საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის - პრო დ2-ის გათამაშება დასასრულს მიუახლოვდა. რეგულარული ჩემპიონატის ფინიშამდე სამი ტურია დარჩენილი, მაგრამ ცნობილი ჯერჯერობით მხოლოდ ერთი რამაა - „ბურგუენი“ მომავალ სეზონში ფედერალ 1-ში იასპარეზებს. სხვა დანარჩენი გასარკვევი ჯერაც გასარკვევია, თუმცა, ზოგიერთი კლუბი უკვე მომავალ სეზონზე ფიქრობს და შემადგენლობის ჩამოყალიბებას ცდილობს.
„ორიაკმა“ საკონტრაქტო-სატრანსფერო აქტიურობა უკვე თითქმის დაასრულა. მხოლოდ რამდენიმე მორაგბის ამბავია დასაზუსტებელი და ახალი მწვრთნელია მოსაძებნი. გუშინ გაირკვა, რომ „ორიაკის“ ირლანდიელი დამრიგებელი ჯერემი დევიდსონი მომავალი სეზონიდან „ბორდოს“ გაწვრთნის. სხვა მხრივ შემადგენლობა უკვე თითქმის შეიკრა.
რაც შეეხება ამ გუნდის ქართველებს, ვეტერან მეორეხაზელ ლევან დათუნაშვილს სეზონის დასრულებასთან ერთად კონტრაქტიც უმთავრდება და „ორიაკს“ მისი დატოვების სურვილი არ გამოუთქვამს, ანუ ლევანის წამოსვლა გადაწყვეტილი ამბავია, თუმცა მისი სამომავლო გეგმები ჯერჯერობით უცნობია.
კონტრაქტი ბორჯღალოსან ცენტრ მერაბ შარიქაძესაც ეწურება და მასთან ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ორიაკი“ მის შენარჩუნებას ცდილობს და ახლო მომავალში ეს ურთიერთობაც გაირკვევა.
აი, ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი კი რჩება - კლუბმა და მორაგბემ ხელშეკრულება გაახანგრძლივეს.
იმასღა დავძენთ, რომ „ორიაკმა“ სეზონის მეორე ნახევარი არცთუ დამაჯერებლად ჩაატარა და ტოპ 14-ში დასაწინაურებელ პლეი-ოფში ძნელად თუ მოხვდება - ბოლო საპლეიოფო, მე-5 ადგილამდე 7-ქულიანი უფსკრულია, რომლის 3 ტურში ამოვსება, ცოტა არ იყოს, არარეალურად გვეჩვენება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია