ჩელენჯ კაპი

12:52 | 3.04.2017 | ნანახია 3299 - ჯერ

ჟვანიას ლელო და სამი „ქართული“ გუნდი ევროთასების ნახევარფინალში (+VIDEO)

მაშ ასე, საკლუბო რაგბის ორივე ევროტურნირში ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა.

ჩემპიონთა თასისთვის ბრძოლაში დარჩენილი ოთხი გუნდიდან მხოლოდ ერთია ისეთი, რომელშიც ქართველები არიან. დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის „კლერმონმა“ ფრანგულ დერბიში „ტულონს“ დამაჯერებლად, 29:9 მოუგო და ნახევარფინალში ირლანდიურ „ლენსტერს“ შეხვდება, რომელმაც, თავის მხრივ, ინგლისური „უოსპსი“ 32:17 დაამარცხა. მეორე ნახევარფინალური წყვილი კი ირლანდიურ-ინგლისურია. ლიმერიკის „მანსტერმა“ ფრანგულ „ტულუზს“ უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით, 41:16 დაამარცხა. ასეთივე, 25-ქულიანი ჰანდიკაპით თავისი მეოთხედფინალური მატჩი თასის მოქმედმა მფლობელმა ლონდონის „სარასენსმაც“ მოიგო - შოტლანდიურ „გლაზგო უორიორზთან“ 38:13.

რაც შეეხება ნახევარფინალს, „კლერმონი“ „ლენსტერს“ ლიონის „სტად ჟერლანზე“ მიიღებს, ხოლო „მანსტერი“ ევროპის უძლიერეს საკლუბო გუნდს, „სარასენსს“ დუბლინის „ავივა სთედიუმზე“ უმაპინძლებს.

...და ქართველთა შესახებაც. „ტულუზში“ ვასილ კაკოვინს არ უთამაშია, ისევე, როგორც „ტულონში“ - მამუკა გორგოძეს. თუმცა, ტულონელთა სასტარტო მარჯვენა ბურჯი ლევან ჩილაჩავა გახლდათ, ხოლო „კლერმონში“ იგივე პოზიციაზე დავით ზირაქაშვილმა ითამაშა. ანგარიშს და საბოლოო შედეგს თავი რომ დავანებოთ, თამამად შეგვიძლია თქმა, რომ ორივემ მშვენიბრად ითამაშა, ორივე საიმედო იყო და ორივემ თავისი საქმე ჩვეულ, უმაღლეს დონეზე შეასრულა. ერთ-ერთ ეპიზოდში ქართველები რაქში ერთმანეთს დაეჯახნენ და უფრო გამოცდილმა ზირაქაშვილმა ჯარიმა გამოიმუშავა. დათომ 63 წუთი ითამაშა, ლევანმა - 56.

გორგოძეს, როგორც ზემოთ ითქვა, არ უთამაშია, ისევე, როგორც კოლელიშვილს. შესაძლოა, ვიტო ნახევარფინალისთვის მოშუშდეს და ლიონში ორი ქართველიც ვიხილოთ.

ნახევარფინალური მატჩები 22 და 23 აპრილს გაიმართება.

რანგით მეორე ევროტურნირის, ჩელენჯ კაპის ნახევარფინალში 4 „ქართული“ გუნდიდან 2 გავიდა და ორივე - ფრანგული. ედინბურგის მშვენიერი „მარიფილდის“ ტრიბუნების მეათედიც ვერ შეივსო და შედეგიც შესაბამისი დადგა - ადგილობრივმა „ედინბურგმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის მოულოდნელ ლიდერსა და ზოგადად, უფრო მონდომებულ „ლა როშელთან“ ვერაფერი გააწყო და 22:32 დამარცხდა. ლექსო ყაულაშვილმა ფრანგული გუნდის მარჯვენა ბურჯის პოზიცია 49-ე წუთზე დაიკავა, მაგრამ 16 წუთში რეფერიმ უბურთო მეტოქის ბოჭვისთვის გაასინბინა და მასპინძლებმა ჯარიმით ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ „ლა როშელმა“ კაცნაკლულმაც მშვენივრად ითამაშა, 7-ქულიანი უპირატესობა რიცხობრივ უმცირესობაშივე აღადგინა და მიწურულისკენ გატანილი ჯარიმით საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ინგლისური „ბათისა“ და ფრანგული „ბრივის“ თამაშიც უაღრესად დაძაბული გამოდგა. ბრიველთა ქართველები მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდნენ: მარჯვენა ბურჯი სოსო ბეკოშვილი - 41-ე წუთზე (20:6), მარცხენა კარლენ ასიეშვილი - 54-ეზე (27:!3), ხოლო შერკინების ნახევარმცველი ვასილ ლობჟანიძე - 59-ეზე (27:20). ბოლოს „ბრივმა“ დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ შეცდომა დაუშვა და ინგლისელებმა კიდევ ერთი ლელო გაუტანეს - 34:20.

ინგლისურმა „გლოსტერმა“ უელსურ „კარდიფ ბლუზს“ 46:26 აჯობა, ამ უკანასკნელის განაცხადში ანტონ ფეიქრიშვილი არ ყოფილა. მიმოხილვის ბოლოსთვის კი ყველაზე სასიამოვნო ამბავი დავიტოვეთ. „სტად ფრანსემ“ უელსურ „ოსპრეიზს“ სტუმრად 25:21 მოუგო, ნახევარფინალში გავიდა და პარიზელთა სამი ლელოდან პირველი ზურაბ ჟვანიამ საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. ზურა ფრანგული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში იყო, მარცხენა ბურჯის პოზიციაზე 72 წუთი ითამაშა, შერკინებებში თავის უშუალო ოპონენტებს თავ-ბედი აწყევლინა, ისე დაჩაგრა, 30-ე წუთზე კი მისმა ავსტრალიელმა თანაგუნდელმა ჰიუ პაილმა მოლიდან გამოტანილი ბურთით ლელოსკენ ათიოდე მეტრი გაირბინა, მარცხნივ სილვენ ნიკოლას გადასცა, ამან კი კიდეზე წამოწეულ ჟვანიას გააყოლა ოვალი. ზურას ვეღარაფერი შეაჩერებდა და ბორჯღალოსანმა თავის დამახასიათებელ, მძლავრ სტილში უმნიშვნელოვანესი ლელო გაიტანა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: როცა ანგარიში 14:14 იყო, პარიზელებს ფიჯელი გარემარბი ჯოსაია რაისუკე წითელი ბარათით გაუძევეს და ჟვანიას გუნდმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, რადგან გადამწყვეტი უპირატესობა კაცნაკლულმა მოიპოვა და შეინარჩუნა.

ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: „ლა როშელი“ საკუთარ „სტად მარსელ-დეფლანდრზე“ ინგლისურ „გლოსტერს“ უმასპინძლებს, ხოლო „სტად ფრანსე“ ასევე მშობლიურ „სტად ჟან-ბუენზე“ კიდევ ერთ ინგლისურ კლუბს - „ბათს“ დაუხვდება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:58 | 03.04.2017
qomagi (248)

მაგარი ხარ ზურიკელა!!! წარმატებები!!!

18:32 | 03.04.2017
პანტელეიმონი (1218)

ზურას თამაშის მანერა ყოველთვის აღმაფრთოვანებს.

0.098503