20-წლამდელები

9:03 | 22.04.2017 | ნანახია 2180 - ჯერ

თასის მოგზაურობა დაიწყო

თვეზე ოდნავ ნაკლები დრო რჩება საქართველოში წლის ყველა მნიშვნელოვანი სარაგბო მოვლენის, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩეmპიონატის დაწყებამდე. ტურნირი, რომელიც სარაგბო სამყაროში ვაჟთა მსოფლიო თასის შემდეგ მეორეა, 31 მაისიდან 18 ივნისამდე თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ასპარეზობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული გუნდი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებიც.

ტურნირი 5 სამატჩო დღედ ჩატარდება: ჯგუფური ეტაპის მატჩებს (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) თბილისში "ავჭალა", ხოლო ქუთაისში "აია არენა" უმასპინძლებებ; ნახევარფინალები და ფინალები (14 და 18 ივნისი) თბილისში - "ავჭალასა" და "მიხეილ მესხზე" გაიმართება.

ტურნირის ბილეთების გაყიდვა 12 აპრილს დაიწყო და მსურველებს მათი შეძენა შეუძლიათ გვერდზე TKT.GE/U20.

ბილეთების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილე აქ>>>

თასის მოგზაურობა დაიწყო

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდოს, თასის მოგზაურობა სარაგბო სამყაროს ტრადიციაა. ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, წინასწარ ჩადის თასი, რათა ქვეყნის ღირსშესანიშნავ ადგილებში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იხილოს.

ლელობურთი, თასის პირველი მასპინძელი

თასმა საქართველოში მოგზაურობა 16 აპრილს, აღდგომას, გურიის სოფელ შუხუთიდან დაიწყო, სადაც ყოველწლიურად იმართება ქართული ტრადიციული ლელობურთი. გურიაში თასი ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ ჩაიტანეს. სიმბოლურია, რომ თასმა მოგზაურობა ლელოთი დაიწყო, ვინაიდან ლელოს საქართველოში უხსოვარი დროიდან ვთამაშობთ და რაგბის ქართულ წინაპრადაც მივიჩნევთ.

“საქართველოს წილად ერგო უდიდესი პატივი, რომ უმასპინძლოს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ტურნირის მთავარი ჯილდო უკვე ჩვენთანაა და იწყებს საქართველოში მოგზაურობას.

თასის ვოიაჟს ვიწყებთ გურიიდან, ჩვენი ისტორიული თამაში - ლელობურთიდან. ამის შემდეგ თასი მოივლის ქვეყნის ბევრ რეგიონსა და კუთხე-კუნჭულს, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს მიეცემა მისი ნახვის და მასთან სურათის გადაღების შესაძლებლობა. ეს დიდი პატივია, ვინაიდან მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანს მიეცა იმის პრივილეგია, რომ ეს თასი აეწია.

31 მაისიდან მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდი საქართველოში სწორედ ამ თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს, რათა ფინალის შემდეგ თასზე გამარჯვებული გუნდის სახელი დაიწეროს”, - განაცხადა ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ნონო ანდღულაძემ, რომელსაც ზურგს 11 სანაკრებო კეპი უმაგრებს.

ლელოს დაწყებამდე შუხუთელებს სწორედ ამ თასის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ, რამაც საუკუნეების ტრადიციულ თამაშს ახალი ხიბლი შესძინა. წლევანდელი ლელო 17 საათზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრადიციულად ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარი მამა საბა სოფლის ცენტრში მრავლად შეკრებილ, ზემოურებად და ქვემოურებად დაყოფილ შუხუთელებს შორის ჩადგა და ბურთი, რომელიც წელს 18 კილაგრამიანი გამოვიდა, ჰაერში ააგდო.

უცხოელებში ქართულ ტრადიციულ რაგბად წოდებული მამაპაპური ბურთაობა, რომლის დროსაც თანასოფლელები ნებისმიერი ხერხით ცდილობენ “ლელოს გატანას”, წლეულს სარეკორდოდ მოკლე დროში, 25 წუთში დასრულდა და გამარჯვება ზემოურებს დარჩათ.

თასის მოგზაურობა გრძელდება

გურიაში თასის მოგზაურობა ლელოთი არ დასრულებულა. შუხუთიდან ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ თასი ჯერ სოფელ ძიმითში და შემდეგ ოზურგეთში ჩაიტანეს, სადაც რაგბით დაინტერესებულ ადგილობრივ გოგო-ბიჭებს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდოს ხილვის შესაძლებლობა მიეცათ, რის შემდეგაც ვეტერანი ბორჯღალოსნები გურულ ბავშვებს რაგბის ფასეულობებზე ესაუბრნენ და მათთან ერთად რაგბის ბურთით ითამაშეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:15 | 23.04.2017
buratino (480)

კარგია!

23:15 | 22.04.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.449514