საფრანგეთი პრო დ2

16:00 | 3.04.2017 | ნანახია 5647 - ჯერ

ბექა გორგაძის ბენეფისი პრო დ2-ში (+VIDEO)

ქართული ლელო საფრანგეთის პრო დ2-შიც გავიდა: ბექა გორგაძემ თავისი „მონ-დე-მარსანისა“ და „ნარბონის“ შეხვედრის მიწურულს ლელო გაიტანა. 21 წლის ბორჯღალოსანი სეზონის მეორე ნახევარში ფანტასტიკურად ათამაშდა და ეს ლელო მისთვის მე-3 იყო „მონ-დე-მარსანში“ ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში.

„ნარბონთან“ 37:6 მოგებულ შეხვედრაში კი ახალგაზრდა ქართველი მესამეხაზელი საუკეთესო იყო. პირველი და მეორე ლელო მისი უშუალო მონაწილეობით გავიდდა, ხოლო 74-ე წუთზე მან თავადაც ისახელა თავი, მაგრამ ლელოცაა და ლელოც. ბეკა სტუმართა ლელოს ხაზთან შექმნილი რაქიდან გამოვიდა, ბურთი მოითხოვა, მიიღო და მიზნისკენ აგრესიულად დაიძრა, გზად 5(!) მოწინააღმდეგე ვითომც ვერ დაინახა და ბურთი ლელოში დაამიწა. როგორც ფრანგულ პრესაში დაიწერა, „საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდამ 8 ნომრის პოზიციაზე მშვენივრად ითამაშა. ის მატჩიდან მატჩამდე იზრდება. დაცვაში უკომპრომისოა, ფიზიკურად ძლიერია და დერეფანში თამაშის კარგ უნარებსაც ავლენს. დაუღალავად იშრომა და თამაშის ბოლოს ჯილდოდ ბრწყინვალე სოლო-ლელო მიიღო, როგორც ეს ბოლო დროს ხშირად ხდება ხოლმე“.

„ნარბონში“ ბოლო 13 წუთი ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ტარიელ რატიანიძემ ითამაშა, რომელიც რაგბს დიდი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. „მონ-დე-მარსანი“ კი საპლეიოფო ზონაში დამკვიდრმა.

ცნობისთვის, პრო დ2-დან ტოპ 14-ში პირდაპირ მხოლოდ რეგულარული სეზონის გამარჯვებული გუნდი გადადის, ხოლო მომდევნო ოთხ ადგილზე გასულები პლეი-ოფში კიდევ ერთ უმაღლესლიგელს გამოავლენენ. ლიდერი კი უცვლელია: „ოიონამ“ საკუთარ მოედანზე „დაქსი“ ბონუსით, 46:26 დაამარცხა, 80 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს უკვე მთელი 5 ქულით უსწრებს. მასპინძელთა სასტარტო მარჯვენა ბურჯი ირაკლი მირცხულავა იყო, ვინც მატჩის დასაწყისში შერკინებაში წესები რამდენჯერმე დაარღვია და რეფერიმ დააჯარიმა, რაც მის გუნდს 3 გაშვებულ ქულად დაუჯდა. 50-ე წუთზე მირცხულავას ადგილი გიორგი ვეფხვაძემ დაიკავა. „დაქსში“ კი დასკვნითი 14 წუთი მოედანზე ელიზბარ ყუფარაძემ გაატარა.

„ოიონას“ უახლოესი მდევარი ვახსენეთ და ეს „აჟენია“ (75 ქულა), რომელმაც „კარკასონს“ გასვლაზე 19:12 მოუგო და ბონუს-ქულა ვერ გამოიმუშავა. კარკასონელთა მარჯვენა ბურჯად 48-ე წუთიდან ვეტერანმა გიორგი ნაცარაშვილმა ითამაშა. ვისაც ძალიან გაუჭირდა მასზე საგრძნობლად ახალგაზრდა და ტანმორჩილ გიორგი თეთრაშვილთან ბრძოლა. აჟენელი პირველხაზელი თამაშში 21-ე წუთზე ჩაერთო, რადგან მისი გუნდის სასტარტო მარცხენა ბურჯი იჩაგრებოდა. თეთრაშვილის გამოსვლა და სტუმართა შერკინების დომინაცია ერთი იყო - გიორგიმ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა და აჟენელთა პირველი ხაზი მატჩის დარჩენილი დროის განმავლობაში თავის ნებას კარნახობდა კარკასონელებს.

თამაზ მჭედლიძემ „აჟენში“ შეუცვლელად იასპარეზა და როგორც ყოველთვის, შეტევაში სახიფათო იყო.

მესამე-მეოთხე ადგილებზე 71-71 ქულით ხსენებული „მონ-დე-მარსანი“ და „კოლომიე“ იმყოფებიან. ამ უკანასკნელმა „ორიაკს“ უპრინციპულეს მატჩში 21:19 აჯობა და სტუმრებს ბონუსი გაატანა, თუმცა ორიაკელთა საპლეიოფო შანსები მაინც შემცირდა. ნიკოლოზ ხატიაშვილი და მერაბ შარიქაძე პირველივე წუთიდან იყვნენ მოედანზე, ორიაკელთა ქართველი ბურჯი 51-ე წუთზე შეცვალეს. ბუკამ ბოლომდე ირაგბა და მასპინძელთა ბოლო, გადამწყვეტი ლელოც, გარკვეულწილად, მის შეცდომას მოყვა - შარიქაძეს ზედ ლელოს ხაზთან ბოჭვა გაუცუდდა, თუმცა, კოლომიელი ისე მძლავრად მიიწევდა წინ, რომ ბურთს ალბათ შებოჭილიც დაამიწებდა.

და აუტსაიდერების შესახებაც. „ვანმა“ შალვა სუთიაშვილის გარეშე მოთამაშე „ანგულემი“ 26:3 გაანადგურა (სტუმართა შემადგენლობაში 56-ე წუთზე შეცვლაზე ლაშა თავბერიძე შევიდა) და სულაც „ნარბონსა“ და „დაქსს“ დაეწია, ხოლო „ალბიმ“ შინ „მონტობანთან“ 13:16 წააგო, ბონუსს დასჯერდა, მაგრამ სამშვიდობო ზონაში მყოფ ხსენებულ სამეულს უკვე 6 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონატის დასრულებამდე კი 4 ტურიღა დარჩა. „ალბიში“ სასტარტო #3 ბექა შეყლაშვილი იყო, ვინც 33-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა ქართველი ბურჯი 50-ეზე დააბრუნეს და ბოლომდეც ათამაშეს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:33 | 03.04.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე ბექა, ქართული რაგბის დიდი მომავალი შენს გარეშე არ წარმომიდგენია.

0.109686