20-წლამდელები

12:04 | 30.03.2017 | ნანახია 1638 - ჯერ

მეორე დონის სამედიცინო სემინარი

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სარაგმო მოვლენისთვის, 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადება გრძელდება. ტურნირი 31 მაისიდან 18 ივნისამდე თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ვრცლად >>>

როგორც ადრე ვწერდით, სპორტული კუთხის გარდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მორაგბეთა კეტილდღეობა, რომელსაც მსოფლიო რაგბი და საქართველოს რაგბის კავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ამ კუთხით 20-24 თებერვალს რაგბში ჩართულ პირთა და ტურნირის სამედიცინო სამსახურის მოხალისეებისათვის გადაუდებელი დახმარების მსოფლიო რაგბის პირველი დონის წვრთნა გაიმართა შევარდენზე. ვრცლად >>>

პირველი დონის კურსი 38-მა მსმენელმა გაიარა, რომელთაგან 12 სპეციალისტი, სერთიფიცირებული ექიმი შეირჩა. 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის სამედიცინო დირექტორმა პიტერ გრაიმმა, ასევე მსოფლიო რაგბის სამედიცინო სამსახურის წევრმა და ედუკატორმა, შოტლანდიელმა ბრაიან ქარლენმა მეორე დონის სემინარი სწორედ 12 რჩეულს ჩაუტარეს და ახლა საქართველოს მაღალი დონის 12 სპეციალისტი ყავს.

ესენი არიან: ოდისეი სადოევი, დავით ნემსაძე, გიორგი გოგიტიძე, რომან სახოკია, ზურაბ ჭოხონელიძე, ირაკლი ბერიაშვილი, გიორგი სვანიძე, ლევან კობაური, გელა დიაკონიძე, ნიკოლოზ შათირიშვილი, ირაკლი შაორშაძე და ნუცა შამათავა.

მსოფლიოში საამაყო გუნდი

პიტერ გრაიმი გაწეული სამუშაოთი და ქართველი ექიმების ცოდნის წყურვილით კმაყოფილი დარჩა და ამბობს, რომ არსებული კონტიგენტი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტია:

“ჩემი და ნოდარ ანდღულაძის (20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის სამედიცინო მენეჯერი, სრკ-ს მოთამაშეთა კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი) მიზანია, რომ დაზიანების შემთხვევაში საქართველოშიც მოხდეს მოთამაშისთვის მსოფლიო რაგბის სტანდარტების შესაბამისი დახმარების გაწევა. მეორე დონის სემინარი ექიმებისთვის შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენების სწავლებას ემსახურებოდა.

“მოთამაშეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა რამდენიმე საფეხურისგან შედგება. თებერვალში გავიარეთ პირველი დონის კურსები, სადაც მოთამაშეებს, მწვრთნელებს, მენეჯერებს ვასწავლეთ როგორ გაუწიონ ტრავმირებულ მორაგბეს პირველადი, გადაუდებელი დახმარება აღჭურვილობის გარეშე. მეორე დონისთვის მათგან სამედიცინო განათლების და გამოცდილების მქონე 12 ადამიანი შეირჩა და მათ ვასწავლეთ ის უნარ ჩვევები, რომლებიც კონკრეტული ტრავმების შემთხვევაში გამოადგებათ. ვფიქრობ, მათგან შეირჩევიან ისეთები, რომლებიც მოგვიანებით მესამე დონის გავლასაც შეძლებენ”

ჩვენ დავინტერესდით ქართველი ექიმების განათლების დონით და მათი შეფასება გრაიმს ვთხოვეთ:

“საქართველოში და სხვა ქვეყნებში ჩატარებულ სწავლებებს შორის ერთადერთი განსხვავება იყო - ენის ბარიერი. ქართველმა ექიმებმა არა მხოლოდ სწავლების ფილოსოფია გაითავისეს, არამედ კარგად შეისწავლეს გუნდურად მუშაობა, რაც იმის გარანტია, რომ ივნისში მსოფლიოს ჩემპიონატი უსაფრთხოდ ჩაივლის. ჩვენ აქ ისეთ გუნდს შევკრავთ, რომლითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიამაყებთ”

