სტატიები

18:31 | 10.04.2017 | ნანახია 1936 - ჯერ

სამი ტურით ადრე

საფრანგეთისა პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ერთმა გუნდმა პირველობა პრაქტიკულად დაიბევა, საჩემპიონო პლეი-ოფში გასვლის შანსს კი, მე-12 პოზიციაზე მყოფი გუნდიც ინარჩუნებს.

ტოპ 14-ს ჩემპიონატის მთავარი მოულოდნელობა "ლა როშელი" ლიდერობს, რომელმაც ტურნირში ზედიზედ 10 თამაში მოიგო და უახლოეს მდევარს 14 ქულით უსწრებს. 23-ე ტურში მან "ბორდოს" უმასპინძლა და 16:5 სძლია. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 45 წუთი ითამაშა ბურჯმა ლექსო ყაულაშვილმა. აღსანიშნავია, რომ "ლა როშელი" მეორე ფრონტზეც იბრძვის და 21 აპრილს ჩელენჯ კაპის ნახევარფინალში "გლოსტერს" დაუხვდება, მანამდე კი ტოპ 14-ის 24-ე ტურში "ლიონს" ეწვევა.

ქართველი ქომაგისთვის საინტერესო მატჩი შედგა კლერმონში, სადაც "ვულკანებმა" "ბრივს" უმასპინძლეს და მოულოდნელად 21:26 დამარცხდნენ. მიუხედავად მარცხისა, "კლერმონი" მეორე ადგილზე რჩება, ხოლო "ბრივმა" ამ მოგებით ექვსეულში შესვლის კარგი შანსი შეინარჩუნა. მოედანზე 4 ქართველი გავიდა. "ბრივის" ბურჯები - კარლენ ასიეშვილი და სოსო ბეკოშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და შესვენებისას შეცვალეს. ბეკოშვილს მოედანზე დაბრუნება 73-ე წუთზე მოუწია. შეცვლაზე 55-ე წუთიდან ითამაშა 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ. მასპინძელთა რიგებში მეორე ტაიმი სრულად ითამაშა ოთარ გიორგაძემ, რომელიც მეორედ გამოჩნდა "კლერმონის" პირველი გუნდის შემადგენლობაში.

"მონპელიემ" "გრენობლი" 54:14 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. თამაშში სამმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა და ერთ-ერთმა ლელო დადო. ეს ბურჯი გაგი ბაზაძე იყო, რომელმაც ლელოთი 67-ე წუთზე აგორებული მოლი დააგვირგვინა. ბაზაძე "მონპელიეს" დუბლებიდან "მასის" გავლით "ლა როშელში" აღმოჩნდა და პირველი ფრანგული ლელო შარშან მისი მაისურით მიითვალა. ამ სეზონის წინ ის "მონპელიეში" დაბრუნდა, პირველი გუნდის რიგებში მეშვიდედ ითამაშა და პირველი ლელოც მიითვალა. ბაზაძე და კონსტანტინე მიქაუტაძე თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთვნენ. მიხეილ ნარიაშვილი გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად თამაშში 39-ე წუთზე ჩაერთო და 6 წუთი ითამაშა, ხოლო 55-ეზე სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. მე-60 წუთზე რეფერიმ მას ყვითელი ბარათი უჩვენა.

"ტულონმა" სამმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ "ტულუზს" 33:23 სძლია. პირველ ტაიმში დანიშნულ შერკინებებში ქართველი ბურჯები - ლევან ჩილაჩავა და ვასილ კაკოვინი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ტულონელთა თავკაცმა ჩილაჩავა შესვენებისას შეცვალა, კაკოვინმა 51 წუთი ითამაშა, მაგრამ 64-ე წუთიდან მატჩის ბოლომდე კვლავ მოუწია მოედანზე ყოფნა. ამ მარცხის შემდეგ "ტულუზი" მე-12 ადგილამდე დაეშვა, მაგრამ საპლეიოფო ზონას 6 ქულა აშორებს, ხოლო "ტულონი" 57 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

"სტად ფრანსემ" "ბაიონს" სტუმრად 32:16 მოუგო და პრემიალური ქულა ჩაიწერა. ზურაბ ჟვანია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე მესამე ლელო შექმნა. მან საკუთარი ლელოს ხაზთან მიიღო ბურთი და ფლანგზე გაიქცა, მერე ფეხით ითამაშა და იერიში ლელოთი დასრულდა. ჟვანიამ 71 წუთი ითამაშა და ის გიორგი მელიქიძემ შეცვალა.

პრო დ2-ის სამი ლიდერი

მეორე ელიტარულ დივიზიონში ტოპ 14-ის საგზურისთვის ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი იბრძვის.

27-ე ტურში "ანგულემთან" სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "აჟენმა" – 22:19. სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად სამი ქართველი იყო და მასპინძელთა მესამეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა და სტუმართა შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ სრულად ითამაშეს, ხოლო სტუმართა ბურჯი გიორგი თეთრაშვილი 52-ე წუთზე შეცვალეს.

"აჟენს" 79 ქულა აქვს და 2-ით ჩამორჩება ‘"ოიონას", რომელიც "ბიარიცთან" 13:16 დამარცხდა. სტუმართა შორის 67-ე წუთიდან ითამაშა ირაკლი მირცხულავამ.

76 ქულით მესამეა ბექა გორგაძის "მონ-დე-მარსანი", რომელმაც "ბურგუენი" სტუმრად 56:14 დაამარცხა და პრემიალური ქულაც მიიღო. გორგაძემ სრულად ითამაშა.

სამი ქართველი იყო მოედანზე "ორიაკისა" და "ალბის" შეხვედრაში. მასპინძელთა შორის სრულად ითამაშა შუამარბმა მერაბ შარიქაძემ, ხოლო ნიკოლოზ ხატიაშვილმა მოედანზე 65 წუთი გაატარა. 34-ე წუთზე შეცვალეს სტუმართა ბურჯი ბექა შეყლაშვილი, რომელსაც მოედანზე დაბრუნება 58-ე წუთზე მოუწია და 75-ეზე ისევ შეცვალეს.

"დაქსმა" "კარკასონს" საკუთარ მოედანზე 25:15 აჯობა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ბურჯი გიორგი ნაცარაშვილი იყო, ვინც 52-ე წუთზე შეცვალეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088528