სამხრეთაფრიკულმა ფრანშიზებმა - „კინგსმა“ და „ჩიტასმა“, შესაძლოა, სუპერ რაგბი კელტების ლიგაზე გაცვალონ.
სუპერ რაგბის ბოსებმა უკვე დააანონსეს ტურნირის მონაწილეთა რაოდენობის 18-დან 15-მდე შემცირება და მოკვეთილთა შორის ერთი ავსტრალიური და ორი სამხრეთაფრიკული ფრანშიზი უნდა იყოს. აფრიკელებმა დროის დაკარგვას მოქმედება არჩიეს და პირველი ნაბიჯები გადადგეს.
„ჩიტასმა“ და „კინგსმა“, შესაძლოა, პრო 12-ში ითამაშონ“, - ამბობს Sport24-თან ინტერვიუში სამხრეთაფრიკელი ფუნქციონერი ტონი მაკკივერი და განაგრძობს, - „უკვე ვესაუბრე კელტების ლიგის გენერალურ დირექტორ მარტინ ანაიეის და ტურნირში ჩვენი ორი მონაწილის ჩართვა შევთავაზე. მას ყოველთვის ჰქონდა ახალი ბაზრის მოძიების იდეა და სამხრეთ აფრიკა ამისთვის იდეალური ადგილია“.
პრო 12 გაფართოების მიზნით მოლაპარაკებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან მართავდა. იყო საუბარი პრო 12-ში საქართველოს ფრანშიზის ჩართვაზეც, თუმცა ცვლილებებს უახლოესი 3 წლის განმავლობაში არ უნდა ველოდოთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია