უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატის მეოთხედფინალში კანადელი თანატოლები 40 ქულის სხვაობით, 43-3 დაამარცხეს და ნახევარფინალში იაპონიას შეხვდებიან.
მას შემდეგ, რაც 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონი ექვსი ერის წარმომადგენლებმა დატოვეს (2015 წლიდან, საფრანგეთის გარდა), რაგბი ევროპამ ტურნირის გაძლიერებაზე დაიწყო ზრუნვა და მასში კანადის, აშშ-სა და იაპონიის ნაკრებები ჩართო. შედეგად, ევროპის ჩემპიონატი ღია ტურნირად იქაცა და ის ამ ფორმატით წელს პირველად ტარდება.
უმცროს ბორჯღალოსნებს ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლებთან ამ ასაკში აქამდე არასდროს ერაგბათ და მოლოდინი შედარებით ფრთხილი იყო, მაგრამ გუნდი ამ გამოწვევისთვის მომზადებული აღმოჩნდა. დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და საქმე პირველსავე ტაიმში მოამთავრეს. ქართველებმა მეტოქეს აჯობეს შერკინებაში, დერეფანში, მოლში, მიყოლაში, ინდივიდუალურად, ყველა ჯერზე ხერხდებოდა მანძილის მოგება, უპირატესობის შექმნა და რომ არა პატარ-პატარა შეცდომები, სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა.
კანადელებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს, მაგრამ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ისინი წნეხში მოაქციეს და დებიუტშივე ლელო დაუდეს. დერეფანში ბურთის მოგებას რამდენიმე დარტყმა მოყვა, მარცხენა ფრთაზე მეტობა გავითამაშეთ და ლელო კონსტანტინე მარჯანიშვილმა მიითვალა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა - 7:0. 4 წუთში მეორე ლელო დაიდო. იერიში კვლავ მოგებულ დერეფანს და კარის წინ რამდენიმე დარტყმას მოყვა, ოღონდ ამჯერად შეტევა მარჯვენა ფრთაზე განვითარდა და ლელო ოთარ ძაგნიძემ მიითვალა. აბჟანდაძემ ძელის გავლით გარდასახა - 14:0.
ასეთმა დასაწყისმა ბიჭები არ გაათამამა და მე-19 წუთზე კარის წინ 25 მეტრში ჯარიმა რომ მოიპოვეს აბჟანდაძემ ის 3 ქულად აქცია. 5 წუთში მესამე ლელო ვიხილეთ, მოკლე პასებით გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ფლანგზე ძაგნიძე გაიქცა, შებოჭილმა ლაშა ლომიძეს ოფლოუდი გაუხერხა და მანაც ლელოში შეირბინა. 32-ე წუთზე ქართველმა მორკინალებმა დარტყმებით კანადელთა დაცვა ისევ მოარღვიეს, ძაგნიძე ამჯერად მარჯვენა ფლანგზე აღმოჩნდა, ბოლო მცველს მაღალ სიჩქარეზე ჩაურბინა და ლელოში ძელებს უკან შეფრინდა, აბჟანდაძემ კი ორივე ლელო გარდასახა - 31:0.
მიუხედავად ანგარიშში სხვაობისა, ტაიმის ბოლოს კანადელებმა ჯარიმა კარში დაარტყეს და სხვაობა 3 ქულით შეამცირეს. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს, მაგრამ დაცვაშიც კარგად ვითამაშეთ. რეფერიმ 46-ე წუთზე რატი ჟორჟოლიანი გაასინბინა, მაგრამ კაცნაკლულებს ლელოს დადების შანსი იქით გვქონდა, ხაზი კვლავ ძაგნიძემ გაჭრა და ბურთი მიხეილ ალანიას გადააწოდა, რომელიც მცველმა ისე უხეშად შებოჭა, რეფერისგან წითელი ბარათი დაიმსახურა.
მეორე ტაიმი 23 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მეხუთე ლელო დავდეთ. ამჯერად დერეფნიდან მოლი ავაგორეთ და გია ხარაიშვილმა ბურთი ლელოში დაამიწა. თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა გიორგი ახალაძემ ითამაშა კარგად, მცველი აიყვანა და ბურთი თავისუფალ ძაგნიძეს ამოუგდო, რომელსაც დამსახურებული ჰეთ-თრიკის შესრულება არ გაჭირვებია. აბჟანდაძემ ამ ორიდან ერთი გარდასახა და ქართველმა 18-წლამდელებმა კანადელი თანატოლები 43:3 დაამარცხეს.
