საფრანგეთის პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატი ფინიშის სწორზე გავიდა და ლიგაში არნახულად დაძაბული და გაურკვეველი ვითარებაა. მოგეხსენებათ, ტოპ 14-ის წევრობას ავტომატურად მხოლოდ 30-ტურიანი მარათონის გამარჯვებული ეუფლება, ხოლო მეორე საგზურის მფლობელი II-V ადგილებზე გასულებს შორის პლეი-ოფში ვლინდება. პრო დ2-ის ჩემპიონატის მოგება საფრანგეთში ერთობ პრესტიჟული მიღწევაა, რადგან ესაა ქვეყნის მეორე ელიტური დივიზიონი და მის ჩემპიონობას საფრანგეთის ჩემპიონობად მოიხსენიებენ. დღეს ამაში ერთმანეთს „ოიონა“ და „აჟენი“ ეცილებიან.
„აჟენის“ ოფიციალურ საიტს აქვს რუბრიკა „კვირის ინტერვიუ“, რომლის ბოლო სტუმარი ამ გუნდისა და საქართველოს ნაკრების უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე გახლდათ. ქვემოთ ამ ინტერვიუს თარგმანს წაიკითხავთ, ჩვენი მხრივ კი შეგახსენებთ, რომ პარასკევს აჟენელები „ვანს“ უმასპინძლებენ, რომელიც ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, ერთ კვირაში ასევე ერთ-ერთ აუტსაიდერ „ალბის“ ესტუმრებიან, ხოლო ბოლო ტურში საპლეიოფო ადგილისთვის მებრძოლ „კოლომიეს“ შინ დაუპირისპირდებიან. ერთიც: „ვანთან“ მატჩისთვის „აჟენის“ გაფართოებულ შემადგენლობაში სამი ქართველია: თაზო მჭედლიძე და ბურჯები - გიორგი თეთრაშვილი და ვახტანგ ახობაძე.
„წინ „ვანთან“ საპასუხისმგებლო მატჩია და ჩვენი ტრადიციული რუბრიკა „კვირის ინტერვიუს“ სტუმარია მაგარი ქართველი ცენტრი თამაზ მჭედლიძე, რომელიც ამ საოცარი სეზონის შესახებ თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
- თამაზ, რამდენიმედღიანი დასვენების შემდეგ გუნდმა პარასკევს წვრთნა განაახლა. როგორ გრძნობთ თავს?
- მშვენივრად ვარ. ერთადერთი, აქილევსის მყესის უმნიშვნელო პრობლემა მაქვს, მაგრამ ეს სულაც არ შემიშლის ხელს, პარასკევს „ვანის“ წინააღმდეგ ვითამაშო. გასულ კვირაში მთელ გუნდს დასვენება ჰქონდა. ორი დღე ერთად ვიყავით, პეინტბოლით გავერთეთ, ერთად ვისადილეთ. მართლაც შესანიშნავად გავატარეთ დრო! შემდეგ დავუბრუნდი ოჯახს, მეუღლეს, შვილებს, მეგობრებს. კარგი იყო, რა თქმა უნდა. გასულ პარასკევს კი ვარჯიში განვაახლეთ, ოღონდ არა 100%-იანი დატვირთვით, ხოლო ამ კვირაში ინტენსივობა გავზარდეთ, რათა „ვანს“ მომზადებულები დავხვდეთ.
- დარჩა სამი მატჩი: ორი შინ და ერთი - ალბიში. როგორ ხვდებით სეზონის ფინიშს?
- მე თუ მკითხავთ, ურთულესი იქნება, მაგრამ სამივე დარჩენილი მატჩი უნდა მოვიგოთ. ახლა „ვანის“ დასახვედრად ვემზადებით და ამ მატჩში ქულათა მაქსიმუმი უნდა ავიღოთ. სხვა შედეგი არ გვაწყობს. შემდეგ იქნება „ალბისთან“ გასვლითი მატჩი, ეს გუნდი პრო დ2-ში დარჩენისთვის იბრძვის და ომის გარეშე არაფერს დაგვითმობს. დაბოლოს, „კოლომიე“, რომლისთვისაც შედეგს ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება. კარგად გვაქვს გააზრებული, რომ სამი ურთულესი მატჩი გველის.
- პრო დ2-ის მიმდინარე სეზონი ძალიან დაძაბულია და იმისთანა სიმჭიდროვეა, რომ შესაძლოა, სულ ბოლო მომენტში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს. მოგწონთ ეს დაძაბულობა?
- ეს მუდმივი სტრესის მდგომარეობაა, მაგრამ პირადად ჩემთვის - დამატებითი მოტივაცია (იღიმის).
- ფინიშის სწორზე პირველი მეტოქე „ვანია“. რის თქმა შეგიძლიათ ბრეტანელების შესახებ?
- ესაა ძალიან კარგი გუნდი. უბრალოდ, ბრეტანელები ფედერალ 1-დან ახალი ამოსულები არიან და გამოუცდელობის გამო ბევრი მოსაგები თამაში ვერ მოიგეს. ლიგის ლიდერებთან ტოლ-სწორად თამაშობენ. მახსოვს მათთან პირველი წრის მატჩი. ესაა ფიზიკურად უძლიერესი გუნდი, ძალზე შეკრული და ერთიანი.
- „სტად არმანდიზე“ სათამაშო ორი მატჩიღა დარჩა. რას ეტყოდით „აჟენის“ ფანებს?
- თუკი სტადიონზე ჩვენს საგულშემატკივროდ ბევრი ხალხი მოვა, ეს ჩვენთვის დამატებითი ძალა იქნება. აუცილებლად უნდა მოვიდნენ, ისინი „აჟენის“ მე-16 მოთამაშის როლს ასრულებენ. ეს ძალიან, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია...
- დაბოლოს, პლეი-ოფი თუ ჩემპიონობა?
- რა თქმა უნდა, ჩემპიონობა! ეს იქნება პირველი ჩემპიონობა ჩემს კარიერაში... მე - საფრანგეთის ჩემპიონი?! (იცინის)“
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები თაზო!!! ჯერ პროდ2 და შემდეგ ტოპ14 ჩემპიონობა მოგველოცოს!!!
ღმერთმა გისმინოს თამაზ, რატომაც არა; შენ - საფრანგეთის ჩემპიონი ! ! !
მიდი თაზო, სანამ შანსია 1-ლი ადგილის და ტოპ 14-ში პირდაპირ აღზევების, ბოლომდე უნდა იბრძოლოთ
შარშან 6 ლელო თუ არ ვცდები
წელს უკვე 7 და ჯერ ფინიში ადრეა
მაგარია!