18-წლამდელები

8:56 | 12.04.2017 | ნანახია 4552 - ჯერ

18-წლამდელების ზედიზედ მესამე ფინალი

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა (18-წლამდელები) 2017 წლის რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში მებრძოლი იაპონია 42:17 დაამარცხეს და ტურნირის ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებენ.

შეხვედრას გულშემატკივარი მრავლად დაესწრო და ნეიტრალური ქომაგის გარდა, ტრიბუნებზე ბევრი იაპონელის ხმას “საქართველო - საქართველოს” ხმა ფარავდა.. თამაშმა ქარის ფონზე, სასიამოვნო ატმოსფეროში და დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. აზიელები წარმატების შანსს 55-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ (ამ ასაკში თამაში 70 წუთს გრძელდება), მაგრამ დასკვნით წუთებში უცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქე საბოლოოდ გატახეს და მატჩი სასურველ შედეგამდე მშვიდად მიიყვანეს.

ისე, როგორც კანადასთან, ქართველმა შეხვედრა აგრესიულად დაიწყეს და ანგარიში პირველსავე წუთზე გახსნეს. მათ რაქიდან იერიში მარცხენა ფრთაზე გაშალეს, ხაზი გაჭრეს და ლელოში ოთარ ძაგნიძე შევიდა. თედო აბჟანდაძემ ქარში გარდასახვა გააცუდა და მე-7 წუთზე ბურთი სადგამიდან ორჯერ გადავარდა, მაგრამ სისწრაფეში შორეული ჯარიმა კარგად შეასრულა და ანგარიში 8:0 გახადა.

იაპონელები გააქტიურდნენ და მაგრად შემოგვიტიეს. ისინი სწრაფად ასუფთავებდნენ რაქებს და შლიდნენ შეტევებს, კარგად კენძდნენ ფაზებს და წინ მიიწევდნენ, მაგრამ ბორჯღალოსნები ძლიერად დადგნენ და მეტოქე 22-ში არ შეუშვეს. მე-18 წუთზე რეფმა ძაგნიძე მაღალი ბოჭვისთვის გაასინბინა და რადგან ლელო ვერ გაჰქონდათ, თანაც სხვაობაც მცირე იყო, იაპონელებმა ჯარიმიდან 3 ქულა აიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე კაცნაკლული ვიყავით, თამაშის გათანაბრება მოვახერხეთ და აბჟანდაძემ ჯარიმის გატანა 55 მეტრიდან სცადა, მიზანმა ოდნავ უმტყუნა. სამაგიეროდ მალე ლელო დავდეთ, მეტოქის 22-ში მოგებულ დერეფანს მოლი მოყვა, მისი ჩაქცევის შემდეგ წინ ახლო დარტყმებით ვიარეთ, შეტევის დაგვირგვინება თავის თავზე გიგი ლეშკაშელმა აიღო და ლელო დადო, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახა. ტაიმის მიწურულს იმავე სტილში კიდევ ერთი ლელოს დადება შეიძლებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში დავჯარიმდით - 15:3.

პირველსავე ტაიმში გამოიკვეთა, რომ დიდ უპირატესობას ვფლობდით ძალისმიერ თამაშში, კარგად ვშლიდით ბურთს და ხაზის მოთამაშეები მანძილის მოგებას ახერხებდნენ, გმირულად ვიდექით დაცვაში, მაგრამ სიჩქარისა და ნერვიულობის ფონზე მოგვდიოდა შეცდომები, ვაგებდით რაქებს.

მეორე ტაიმი პირველივით კარგად დაიწყო. აბჟანდაძემ და დემურ თაფლაძემ მარჯვენა ფლანგზე ხაზი ორჯერ გაჭრეს, ბურთი მარცხნივ დაბრუნდა, ლეშკაშელმა მბოჭავი ჩამოიცილა და ლელომდე ირბინა. იაპონელებმა მალევე გვიპასუხეს, სისწრაფეში ხაზი გაჭრეს და რადგან გარდასახვაც ზუსტი იყო, ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს. პასუხად გამოვიყენეთ მძლავრი იარაღი მოლი და ჩვენი ნახევრიდან მეტოქის 22-მდე ვიარეთ, ჯარიმა აუტში გადავიტანეთ და ამჯერად მოლში იმდენი მეტოქე შევიდა, რომ ფლანგი უყურადღებოდ დარჩა. ეს საბა ხურცილავამ შენიშნა, დაუცველ მოკლე ფრთაზე შეუტია და ლელოში დაამიწა.