მეორედ საქართველოში

მეორე დონის სემინარი იმდენად სპეციფიურია, რომ მას მხოლოდ ერთი სპეციალისტი ვერ ჩაატარებდა და ამიტომ პიტერ გრაიმის გარდა საქართველოს მსოფლიო რაგბის ექიმი ბრაიან ქარლენი ეწვია. მათ მონაწილეები ორ 6 აციან ჯგუფად გაყვეს და სწავლება პარალელურ რეჟიმში აწარმოეს. გრაიმის მსგავსად ქართველების ენთუზიაზმით და გუნდური მუშაობის უნარით ქარლენიც კმაყოფილი დარჩა:

“საქართველოში პირველად 2014 წელს ვიმყოფებოდი და ბედნიერი ვარ აქ მეორედ ჩამოსვლის შესაძლებლობა რომ მომეცა. აქ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება, ჩვენთვის მოთამაშეთა კეთილდღეობა პრიორიტეტულია და საქართველოში მეორე დონის სამედიცინო გადამზადების სემინარი პირველად ტარდება. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო ჯგუფი, რომელიც ამ ტურნირზე იმუშავებს, იყოს კომპეტენტური, უსაფრთხოების მხრივ ყველაფერმა უმაღლეს დონეზე ჩაიაროს და რასაც ჩვენ ეს დღეები მოედანს მიღმა ვაკეთებთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

“12 მონაწილესთან ერთად გავიარეთ ძალიან კარგი კურსი. აქ არიან მედიცინის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: ექიმები, ფიზიო-თერაპევტები, მასაჟის სპეციალისტები და ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ მათი პირადი თვისებები, ასევე გავაერთიანოთ ამ ადამიანების გამოცდილება და ისინი ჯგუფურ მუშაობას მივაჩვიოთ.

“შემიძლია გითხრათ, რომ ქართველი მსმენელების ენთუზიაზმით გაოცებული დავრჩი. ისინი ცდილობდნენ მაქსიმალურად გაეუმჯობესებინათ საკუთარი უნარები, საუკეთესოდ წარმოეჩინათ თავი და მიუხედავად იმისა, რომ 12 კანდიდატი კიდევ უნდა მოვამზადოთ, ახლავე შემიძლია თამამად გითხრათ - 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილე უსაფრთხოდ იქნება”

დიდი მემკვიდრეობა

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, მაისში პირველი და მეორე დონის მქონე სპეციალისტები კიდევ გადამზადდებიან და ქართულ რაგბს მაღალი დონის სპორტული მიმართულების ექიმები ეყოლება, თუმცა სრკ-ს მოთამაშეთა კეთილდღეობის პროგრამის კოორდინატორი ნოდარ ანდღულაძე მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს, სამედიცინო სემინარები მომავალშიც ჩატარდება.

“ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიაროს პირველი დონის სემინარი, რათა ყველაზე დაბალ დონეზეც კი, მოთამაშეთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ამავდროულად, გაგრძელდება მეორე დონის სამედიცინო სემინარები, რომლის დროსაც სამედიცინო განათლების მქონე პირები გაივლიან სხვადასხვა სახის სპეციალიზირებულ სემინარებს.

“რადგან მეორე დონის სემინარს ერთი ადამიანი ერთდროულად 6-ზე მეტ პირს ვერ ჩაუტარებდა, ჩამოვიყვანეთ მეორე სპეციალისტიც. მსგავსი სემინარი მაისშიც ჩატარდება და მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გვეყოლება მეორე დონის 24 სპეციალიისტი, რომლებიც საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს, ასევე შიდა ტურნირებს მოემსახურებიან მატჩის ექიმის სტატუსით.

