საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა 2014 წლის ევროპის გრან პრის მეოთხე, დასკვნით ეტაპზე მეორე მატჩიც დათმო და თასის მეოთხედფინალში გასვლის შანსის შესანარჩუნებლად 5 საათზე უელსის უცილობლად დამარცხება მართებს.
ბელგიასთან შეხვედრა ქართველებმა აგრესიულად დაიწყეს, მეტოქეს არაფერი დაუთმეს, თამამად უტიეს და მე-3 წუთზე ორ მცველს შორის შესულმა გიორგი ფრუიძემ ლევან გოგოლაშვილს ბურთი ამოუგდო, მან კი, ჩათვლის მოედნამდე ირბინა. თამაში რომ განახლდა ბურთი ისევ ქართველებს დარჩათ, გოგოლაშვილმა რაქიდან გაიტანა ბურთი და მცველების მოძრაობა რომ შენიშნა, დაუცველ ფლანგზე გაიქცა. შავლეგ მახარაშვილმა არცთუ იოლი პოზიციიდან ორივე გარდასახვა გამოიყენა - 14:0.
ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს დაღლა დაეტყო, ბელგიელიც სამ მცველს დაუსხლტა და ერთი ლელო გაქვითა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. პირველი ნახევრისთვის განკუთვნილი 7 წუთი უკვე ამოწურული იყო, მაგრამ თამაშის შეწყვეტა არავინ ისურვა და გუნდებმა დამატებით 2-3 წუთი ითამაშეს. ლელოს გატანა კვლავ ბელგიელებს შეეძლოთ, თუმცა ბახვა კობახიძემ ფლანგზე გაქცეული მეტოქე ფეხებში შებოჭა და გვერდით ხაზს იქით გადაიყვანა.
მეორე ტაიმი ბელგიის იერიშით დაიწყო და ორწუთიანი შეტევის შემდეგ ჯვარზე შესულმა შემტევმა ბურთი ძელებსშუა დაამიწა, რასაც კვლავ ზუსტი გარდასახვა მოყვა და წონასწორობა აღდგა. სამწუხაროდ, თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა ვერ მოხერხდა, მაგრამ საქართველოს ნაკრები თავს კარგად იცავდა და შეხვედრის დასრულებამდე 1,5 წუთით ადრე ბელგიამ კარის წინ 15 მეტრიდან ის 3 ქულა აიღო, რომელმაც მას გამარჯვება მოუტანა - 17:14.
ახლა საქართველოს ნაკრები იმ უელსის რაც შეიძლება დიდი სხვაობით დამარცხებას უნდა ეცადოს, რომელსაც ბელგიამ 21:12, ხოლო ინგლისმა 33:0 აჯობა. აღსანიშნავია, რომ ინგლისთან მატჩში გიორგი ჯიმშელაძე, ხოლო ბელგიელებთან ალექსი ხუციშვილი დაშავდნენ და ეს ამოცანის შესრულებას ართულებს.
საქართველოს ნაკრები ბუქარესტის ტურნირზე: ზურაბ ძნელაძე, ალექსანდრე ნიჟარაძე, ალექსანდრე ხუციშვილი, ირაკლი გეგენავა, ბიძინა სამხარაძე, შავლეგ მახარაშვილი, ბახვა კობახიძე, რამაზ ხარაზიშვილი, იოსებ კიკვაძე, გიორგი ფრუიძე, გიორგი ჯიმშელაძე, ლევან გოგოლაშვილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია