18-წლამდელები 2 აპრილს გამთენიისას საფრანგეთში, კერძოდ, ბრეტანში მიემგზავრებიან, სადაც 6-16 აპრილს რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
მატჩების სთრიმი ტრადიციულად რაგბი ევროპის სამაუწყებლო პორტალზე გაიმართება
ელიტ დივიზიონიდან ღია ჩემპიონატამდე
ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატმა ცვლილება რამდენჯერმე განიცადა და მეორე ეშელონის სარაგბო ქვეყნების 18-წლამდელთა ნაკრებებმა ელიტის წარმომადგენლებთან თამაშის საშუალება მიიღეს.
2012 წლიდან ტურნირს ელიტური დივიზიონი ეწოდა და მასში ექვსი ერის წარმომადგენლებთან ერთად რაგბი ევროპის ორი საუკეთესო გუნდი თამაშობდა - საქართველო და პორტუგალია.
ტურნირმა ეს ფორმატი 4 წელი შეინარჩუნა, უმცროსი ბორჯღალოსნები მუდმივად პროგრესირებდნენ და 2015 წელს პირველად ითამაშეს ფინალში (მეოთხედფინალში ირლანდიას და ნახევარფინალში იტალიას სძლიეს), სადაც მასპინძელ საფრანგეთთან დამარცხდნენ. მაგრამ გაგრძელება არალოგიკური იყო, ტურნირი ირლანდიამ, ინგლისმა, შოტლანდიამ, უელსმა და იტალიამ დატოვეს და ელიტურ დივიზიონს ელიტიდან მხოლოდ საფრანგეთი შემორჩა.
2016 წელს ქართველებმა მეორედ ითამაშეს ფინალში და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს. პარალელურად კი, რაგბი ევროპამ ნაყოფიერად იმუშავა და “განდეგილების” ნაცვლად ევროპის ჩემპიონატს კანადის, აშშ-სა და იაპონიის 18-წლამდელთა ნაკრებები დაემატა. შედეგად, ტურნირმა ევროპის ღია ჩემპიონატის სახე მიიღო და მასში თამაში უფრო საინტერესო გახდა.
უცვლელი მიზნით
უმცროსი ბორჯღალოსნები აწეული თამასის დაწევას არ აპირებენ და მომავალ გათამაშებაში მიზნად მინიმუმ ფინალში გასვლას გეგმავენ. მეოთხედფინალურ ეტაპზე დავით ჩავლეიშვილის შეგირდები კანადის ნაკრებს შეხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში იაპონიისა და ბელგიის წყვილს შორის გამარჯვებული შეხვდება.
დანარჩენი მეოთხედფინალური წყვილები აშშ-სა და პორტუგალიის, ასევე საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებმა შეადგინეს.
ტურნირისთვის უკეთ მომზადების მიზნით, საქართველოს რაგბის კავშირსა და მოედ ალტრადის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 12-იდან 24 მარტამდე ტოპ 14-ის "მონპელიეს" ბაზაზე შეკრება გაიარეს და ორი საკონტროლო თამაში გამართეს. ქართველმა მორაგბეებმა "მონპელიესა" და "ბეზიეს" გაერთიანებული გუნდი 33-17, ხოლო "მონპელიესა" და "ნარბონის" ნაკრები 40-14 დაამარცხეს.
დავით ჩავლეიშვილი შეკრებით კმაყოფილი დარჩა:
"ძალიან კარგ სპორტულ ბაზაზე იმ სასტუმროში ვიყავით, სადაც თავის დროზე დუდუ ქუბრიაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი და კოტე მიქაუტაძე ცხოვრობდნენ. სავარჯიშოდ ძალიან კარგი პირობები გვქონდა, მასპინძლები დიდ ყურადღებას გვაქცევდნენ და "მონპელიეს" ქართველი ვარსკვლავები ჩვენს ბიჭებს ამხნევებდნენ.
ამ ბიჭების 95-მა პროცენტმა მონპელიეში გამართულ შეკრებაზე პირველად ითამაშა უცხოელების წინააღმდეგ. ეს ბარიერი ყოველთვის იჩენდა ხოლმე თავს და კარგია, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა გადავლახეთ. თავიდან დაბნეულობა იყო, მაგრამ ბიჭები მას კარგად გაუმკლავდნენ და დავალებების დაახლოებით 70% კარგად შეასრულეს. გუნდი შეთამაშდა, კანადასთან მატჩამდე ხარვეზებს გამოვასწორებთ და ვფიქრობ, ევროპიის ჩემპიონატს მზადყოფნაში შევხვდებით".
- მეტოქეებზე და თამაშებზე რას გვეტყვით?
