ჭაბუკთა "ა"

15:54 | 6.04.2017 | ნანახია 2707 - ჯერ

ჭაბუკთა "ა" ლიგა: ჩვენი მომავალი
დანაკლისის მიუხედავად ჭაბუკთა „ა“ ლიგის მოქმედი ჩემპიონი - თბილისის „ლელო“ ტიტულის მოპოვებას მიმდინარე ჩემპიონატშიც ეცდება. საკადრო პრობლემების მიუხედავად - კლუბს 20 და 18 წლამდე ნაკრებებში 20-მდე მორაგბე ჰყავს მივლინებული - წლების განმავლობაში გამართულმა სელექციურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ეს ყველაფერი „ლელოს“ შემადგენლობასა და თამაშის ხარისხზე დადებითად აისახა. მარტო ბოლო 9 თვის მანძილზე გუნდის ორმა მესამე’ხაზელმა - ლუკა აზარიაშვილმა და ლუკა ჭელიძემ - დაოსტატება საფრანგეთის ტოპ-14-ის კლუბების - „მონპელიესა“ და "ტულონის“ ახალგაზრდულ გუნდებში განაგრძეს. უნივერსალური თვისებების მქონე, 18 წლამდე ნაკრების ყოფილი კაპიტანი ბექა საღინაძე, ბეჟან გავაშელიშვილი და აკა ტაბუცაძე - დუბლების გვერდით ავლით - პირდაპირ დიდ 10-ში მოხვდნენ. ლელოს „უფროს“ ჭაბუკებს უნარიანად ხელმძღვანელობენ ყოფილი ბორჯღალოსნები - მიხეილ სუჯაშვილი და ოთარ ბარკალაია. თითოეული ჭაბუკი მორაგბე „ლელოს“ მთავარი გუნდის დამრიგებლის, ლევან მაისაშვილის თვალთახედვის არეშიც იმყოფება. „ლელოს“ მფლობელმა და პრეზიდენტმა, ვასილ "ბათუ" კევლიშვილმა III მასივში, კლუბის საკუთრებაში არსებულ სტადიონზე, ნიჭიერ მორაგბეებს წვრთნისა და თამაშის ჩინებული პირობები შეუქმნა. აღსანიშნავია, რომ კევლიშვილი უახლოეს მომავალში პირველი ქართული კერძო სარაგბო აკადემიის გახსნასაც გეგმავს. მართალია, მიმდინარე სეზონში „ლელო“ მოწინავე რვეულში მხოლოდ ნუგეშ-ქულით შევიდა, მაგრამ ტრადიციულ მთავარ მოცილესთან - ქუთაისის „აიასთან“ გამართულ შეხვედრაში ჩემპიონი უმეტესად დომინირებდა. რიონისპირელები 2 ჯარიმით აღებულ 6 ქულას დასჯერდენენ, "ლელომ" კი ორჯერ უწია მეტოქის ლელოს და დამაჯერებლად 20:6 მოიგო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „ლელოს“ შუამარბის, ბექა აბულაშვილის გააზრებული და შედეგიანი თამაში. ოთარ ბარკალაიამ ჰავბექ გიორგი მარგალიტაძისა და ბურჯ დავით ქვათაძის სწრაფ პროგრესსაც გაუსვა ხაზი. ჩემპიონი მორიგ შეხვედრას მეორე ქუთაისურ კლუბთან - „ბაგრატთან“ - სტუმრად გამართავს. ქუთათურთა ოპტიმიზმი ჭაბუკთა „ა“ ლიგის ბოლო წლების უცვლელი ფავორიტთაგანი - ქუთაისის „აია“, მართალია, მეორე ეტაპის საწყის ორ ტურში აღებული ერთი, კინკილა ქულით მოწინავე კვარტეტს მიღმა იმყოფება, მაგრამ რიონის’პირელთა მთავარი მწვრთნელი გაგა გურეშიძე მაინც არ ჰკარგავს საბოლოო წარმატების იმედს და მიიჩნევს, რომ მის შეგირდებს არსებული რესურსით „ოქროს“ ფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ. დროებით წარუმატებლობას გურეშიძე და მისი თანაშემწე ირაკლი ჩხიკვაძე ასაკობრივ ნაკრებებში გამოძახებული 14 მოთამაშის არყოლით ხსნიან, რასაც ძირითადი შემადგენლობის სამი წევრის ტრავმაც ემატება. ქუთათურ ჭაბუკებთა მთავარ მიზანს დიდ გუნდში მოხვედრა და მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა წარმოადგენს. გასათვალისწინებელია, რომ დიდი 10-ის ლიდერის - ქუთაისის „ აიას“ შევსების მთავარი წყარო სწორედ რომ ჭაბუკთა გუნდია, რადგან კლუბს დუბლები არ ჰყავს. „აიას“ დამრიგებელმა - ბექა ყურაშვილმა შარშან ორი იმედის’მომცემი მგეზავი - ოთარ ძაგნიძე და თედო აბჟანდაძე - სწორედ რომ ჭაბუკთა ლიგის გუნდიდან აიმატა. წელს ჭაბუკი ქუთათურების თავკაცობა პაატა ზედაშიძეს, გოგა ბზიკაძეს, დათო გობეჯიშვილს, ანდრო ახვლედიანსა და ლაშა ძნელაძეს გამოარჩევს, და შეგირდებს მეტი შრომისა და თავდადებისაკენ მოუწოდებს. გუნდი საშინაო შეხვედრებს ქუთაისის მთავარ სარაგბო სტადიონზე - „აია არენაზე“ მართავს, იქ კი, გურეშიძეს თქმით, საშუალოდ 500 ქომაგის აქტიური მხარდაჭერით ფრთა’შესხმულ ჭაბუკებს წინ არა’ერთი წარმატებული თამაში ელით... საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:06 | 07.04.2017
პანტელეიმონი (1218)

ასე გააგრძელეთ ბიჭებო ! ! !

0.075054