31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს. ასპარეზობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მონაწილეობს. 20-წლამდელთა ჩემპიონატი სარაგბო სამყაროში მნიშვნელობითა და სიდიდით მეორეა, რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ.
ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ ჩატარდება. ტურნირის ჯგუფური ეტაპი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ორ ქალაქში გაიმართება - თბილისში (ავჭალის სტადიონი) და ქუთაისში (აია არენა); პლეიოფები და ფინალები (14 ივნისი და 18 ივნისი) თბილისში, ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება.
ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო. მსურველებს შეძენა შეუძლიათ გვერდზე TKT.GE/U20, ბილეთების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილე აქ >>>
ტურნირის შესახებ
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან იმართება. ჩემპიონატში მონაწილე დაახლოებით 500-მა მორაგბემ უკვე ითამაშა თავის ეროვნულ ნაკრებში. ტურნირი გამოიარეს თანამედროვე სარაგბო სამყაროს ისეთმა ცნობილმა ვარსკვლავებმა როგორებიც არიან: მსოფლიოს 2016 წლის საუკეთესო მორაგბე ბოდენ ბარეთი, ჯულიან სავეა, სამ უაითლოქი, აარონ ქრუდენი (ახალ ზელანდია, 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებული), დევიდ ფოქოქი, უილ გენია (ავსტრალია), სემ ვარბურთონი, ლი ჰავფენი (უელსი), მარო იტოჯე (ინგლისის 2016 წლის საუკეთესო მორაგბე).
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირში მონაწილეობა პირველად შარშან, მანჩესტერში მიიღეს (მას შემდეგ რაც 2015 წელს მოიგეს საკვალიფიკაციო ტურნირი, მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ალაფა). პირველივე ცდაზე ჩვენმა 20-წლამდელებმა პლეიოფში იტალიას სძლიეს, მე-10 ადგილი დაიკავეს და ამით წლევანდელ ტურნირში არა მარტო, მასპინძლის სტატუსით არამედ სპორტული შედეგითაც დაიმსახურეს მონაწილეობის უფლება.
წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობენ: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, სამოა (ჩაანაცვლა შარშან ბოლო ადგილზე გასული იაპონია).
საქართველო უკვე მეორედ მონაწილეობს 20-წლამდელთა ჩემპიონატში. შარშანდელ ტურნირში მონაწილეთაგან უკვე ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ: ვასილ ლობჟანიძე, ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე, გელა აფრასიძე, ლაშა ტაბიძე, ირაკლი სვანიძე, თირნიკე მატარაძე და გიორგი ცუცქირიძე.
პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია
დღეს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის დროსაც ტურნირის პარტნიორებმა, მხარდამჭერებმა და მეგობრება მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი:
“31 მაისი -18 ივნისი იქნება გამორჩეული დღეები არამარტო რაგბის მოყვარულებისათვის არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ჩემპიონატის ორგანიზება მოხდება ძალიან მაღალ დონეზე და იქნება კიდევ ერთი საშუალება საქართველოს წარმოჩენა მოხდეს მსოფლიო მაშტაბით. თიბისი ბანკი დიდი ხანია თანამშრომლობს რაგბის კავშირთან და არის ოფიციალური პარტნიორი რაბგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საუკეთესო მხრიდან წარმოვაჩინით ჩვენი ქვეყანა”.
ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:
“წლეულს ჩვენი ქვეყანა არაერთ დიდ სპორტულ შეჯიბრებას მასპინძლობს პროექტ Check in Georgia"-ს ფარგლებში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი კი თავისი მნიშვნელობით და დონით მათ შორის უდავოდ გამორჩეულია. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან დიდი აღიარება ჩვენი ქვეყნის და იმ მიღწევების და მიმდინარე პროგრესის, რომელიც სპორტის განვითარების მხრივ გვაქვს. 20 წლამდე ჩემპიონატს აქვს განსაკუთრებული როლი. განსაკუთრებით ვემზადებით. მით უმეტეს ეს ჩვენი ეროვნული სპორტის სახეობაა. ეს არის აღიარება იმ დიდი შრომისა, რომელიც გაწიეს ვეტერანმა და მოქმედმა მიორაგბებმა, რაგბის კავშირმა და კერძო სექტორმა.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართუ ჯგუფს - 100 მილიონამდე ინვესტიცია განახორციელეს რაგბის განვითარისთვის და დღეს რომ ამ მოვლენს ავღნიშნავთ მათი დიდი დამსახურებაა. მსოფლიო სტანდარტების ინფრასტრუქტურა შეიქმნა, რომელიც საშუალებას მისცემს მომავალ თაობებს კიდევ არაერთხელ ასახელონ საქართველო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს - თიბისი ბანკს, ისინი ყოველთვის მხარს უჭერენ ეროვნული საქმის წამოწყებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ხელოვნებაში, ქველმოქმედებაში და სპორტიც რომ უყვართ, ეს განსაკუთრებულად მახარებს.