იაპონიამ კვლავ გარდასახული ლელოთი გვიპასუხა, მაგრამ ქართულმა მოლმა მათ ხასიათი ერთხელაც წაუხდინა - 55-ე წუთზე მოლს ბექა ყორიაული მოწყდა და ლელომდე ცოტა დააკლდა, დაკარგული ბურთი მალევე დავიბრუნეთ და მოკლე დარტყმებით მცველები დავამუშავეთ, ბურთი ხაზზე გავშალეთ და ლევან ნარიმანიძის ლელო გიორგი ასათიანმა გარდასახა. უმცროსი ბორჯღალოსნები არ მოეშვნენ და მალე ცენტრთან დანიშნული შერკინებიდან კლასიკური შეტევა განახორციელეს, მეტობა კარგად გაითამაშეს და კონსტანტინე მარჯანიშვილმა ქართველთა მეექვსე ლელო მიითვალა, ხოლო ასათიანმა გარდასახა. საქმე გაკეთებული იყო, მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა და კარის წინ დანიშნული ჯარიმით ანგარიშს საბოლოო სახე მივეცით - 42:17.

ამრიგად, 15 აპრილს საფრანგეთს ზედიზედ მესამედ ფინალში ვეთამაშებით, რომელმაც პორტუგალია 47:0 დაამარცხა.

ქართველი მსაჯები

რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატზე ორი ქართველი მსაჯი მუშაობს და მეორე ტურში ორივე მატჩის რეფერი იყო. ნიკა ამაშუკელმა აშშ-სა და ესპანეთის შეხვედრა იმსაჯა, ხოლო შოთა თევზაძემ ბელგია-კანადა. მეოთხედფინალში თევზაძემ საფრანგეთისა და ესპანეთის მატჩი იმსაჯა, ხოლო ამაშუკელი კიდეზე იდგა.

რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატი

11 აპრილი. ნახევარფინალი

საქართველო - იაპონია 42:17 (15:3)

საქართველო: 15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. საბა ხურცილავა; 1. ლუკა ჭელიძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი (კაპ.), 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.

მარქაფა: 16. გიორგი ახალაძე, 17. ვანო კარკაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნიკა წივწივაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. რევაზ ხარაზიშვილი, 23. ლევან ნარიმანიძე, 24. ირაკლი სიმსივე, 25. იოანე იაშაღაშვილი, 26. გოჩა ჩანადირი.

სამწვრთნელო შტაბი: დავით ჩავლეიშვილი - მთ. მწვრთნელი, ლევან შარვაშიძე - მწვრთნელი, მიხეილ სუჯაშვილი - მწვრთნელი, მამუკა ტყეშელაშვილი - მწვრთნელი, გივი ნადარეიშვილი - ფიზ. მწვრთნელი, სერგო ბერიაშვილი - ექიმი, გიორგი სვანიძე - ფიზიო, დავით რამიშვილი - ვიდეოანალიტიკოსი, მალხაზ დავითაშვილი - ფსიქოლოგი, ზაზა ლეჟავა - რაგბის აკადემიის ხელმძღვანელი, პაატა მაისურაძე - მენეჯერი

6 ლელო: ძაგნიძე, ლეშკაშელი (2, 3), ხურცილავა, ნარიმანიძე, მარჯანიშვილი

3 გარდასახვა: აბჟანდაძე, ასათიანი (2)

2 ჯარიმა: აბჟანდაძე, ასათიანი

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:33 | 12.04.2017
hannibal_barca (9)

