ამბები

13:07 | 20.09.2014 | ნანახია 2016 - ჯერ

ბუქარესტში მარცხით დავიწყეთ

 

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა 2014 წლის ევროპის გრან პრის მეოთხე, დასკვნითი ეტაპი მარცხით დაიწყო.

ერთი კვირის წინ მანჩესტერში ბოლო ადგილის დაკავების შემდეგ, კახა ალანიას შეგირდებს ჰონკონგში მოხვედრის და მსოფლიო სერიის საგზურისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი აღარ დარჩათ, თუმცა, ლიონსა და მოსკოვში ქულათა ის მარაგი მოაგროვეს, რომ 12 გუნდში არც ბოლო ადგილზე გასვლა (4 ეტაპის ჯამში) ემუქრებათ და გაისადაც უძლიერესთა შორის დარჩებიან. მანჩესტერის ეტაპისა არ იყოს, მწვრთნელებმა ვერც ამჯერად შეკრიბეს უძლიერესი შემადგენლობა, მაგრამ 7-კაცა ისეთი რამაა, გამარჯვება ყველასთან შეიძლება, მაგრამ...

ტურნირი საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნა. როგორც მოსალოდნელი იყო, გრან პრის ლიდერმა ქართველებს შანსი არ დაუტოვა და 4 უპასუხო ლელო გაუტანა. პირველი ლელო 30-ე წამზე გავიდა, როდესაც მეტოქემ მარტივად გაჭრა ხაზი და ძელებსშუამდე ირბინა. მერე ქართველები ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და მსაჯმაც ლევან გოგოლაშვილი სინბინით დასაჯა. ინგლისელებმა თავადვე დაკარგეს ბურთი და მეტობის გამოყენება ვერ მოახერხეს, მაგრამ ვერც საქართველომ შეძლო თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა.

გუნდი შეტევაში დაბნეულად გამოიყურებოდა, ხშირი იყო ტექნიკური წუნი და თუ არ ჩავთვლით მატჩში ბურთის შეყვანას და რამდენიმე წამს, პირველ 7 წუთში თამაში სრულად ჩვენს ნახევარზე მიდიოდა. შედეგად, მე-5 წუთზე გიორგი ფრუიძემ აშკარა ლელოსგან კი გვიხსნა, მაგრამ 5-მეტრა დერეფანში მეტოქემ ჩვენი აუტი ამოიცნო და მეორე ლელოც გავიდა. შესვენებამდე ინგლისელმა დაუცველი მოკლე ფრთა შენიშნა და ტაიმი 0:17 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ინგლისელებმა მეოთხე ლელო გაიტანეს, რის შემდეგაც ერთი ლელოს გატანის შანსი ქართველებსაც ჰქონდათ, მაგრამ მიზნამდე ორიოდე მეტრი დააკლდათ და თამაში 0:22 დასრულდა.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ბელგიასთან თბილისის დროით 15:06 საათზე გამართავს, ხოლო დღის ბოლოს უელსს დაუპირისპირდება (17:00) და გაირკვევა, თუ რომელი ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას ხვალ ალანიას შეგირდები.

საქართველოს ნაკრები ბუქარესტის ტურნირზე: ზურაბ ძნელაძე, ალექსანდრე ნიჟარაძე, ალექსანდრე ხუციშვილი, ირაკლი გეგენავა, ბიძინა სამხარაძე, შავლეგ მახარაშვილი, ბახვა კობახიძე, რამაზ ხარაზიშვილი, იოსებ კიკვაძე, გიორგი ფრუიძე, გიორგი ჯიმშელაძე, ლევან გოგოლაშვილი. 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087885