ინგლისი

15:17 | 13.04.2017 | ნანახია 8562 - ჯერ

გარი გოლდი: საქართველოში გორგოძესავით ძლიერი კაცები იბადებიან

ევროპაში მოასპარეზე ქართველი მორაგბეები თავთავიანთ კლუბებში მორიგი მატჩებისთვის ემზადებიან და ჩვენც ელექტრონულ მედიაში რამდენიმე მათგანის შესახებ სხვადასხვა სახის ცნობები შევაგროვეთ, რომლებსაც ერთგვარ დაიჯესტად გთავაზობთ.

„ტულონის“ მეორე-მესამეხაზელი მამუკა გორგოძე კვლავაც ტრავმირებულია. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების კაპიტანი დაშავდა და მას შემდეგ თავისი ფრანგული კლუბის მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. როგორც ირკვევა, ბორჯღალოსანთა ლიდერი დამდეგ შაბათს „კასტრთან“ საშინაო შეხვედრასაც გამოტოვებს და მისი დაბრუნება, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს, ბორდოში გასვლით მატჩშიღა შედგება.

მამუკას გვარმა ერთ საინტერესო პუბლიკაციაში გაიჟღერა. ინგლისური „ვუსტერის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ამ გუნდის სპორტული დირექტორის, სამხრეთაფრიკელი გარი გოლდის ინტერვიუ, რომელიც ვუსტერელთა ბურჯ ვალ რაფავა-რუსკინს მიეძღვნა. გოლდის თქმით, ქართული წარმომავლობის მორაგბე ფიზიკურად არნახულად ძლიერი ადამიანია და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ის ქართველია.

„საქართველოში ხორცი რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქართველები ხორცით იკვებებიან. ბოლო მსოფლიო თასზე ვიხილე, რასაც წარმოადგენენ, იქ იბადებიან და იზრდებიან ისეთი ძლიერი კაცები, როგორიც მამუკა გორგოძეა. გამიკვირდებოდა, ამ ქვეყანაში ძალოსნობისა და ჭიდაობის კულტურა რომ არ ყოფილიყო განვითარებული“, - დასძინა გარი გოლდმა.

ასევე ვერა და ვერ მოიშუშა ტრავმა დავით ქუბრიაშვილმა. „მონპელიეს“ ბურჯი კარგა ხნის წინ დაშავდა და თითქოს უკვე უნდა დაბრუნებულიყო კიდეც, მაგრამ როგორც კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, დუდუს სრული დატვირთვით ვარჯიში ჯერაც არ განუახლებია და ეს ნანატრი მომენტი ალბათ ერთ კვირაში დადგებაო.

დაბოლოს, ლაშა ლომიძის შესახებაც. მოგეხსენებათ, ბორჯღალოსანი მესამეხაზელი მომავალ სეზონს ინგლისური „ლონდონ აირიშის“ შემადგენლობაში დაიწყებს, რომელსაც ავივა პრემიერშიპში დასაბრუნებლად პლეი-ოფის თამაში ელის. კლუბის საიტზე ქომაგთა ფორუმია და „აირიშის“ გულშემატკივრები მომავალი სეზონის შემადგენლობაზე მსჯელობენ და მოთამაშეთა შესაძლებლობებს აფასებენ. ჰოდა, ზოგი მათგანი მიიჩნევს, რომ ლომიძე გუნდის რანგით მეორე 8 ნომერი იქნება, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ქართველი ამ პოზიციაზე კლუბის სასტარტო მოთამაშე გახდება. კონკურენტის ვინაობას არ იკითხავთ? საუბარია სამოას ნაკრების 33 წლის კაპიტნის, ოფისა ტრევირანუსის შესახებ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:10 | 13.04.2017
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია !!!

0.079388