რაგბის განვითარებას რაც შეეხება, თუ საკლუბო დონეზე ვერ ვითამაშეთ განვითარებაზე და გაზრდაზე ლაპარაკი ზედმეტია. როგორც ვიცი 400-500 ათასი ლარია საჭირო წელიწადში რომ კლუბმა ცელენჯზე ითამაშოს. ჩვენი "პატრიოტი" და "საქართველოზე გადამკვდარი" ბიზნესმენები უკვე რა ხანია კაპიკს არ ხარჯავენ. ისე 10 000-მა გულშემატკივარმა 50-50 ლარი შევაგროვოთ და ჩვენი ხარჯებით რომ ვათამაშოდ საართველოს ჩემპიონი ევროთასზე ჯობია!
ისე დაახლოებით ასეთი რამ მოხდა იაპონიის ჯეი ლიგაში, გუნდი გაკოტრდა და გულშემატკივრებმა შეაგროვეს ფული. ჩვენც გავაკეთოდ რა მოხდება? რაგბის კავშირს დაველაპარაკოდ, ფონდი გაკეთდეს და შევიტანოთ თანხა, ჩვენც გაგვისწორდება ჩვენი გუნდი რომ ჩელენჯზე ითამაშებს, თანაც საერთო საქმესაც გავაკეთებთ.

22:56 | 13.04.2017
krasni (587)

კარგი აზრია და თუ თავი მოეყრება საქმეს, თქვენს გვერდში მიგულეთ.

14:47 | 13.04.2017
BEERTRANCE (1073)

ფეისზე ათასობით პათოსურ პოსტს დაწერენ და მერე რეალურად 100 კაცამდე თუ ვიზამთ საქმეს.

10:41 | 13.04.2017
buratino (480)

მივესალმები შენს წამოწყებას! თუკი ეს მოხერხდა, მაშინ ეგ იქნება საქართველოში უპრეცედენტო დონეზე ერთად დგომის გამოხატვის ფაქტი, რასაც რაგბი ჩაუყრის საფუძველს. არადა, ეს იდეა 2 წლის წინ მე დავწერე ამ ფორუმზე და მაშინ ზოგიერთმა დამცინა. ახლა კი, როგორც ჩანს, რეალობიდან შორს სულაც არ მოჩანს. მთავარია, მოვინდომოთ ქომაგებმა და რაგბის კავშირმა. აბა, ამ ე.წ. "ბიზნესმენების" იმედზე ვერ იქნებიან ჩვენი ბიჭები

04:22 | 13.04.2017
temuchin (431)

კარგი იდეაა, ოღონდ გამჭვირვალობა იქნება უპირველესი მოთხოვნა. მაგრამ მაინც მგონია რომ ეს ინიციატივა მხოლოდ საწყის წლებში გაქაჩავს ისიც თუ მხარს აუბამს საკმარისი რაოდენობა

20:01 | 12.04.2017
პანტელეიმონი (1218)

მხარს გიჭერ მეგობარო, მემგონი ეს ნაბიჯი კიდევ ერთი დასტური იქნება რაბის მიმართ ქართველობის.

19:26 | 12.04.2017
hannibal_barca (9)

გილოცავთ! აჰა ძმაო, მშვენიერი თაობები გვეზრდება რაგბიში, თანაც ხელითაც მშვენივრად თამაშობენ, შერკინება და მოლი ხომ ძაან მაგარია! ახლა მთავარია საფრანგეთთან მაგრა ვიბრძოლოთ.
წარმატებები ბიჭებო!

18:13 | 12.04.2017
temuchin (431)

ბიჭებო მგლები ხართ! ავტორს კი შესწორება: კენძდნენ კი არა კინძავდნენ.

16:24 | 12.04.2017
maxo_65 (458)

მსოფლიოში ერთერთი ყველაზე სწრაფი გუნდი დავჩაგრეთ გუშინ სისწრაფეში...

16:23 | 12.04.2017
maxo_65 (458)

საფრანგეთს ყელზე დავადგებით, წელს ძალიან კარგი გუნდი გვყავს..შარშან დიდი ანგარიშით წაგება დიდწილად გამოიწვია გუნდის გადაღლამ, ორი ურთულესი შეხვედრა მოვიგეთ ირლანდიასთან და იტალიასთან, თუ გახსოვთ პენალტების სერიაში მოვიგეთ ორივე თამაში..შესაბამისად დიდი ენერგია დახარჯეს ბიჭებმა და ფინალში მხოლოდ ერთ ტაიმში შევძელით წინააღმდეგობის გაწევა...მოგების ილუზია არ მაქვს მაგრამ ვფიქრობ ჩვენც გვაქვს გამარჯვების შანსი...