სასიამოვნოა, რომ ეს გამარჯვება კარგი თამაშის შედეგად დადგა. ბევრი იშრომეს მორკინალებმა, სივრცეები შექმნეს და თანაგუნდელებს გარჯა უკანახაზელებმა დაუფასეს. 11 აპრილს ჩავლეიშვილის შეგირდები იაპონიას შეხვდებიან, რომელმაც ბელგიას 36:10 მოუგო. დანარჩენ ორ მატჩში პორტუგალიამ აშშ-ს 26:5, ხოლო საფრანგეთმა ესპანეთს 36:9 მოუგო.
რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატი
7 აპრილი. მეოთხედფინალი
საქართველო - კანადა 43:3 (31:3)
საქართველო: 15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. საბა ხურცილავა; 1. ლუკა ჭელიძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი (კაპ.), 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.
სათადარიგოები: 16. გიორგი ახალაძე, 17. ვანო კარკაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნიკა წივწივაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. რევაზ ხარაზიშვილი, 23. ლევან ნარიმანიძე, 24. ირაკლი სიმსივე, 25. იოანე იაშაღაშვილი, 26. გოჩა ჩანადირი.
სამწვრთნელო შტაბი: დავით ჩავლეიშვილი - მთ. მწვრთნელი, ლევან შარვაშიძე - მწვრთნელი, მიხეილ სუჯაშვილი - მწვრთნელი, მამუკა ტყეშელაშვილი - მწვრთნელი, გივი ნადარეიშვილი - ფიზ. მწვრთნელი, სერგო ბერიაშვილი - ექიმი, გიორგი სვანიძე - ფიზიო, დავით რამიშვილი - ვიდეოანალიტიკოსი, მალხაზ დავითაშვილი - ფსიქოლოგი, ზაზა ლეჟავა - რაგბის აკადემიის ხელმძღვანელი, პაატა მაისურაძე - მენეჯერი
6 ლელო: მარჯანიშვილი, ძაგნიძე (2, 4, 6), ლომიძე, ხარაიშვილი
5 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ იმედია ფინალში გავლენ
გული მიგრძნობს კარგ რაღაცეებს))
ძალიან კარგი ბიჭები გვყავს. იაპონიასთან იმედია მეტი ყურადღებით ვიქნებით.
საქართველო - კანადა (მთელი თამაში)
GEORGIA vs CANADA - U18 Rugby Europe Championship April 07, 2017
0?'>https://www.youtube.com/watch?v=XysKJfQcnVQ':'>https://www.youtube.com/watch?v=XysKJfQcnVQ'))
-------------------------------------------------------------------
საუკეთესო მომენტები
Georgia vs Canada 43:3 / Rugby Europe U18 Open Championships 2017
0?'>https://www.youtube.com/watch?v=74aqwhr9i9c':'>https://www.youtube.com/watch?v=74aqwhr9i9c'))
განსაკუთრებით თვალშისაცემი ჩემთვის იყო ფეხით ძალიან კარგი თამაში, ყოჩაღ აბჟანდაძეს.
თან მაგარი ისაა რომ ძაგნიძეც კარგად ურტყავს ფეხს და კიდევ რამოდენიმე დამრტყმელია ფეხის.აბჟანდაძეს ყოჩაღ.
აბჟანდაძე, ლომიძე, ძაგნიძე
იაპონიასთან მეტი კონცენტრაცია.
წარმატებები ბიჭებს. გამიხარდა რომ 43 ქულიდან 28 აიას სკოლის ბიჭებმა დადეს.
მაგრამ ცუდია ის რაც დიდ 10 ხდება. წირავენ გუნდს რომელიც დღემდე დაუღალავი შრომით მოვიდა, მოვიდა პატიოსნობით და სუფთად. მაგრამ უკვე გადაედო ფეხბურთის სენიც რაგბის ფედერაციას. რაც შეიძლება ნაკლები რეგიონის გუნდი. აი ესაა დევიზი ალბათ. ალბათ შარშანდელი ვერ აპატიეს მის თავებს რომ ასე ერთი ამოსუნთქვით გადმოვიდა 1ლიგიდან დიდ 10 ში. ასე პანტაპუნტით რომ არბევდა თბილისურ გუნდებს. ალბათ ესაა მიზეზი იმისა რომ დღეს ბაგრატს ასე ექცევიან. ბრავოო!!!
სპორტი რომელიც ვაჟკაცობით, ერთგულებით, მეგობრობით და სპორტული ჟინით გამოირჩეოდა საქართველოში წელს 180 გრადუსით შემობრუნდა.
ძალიან შემაშფოთებელია რასაც თქვენ ამბობთ და თუ ღმერთმა არა ქნას და მართალია თქვენი აღქმა დიდი უბედურება იქნება ქართული რაგბისთვის. მეტი კონკრეტიკაა საჭირო და ფაქტები.
რაში მდგომარეობს ბაგრატის გაწირვა შეგიძლიათ განგვიმარტოთ მათ ვინც ნაკლებად ინფორმირებული ვართ ამ მხრივ?