“გარდა ამისა, გვსურს გადავამზადოთ სპეციალისტები, რომლებიც მომავალში თავად ჩაატარებენ მსგავს სემინარებს და უცხოელების მოწვევა საჭირო აღარ გახდება. ამ ეტაპისთვის მთავარი ისაა, რომ ტოპ დონის გუნდებს, რომლებიც უმაღლესი დონის სერვისს არიან მიჩვეული, უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლოთ და ვფიქრობ, ამ ამოცანას თავს გავართმევთ”

ზოგადიდან კონკრეტულამდე

12 სერთიფიცირებულ სპეციალისტს შორის ერთ-ერთი ოდისეი სადოევია, რომელიც პროფესიით ექიმია. განვლილი სემინარით ის კმაყოფილია და ამბობს, რომ ზოგადი ექიმიდან ის უკვე სპეციალიზირებულ სპორტულ ექიმად იქცა.

“ლიცენზირებული ექიმი ვარ და ამ პროგრამის შესახებ რომ გავიგე 8 ოქტომბერს შეხვედრაზე გამოვცხადდი. თებერვლიდან გადამზადების კურსები დავიწყეთ და პირველი დონის, ანუ პირველადი დახმარების სემინარი გავიარეთ. მოგვცეს შესაბამისი ლიცენზიები და შეგვარჩიეს სამედიცინო სფეროსან დაკავშირებული 12 ადამიანი, რომლებიც მეორე დონეს გავდივართ. დღეს გვაქვს სწავლების ბოლო დღე, გამოცდები და მათი ჩაბარების შემთხვევაში მოგვცემენ ლიცენზიას, რის შემდეგაც ნებისმიერ თამაშზე მოედანზე ექიმის სტატუსით შესვლის უფლება გვექნება. რა თქმა უნდა ყველა გუნდს თავისი ექიმი ეყოლება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ სიტუაცია, ჩავატაროთ ტვინის შერყევის ტესტი, დავსვათ სხვა ტრავმების დიაგნოზი, ვუზრუნველყოთ მოთამაშის მოედნიდან უსაფრთხოდ გაყვანა და ასე შემდეგ.

“ლიცენზირების მიზანი 20-წლამდელთა მსოფლიო თასისთვის მზადებაა, თუმცა მსოფლიო რაგბს და საქართველოს რაგბის კავშირს შორს მომავალი გეგმები აქვთ. მათი სურვილია, რომ საქართველოში სპორტული მედიცინა ფართოდ დაინერგოს და მესამე დონის გავლის შემთხვევაში, ჩვენ გვექნება საშუალება აღვზარდოთ ადგილობრივი ექიმები, თერაპევტები და ა.შ. რაგბის კავშირმა შეიძინა მსოფლიო დონის აღჭურვილობა, რომლის მსგავსიც აქამდე საქართველოში არ გვქონდა და მომავალში ეს ყველაფერი საქართველოს შიდა ჩემპიონატს გამოადგება.

“ამ კურსების შედეგად ცოდნა გავიღრმავე. აქამდე ზოგადი მიმართულების ექიმი ვიყავი და ახლა სპეციფიური სარაგბო დეტალები შევისწავლე. რაგბი კონტაქტური თამაშია და აქცენტი კისრის ტრავმაზე, ტვინის შერყევაზე, მოტეხილობაზე კეთდება. პიტერი და ბრაიანი მაღალი დონის სპეციალისტები არიან, მაქსიმალურად გვეხმარებიან და რეალურად ცდილობენ, რომ ჩვენს საქმეში საუკეთესოები ვიყოთ”

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:52 | 31.03.2017
buratino (480)

კააარგიააა

21:28 | 30.03.2017
BEERTRANCE (1073)

ძალიან კარგი თანმდევი პროცესია მსოფლიო ჩემპიონატის. ყოჩაღ.

21:09 | 30.03.2017
პანტელეიმონი (1218)

ძალიან კარგი საქმეა, ყველაფერში პროფესიონალიზმია საჭირო.

0.159433