16:46 | 12.04.2017
geogoli (367)

შარშან უკვე აღარ იყვნენ იტალია და ირლანდია ტურნირზე, შარშანწინდელზე ამბობ, აფრასიძემ რომ ურტყა გამორჩეულად... შარშან საზიზღრად წავაგეთ საფრანგეთთან, მოყვარულების დონეზე იყვნენ ჩვენები იმ თამაშში

16:42 | 12.04.2017
BEERTRANCE (1073)

მთავარია რა ხარვეზებიც იყო ეგენიც მინიმუმამდე კი არა 0-დე უნდა იქნას დაყვანილი.

18:20 | 12.04.2017
temuchin (431)

შარშანწინდელზე ამბობთ ალბათ 57-0 რომ წავაგეთ, შარშან 42-0 წაგვიგია, წელს იქნებ გაცილებით ნაკლები სხვაობა ან ვინ იცის მოგებაც შვძლოთ.

14:46 | 13.04.2017
BEERTRANCE (1073)

2-ვეზე

15:41 | 12.04.2017
buratino (480)

ძალიან კარგი ბიჭები მოდიან, 20 წლამდელებზე არანაკლები. ჰოდა, მართლაც საჭიროა მათი განვითარებისთვის მეტი ფინანსების ჩადება რაგბში. რაც შეეხება შაბათის ფინალს, მოგებას არ ველოდები მაგრამ ფრანგებთან მაგარი ბრძოლის კი მჯერა

15:28 | 12.04.2017
fcchelsea (1)

პირველ რიგში ბრავო ბიჭებო და მეორე ამათ თუ საფრანგეს მოუგეს ხელები მაღლა ამიწევია ამათ წინაშე.

11:36 | 12.04.2017
DataN24 (215)

ძალიან მაგარი თაობა მოდის და ამაათ სწორ განვიტარებაზე არ უნდა დავიშუროთ რაც გვაქვს ის მწირი ფინანსები, კარგი თამაში იყო ასაკის სესაბამისად იყო შეცდომები რაც უნდა გამოვასწოროთ ფინალისთვის, 55 მეტრიანი ჯარიმა ასეთ ქარში 17 წლის ბიჭისთვის ცოტა ბევრი მოუვიდათ ძალიან არ მომეწონა ეს გადაწყვეტილება

11:27 | 12.04.2017
BEERTRANCE (1073)

იმედია ის ხარვეზები რაც იყო იაპონიასთან ამათაც აღმოფხვრით ფინალში და ფრანგებსაც დავამწუხრებთ.

11:14 | 12.04.2017
geogoli (367)

ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას, როგორც ჩანს მორიგი კარგი თაობა მოდის. აჯობო მეორე დონის ქვეყნების ახალგაზრდებს ასე დამაჯერებლად ნიშნავს რომ ახალგაზრდებთან მათზე უკეთესად ვმუშაობთ. მთავრია ბოლომდე სწორად განვითარდნენ ბიჭები. დიდი მადლობა მწვრთნელთა შტაბს, შარშანდელი ფინალის მერე მაინცდამაინც კარგად ვერ ვაფსებდი მათ მუშაობას, მაგრამ ზედიზედ სამჯერ ფინალში გუნდის გაყვანა უკვე მართლა დიდი საქმეა.
ძალიან მაგარი იქნება ჩვენც თუ ვუმასპინძლებთ მსგავს შეჯიბრებას, ფრანგებზე უკეთ ნამდვილად ჩავატარებთ

10:06 | 12.04.2017
krasni (587)

კარგი იყო ჩვენი ნაკრები იაპონიასთან, მაგრამ იყო პატარ პატარა შეცდომები, რომლებიც ფრანგებთან მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. შარშანდელმა U20-მა გვაჩვენა, რომ ფრანგებთანაც შეიძლება თამაში.

0.090309