ჩელენჯ კაპი

9:30 | 2.04.2017 | ნანახია 3079 - ჯერ

გაჩეჩილაძის ლელო და მალაღურაძის 12 ქულა

2017/2018 წლების ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო პლეი ოფის პირველ მატჩებში ლაშა მალაღურაძემ გუნდს 12 ქულა შესძინა, ხოლო მიხეილ გაჩეჩილაძემ იტალიელებს ლელო დაუმიწა.

მალაღურაძის, ლაშა ლომიძის, გიორგი ფრუიძის და მიხეილ წიკლაურის „კრასნი იარი“ რუმინეთის ჩემპიონ „ტიმიშოარა სარასენსს“ რუსთავში დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში საკუთარი შეცდომების გამო დამარცხდა. სამივე „ბორჯღალოსანმა“ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო წიკლაური შეცვლაზე შესვენებისას შევიდა. სასიამოვნოა, რომ რუსეთის ვიცე-ჩემპიონის რიგებში ყველაზე კარგად სწორედ ქართველი ლეგიონერები გამოიყურებოდნენ და მარცხში მათი დანაშაული მინიმალურია.

პირველ ტაიმში მალაღურაძეს ორი ჯარიმა გაუცუდდა და რუმინელები მოლით დადებული ლელოთი დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ ლაშამ თავისიანები ჯარიმით დააწინაურა და მერე კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა. „კრასნი იარი“ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა ბავშვურ შეცდომებს უშვებდა და ბურთს კარგავდა, ხოლო დაცვაში დროულად დაბრუნებას ვერ ახერხებდა და ამით „ტიმიშოარა სარასენსმა“ ისარგებლა.

მიუხედავად იმისა, რომ რუმინელები სამჯერ დარჩნენ მოედანზე კაცნაკლული, ორ შემთხვევაში კონტრშეტევები ლელოთი დააგვირგვინეს და საბოლოოდ 17:12 იმარჯვეს. მატჩის მიწურულს მეტოქეს დროის გაყვანის მცდელობისთვის მალაღურაძემ უსაყვედურა და რეფერიმ ის ყვითელი ბარათით დასაჯა.

დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის „ენისეი“ იტალიაში „მოლიანოს“ ეწვია და ჩელენჯ ქაფის საგზური პირველსავე თამაშში დაიბევა. რუსეთის ჩემპიონმა მასპინძლებს 8 უპასუხო ლელო დაუმიწა და 46:0 გაანადგურა. კაჭარავამ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, გაჩეჩილაძე შეცვლაზე შევიდა და 68-ე წუთზე თავისი გუნდის მე-6 ლელო დაამიწა.

განმეორებითი შეხვედრები 22 აპრილს გაიმართება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:58 | 02.04.2017
პანტელეიმონი (1218)

რცხვენოდეს ჩვენს ბიზნესმენებს, 2O -მა ბიზნეს ჯგუფმა, რომ 10 000 დოლარი დადოს ერთ ქართულ გუნდს მაინც ვათამაშებდით რომელიმე ევროტურნირზე.

0.075006