იმედია ეს პროექტი იქნება გაგრძელება იმ ბევრი სასიკეთო საქმისა და შემდეგში ჩვენი თანამშრომლობა თიბისი ბანკთან იქნება კიდევ უფრო მაშტაბური. ამის წინაპირობა არის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც უჩუმრად აკეთებს თავის სქმეს და ემსახურება ეროვნულ საქმეს. მე დარწმუნებული ვარ ეს ჩემპიონატი, რომელიც არის სამჭედლო მომავალი ვარსკვლავებისა, იქნება ძალიან წარმატებული. პირველ რიგში ჩვენს ნაკრებს ვუსურვებ წარმატებას და ყველა მონაწილეს, რაგბის გურმანებს ვუსურვებ დატკბნენ, ისიამოვნონ და ჩვენის მხრიდან და პარტნიორების - კერძო სექტორის მხრიდან, ვპირდებით სპორტის მოყვარულებს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს ზეიმი შედგეს და შემდგომშიც გავანებივროთ არაერთი საერთაშორისო მასპინძლობით".
გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
“მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისი შრომის შედეგადაც 20-წლამდელთა ჩემპიონატი ჩატარდება საქართველოში. ეს დიდი ძალისხმევა, რომელსაც მთავრობა და კერძო სექტორი ახორციელებს, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანასში სპორტის განვითარებას და ცნობადობას გაუზრდის ქვეყანას. ამასთ გარდა, ეს თასი იმოგზაურებს საქართველოში და ამას ცალკე მედიაპროექტი მიეძღვნება, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ. ასევე მნიშნელოვანია აღინიშნოს რომ ეს ღონისძება შევიდა ჩეკ ინ ჯორჯიას ფარგლებში. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ღონისძების შესვლას ჩეკ ინ ჯორჯიაში - მთავრობისა და კერძო სექტორის ეს ძალისხმევა მოიტანს კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებს. ეს იქნება მეტი ტურისტი და მეტი ცნობდობა ჩვენი ქვეყნისა. მე მინდა მადლობა ვუთხრა ორგანიზატორებს და სპონსორებს".
ჯასტინ მაკკენზი სმიტი, დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:
“რაგბი აახლოვებს ერებს, მოთამაშეებს და მათ მხარდამჭერებს. დიდი ბრიტანეთიდან და მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ადამიანებს ამ ჩემპიონატის საშუალებით პირველად ექნებათ საქართველოს გაცნობის შესაძლებლობა. მათ საქართველოში დახვდებიან გულთბილად და ისინი აღმოაჩენენ ქვეყანას, რომელიც ამაყობს თავისი ტრადიციებით, კულტურითა და რაგბით. დარწმუნებული ვარ, ამ ჩემპიონატის დროს დაწყებულ ურთიერთობებს გაგრძელება ექნება და იგი ხელს შეუწყობს საქართველოს დიდ ევროპულ ოჯახში დამკვიდრებას“.
გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
“ამ ჩემპიონატის ორგანიზებაში ყველა ჩართულია, სახელმწიფო უწყებები თუ კერძო სექტორი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო დიდი პასუხისმგებლობის ეკიდება ამ ტურნირს. თუ გავითვალისწინებთ, რომ გენეტიკურად ქართველები კარგი მასპინძლები ვართ, უნდა ვიმედოვნოთ, რომ შესანიშნავად გავართმევთ თავს და ძალიან კარგ სანახაობას შევთავაზებთ რაგბის გულშემატკივარს.
ერთი მონაწილე, რომელიც არ ჩანს და რატომღაც თავს არიდებს გამოჩენას, ეს არის ქართუ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი ახლაც კი მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ავჭალის სტადიონზე, ქართუს დიდი რესურსი - ფინანსური და მატერიალური იხარჯება, რომ მათ მიერ წლების წინ დაწყებული დიდი საქმე დაასრულონ და ბოლომდე მიიყვანონ, რასაც ჰქვია ჩემპიონატის ხარისხიანად და ღირსეულად ჩატარება.
აქვე მინდა გითხრათ სასიხარულ ინფორმაცია, რომ დღეიდან დაიწყო ბილეთების გაყიდვა გვერდზე TKT.GE/U20, ეს მნიშვნელოვანია გულშემატკივრებისთვის. დეტალურ ინფორმაციას ბილეთებზე და თამაშების განრიგზე მიიღებთ რაგბის კავშირის გვერდიდან და ფეისბუქის გვერდიდან. ასევე მინდა გითხრათ, რომ ინტერნეტ მაღაზიაში rugbystore.ge -ზე გაიყიდება ჩემპიონატის სუვენირები და სხვადასხვა ატრიბუტიკა".
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბილეთების ორგანიზება არ მომწონს. ავჭალადან ლოკოზე სირბილი ალბათ ვერტმფრენი უნდა დავიქირავო
იმედია სამუშაო დღეებში შევძლებ მისვლას.
დაპირებული სტადიონები 2030 წელს იქნება ალბათ
ჯერ შეპირებული სტადიონები დადოს ზოგიერთმა
იმედია ხარვეზების გარეშე ჩაივლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ჩვენს ამბიციებთან ვიყოთ ელიტის ნაწილი რაგბში და არა მარტო რაგბში.
დაპირებულ და არაშენებულ 20 სტადიონზე რატომ არავინ არაფერს არამბობს? სად წავიდა? ვინ ჩაშალა და დაარღვია ტენდერის პირობები? პასუხი ვინ უნდა აგოს?
მაგას ხომ არჩევნების წინ შეგვპირდნენ