შოტლანდიის ნაკრების და ინგლისური “გლოსტერის” ვარსკვლავი გრეიგ ლეიდლოუ რაგბს მალე დაუბრუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას 6 ერის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
31 წლის მორაგბემ 6 ერის გათამაშების მეორე ტურში (12 თებერვალს), საფრანგეთთან გასვლაზე წაგებული (16:22) მატჩის 24-ე წუთზე ტერფის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.
“სქოთების” კაპიტნის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის და როგორც თავად აღნიშნა, დაახლოებით ორ-სამ კვირაში დაბრუნება უნდა მოახერხოს.
“ყველაფერი კარგად მიდის. ტერფი უკეთესად მაქვს. წესით, ორ-სამ კვირაში დაბრუნება უნდა შევძლო. ამის დიდი იმედი მაქვს.
ვფიქრობ, რომ შოტლანდიის ნაკრებიდან რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია ლომების გუნდში ყოფნა. იქ არის სტიუარტ ჰოგი, თუმცა არსებობენ სხვა მორაგბეებიც ჩვენი გუნდიდან, რომლებსაც ლომებში თამაში შეუძლიათ.
6 ერის გათამაშება მაღალ დონეზე ჩავატარეთ. სამი მატჩი მოვიგეთ, თუმცა მაინც მე-4 ადგილზე გავედით და ეს ალბათ უიღბლობაა. ჩემი აზრით, ძალიან კარგი გუნდი და მოთამაშეები გვყავს, რაც ზაფხულის მატჩებშიც უნდა დავამტკიცოთ”, - განაცხადა გამოცდილმა ჰავბექმა.
ცნობისთვის, 2006 წლის შემდეგ შოტლანდიამ 6 ერის ერთ გათამაშებაში 3 მატჩი პირველად მოიგო. “ნარშავები” ზაფხულის ტესტებში იტალიის, ავსტრალიის და ფიჯის ნაკრებებს ეთამაშებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია