, რომელიც დაგვანახებს თუ რა დეტალებზე მოგვიწევს მუშაობა“.

‘შარქსის’ აკადემიაში თამაშობს უმცროსი ბორჯღალოსნების უკანახაზელი საბა სვიმონიშვილი, რომელიც განსაკუთრებული მოწინააღმდეგისგან განსაკუთრებულ თამაშს ელოდება:

“მზადება კარგ ტემპში მიმდინარეობს. გავიარეთ ფიზმომზადების ეტაპი, ბიჭები კარგ ფორმაში არიან და ვემზადებით ‘ვესტერნ პროვინსთან’ თამაშებისთვის. ამ გუნდის წინააღმდეგ არ მითამაშია, მაგრამ ის ერთ-ერთი გამორჩეული აკადემიაა სამხრეთ აფრიკაში. გუნდში ამ პროვინციის ნარჩევი ბიჭები თამაშობენ და დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი თამაშები გვექნება.

“ვესტერნ პროვინსი სხვა აფრიკული გუნდების მსგავსად სწრაფი რაგბის მიმდევარია და ფიზიკურად კარგადაა მომზადებული. ვფიქრობ, მეორე კომპონენტში არაფერს დავთმობთ და ვეცდებით მათ სისწრაფეებსაც ავუბათ მხარი. ამ გუნდთან შეხვედრა დიდ გამოცდილებას შეგვძენს და მსოფლიოს ჩემპიონატის წინ კარგ სამსახურს გაგვიწევს”.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:09 | 26.04.2017
GiorgiG83 (525)

შარშანდელი შემადგენლობა ცოტა უფრო კვალიფიციურად მეჩვენება, იმედია მე10 / მე11 ადგილს წელსაც გავწვდებით

შერკინება:
1. ნიკა ნეფარიძე (კლერმონი - ესპუარი) -------------მარცხენა ბურჯი
2. ლაშა საჯაია (ჯიქი - დიდი 10) ---------------------ჰუკერი
3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე - ტოპ 14) -------მარჯვენა ბურჯი
4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია - დიდი 10) --------------მხტომელი
5. დემურ ეფრემიძე (ყოჩები - დიდი 10) ---------------მხტომელი
6. ირაკლი ცხადაძე (არმაზი - დიდი 10) ----------------მარბიელი
7. გიორგი ცუცქირიძე (ბრივი - ტოპ 14 - ესპუარი)----მღლეტელი
8. ოთია გიორგაძე (კლერმონი - ტოპ 14 - ესპუარი)----შემკვრელი
ბექები:
9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი - დიდი 10) ------------გამთამაშებელი
10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია - დიდი 10) ----მგეზავი
11. სანდრო მეკვილიშვილი (არმია - დიდი 10) -------მარცხენა ფრთა
12. სანდრო ილურიძე (აკადემია - დიდი 10) ----------ცენტრი (მეორე მგეზავი)
13. გიორგი კოშაძე (ხარები - დიდი 10) ----------------ცენტრი
14. დავით მესხი (არმია - დიდი 10) --------------------მარჯვენა ფრთა
15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი - დიდი 10) -----------------ფულბექი
მარქაფა:
16. თორმიკე მატარაძე (აია - დიდი 10) ------------------ჰუკერი
17. გიორგი ხუროშვილი (არმაზი - დიდი 10) ----------მარცხენა ბურჯი
18. ლაშა ტაბიძე (ბორდო - ტოპ 14 - ესპუარი) ----------მარჯვენა ბურჯი
19. გიორგი ჯავახია (ლიონი - პრო დ 2) -----------------მხტომელი/ფლანკერი
20. ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი - პრო დ 2) -----------შემკვრელი
21. გელა აფრასიძე (ლელო-სარასენსი - დიდი 10) -----გამთამაშებელი
22. რატი შენიძე (ლელო-სარასენსი - დიდი 10) --------მგეზავი/ფულბექი
23. გურამ ქანდურაშვილი (ხარები - დიდი 10) ---------ცენტრი
ლუკა გოგინავა (ჰუკერი - ლოკომოტივი)
ილია სპანდერაშვილი (ფლანკერი - არმია)
რატი შანიძე (მგეზავი - ლელო-სარასენსი)
გიორგი კვესელაძე (ცენტრი/ფრთა - იუნკერები)
ლადო მიმინოშვილი (ფრთა - ბათუმი)
მირიან მოდებაძე (ფულბექი/ფრთა - აია)


01:13 | 25.04.2017
BEERTRANCE (1073)

ბილეთები რო ვიყიდე დიდის ამბით და თანხა უკან დამიბრუნდა რა ხდება კი მარა. არ უნდა მივიდე სტადიონზე?

00:16 | 25.04.2017
პანტელეიმონი (1218)

იმედია სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიჭები საუკეთესო ფორმაში შეხვდნენ ამ უმნიშვნელოვან ტურნირს.

მე პირადად სხვა საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება, სამწუხროდ არ იგრძნობა ქვეყანაში ასეთი შეჯიბრისთვის დამახასიათებელი აჟიოტაჟი, რაც მიანიშნებს, რომ პიარის თვალსაზრისით ჩავარდლია მუშაობა. დრო არ ითმინს, თითზე დასათვლელი დღეები დარჩა და იმის გარდა, რომ ორი პატივსაცემი რაგბისტი რეგიონებში ამ ჩემპიონატის თას ატარებს სხვა არაფერი არ ისმის.

ამასთან, გულშემატკივარი ვითხოვთ დეტალურ ინფორმაციას ყველა მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოს შესახებ და ინფორმაციას ვინ არის ამ ღონისძიების მთავრი მენეჯერი, იქნებ გამოჩნდეს და საზოგადოებას დაენახოს.

19:37 | 24.04.2017
dinamo222 (692)

დინამოზე და ლოკომოტივზე რომ ჩატარებულიყო თამაშები რა დაინგრეოდა ეგ სტადიონები თუ რა ?? ავჭალის სტადიონზე რამდენი უნდა მივიდეს @@@



0.079932