- გვსურს, რომ შეტევაში გაშლილი თამაში ვაჩვენოთ და ეს გამოგვივიდა. პირველი თამაში "მონპელიესა" და "ბეზიეს" ძალიან კარგ ნაკრებთან გვქონდა. მეტოქემ სწრაფი რაგბი შემოგვთავაზა, ბურთის გაშლას ცდილობდნენ და კარგია, რომ არსად არაფერი დავთმეთ. მეორე გუნდი უფრო ძლიერი იყო და რამდენიმე უფროსი ასაკის ბიჭიც ყავდათ. ამ თამაშებმა მოგვცა ის, რისი სურვილიც გვქონდა. მორაგბეები წნეხში თამაშს მიეჩვივნენ, ამ წნეხს კარგად გაუმკლავდნენ, არ იყო დაბნეულობა და ქაოსი და დავალებები კარგად შესრულდა. კმაყოფილი ვარ ხაზის თამაშით.
- შერკინებაში გვექნება ის უპირატესობა, რასაც მიჩვეული ვართ?
- ხაზმა კარგად იმიტომ ითამაშა, რომ შერკინებამ უპირატესობა შექმნა და ეს ერთიანობა იყო ყველაზე კარგი. სტატიკაში კარგად ვიდექით, დერეფანში ყველა ჩვენი აუტი მოვიგეთ, პირველი ხაზი კარგი იყო ღია თამაშში და რაქებში. რაც მთავარია, ჩვენ გვყავს ძალიან მებრძოლი გუნდი, რომლის დიდი ნაწილი 2000-იანი ბიჭები არიან და ისინი 18-წლამდელთა ნაკრებში გაისადაც ითამაშებენ.
- ევროპის ღია ჩემპიონატზე მიზნად რას ისახავთ?
- მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეებზე ინფორმაცია არ გვაქვს, მიზნად თავიდანვე ფინალში თამაში დავისახეთ და ის არ შეცვლილა. პირველი თამაში კანადასთან გვაქვს, რომელსაც მასიური და მოძრავი ბიჭები ყავს, თუმცა ჩვენი გუნდის მებრძოლი ხასიათი მაფიქრებინებს, რომ ამ ბარიერს აუცილებლად გადავლახავთ.
18-წლამდელთა ნაკრებს რატი ჟორჟოლიანი უკაპიტნებს და ის ქართველ ქომაგს ბოლომდე ბრძოლას პირდება:
“ამ ტურნირისთვის სექტემბრიდან ვემზადებით. სელექციის შემდეგ მონპელიეში 33 მორაგბე გავემგზავრეთ და ორი კარგი თამაში ჩავატარეთ. უმრავლესობისთვის ეს პირველი თამაში იყო უცხოელების წინააღმდეგ და გამოცდილება შევიძინეთ, რაც ევროპის ჩემპიონატზე წნეხს მოგვიხსნის. ცოტას ვნერვიულობდით, თუმცა ვფიქრობ დავალებები კარგად შევასრულეთ და ეს შედეგზეც აისახა. მომავალ მეტოქეებზე ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ მაქსიმუმს გავიღებთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ და ქართველი ქომაგი გავახაროთ”.
18-წლამდელები რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატზე:
შერკინება: გიორგი ახალაძე (აია), ლუკა ჭელიძე (ლელო), სოსო ჭყოიძე (ლელო), ვანო კარკაძე (აია), გია ხარაიშვილი (ხაშური), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), საბა ჯღარკავა (ლელო), ნიკა წივწივაძე (აია), რატი ჟორჟოლიანი (ლელო, კაპ.), ბექა ყორიაული (ლელო), იოანე იაშაღაშვილი (ჩოხოსნები), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი), კობა კოლოტაური (ლელო);
ხაზი: საბა ხურცილავა (არმაზი), მიხეილ ალანია (ჩოხოსნები), თედო აბჟანდაძე (აია), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), გოჩა ჩანადირი (არმაზი), ლაშა ლომიძე (აია), დემურ თაფლაძე (ლელო), ირაკლი სიმსივე (აია), ოთარ ძაგნიძე (აია), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), გიორგი ასათიანი (ლელო).
სამწვრთნელო შტაბი: დავით ჩავლეიშვილი - მთ. მწვრთნელი, ლევან შარვაშიძე - მწვრთნელი, მიხეილ სუჯაშვილი - მწვრთნელი, მამუკა ტყეშელაშვილი - მწვრთნელი, გივი ნადარეიშვილი - ფიზ. მწვრთნელი, სერგო ბერიაშვილი - ექიმი, გიორგი სვანიძე - ფიზიო, დავით რამიშვილი - ვიდეოანალიტიკოსი, მალხაზ დავითაშვილი - ფსიქოლოგი, ზაზა ლეჟავა - რაგბის აკადემიის ხელმძღვანელი, პაატა მაისურაძე - მენეჯერი.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებას გისურვებთ ბოკვრებო ! ! !
თქვენთან ვართ ბიჭებო, გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ. დიდი იმედი გვაქვს თქვენი.