7-ქალა

13:02 | 29.03.2017 | ნანახია 2111 - ჯერ

7-ქალა: პირველი ღია ტურნირი საქართველოში

27 მარტს "აია არენამ" (ქუთაისი) საქართველოში პირველად უმასპინძლა საერთაშორისო, ღია ტურნირს 7-ქალა რაგბში.

მასში მონაწილეობას 4 გუნდი იღებდა: საქართველოს 7-ქალას (ქალთა ნაკრები) საბაზო გუნდი "თბილისი", ქუთაისის "აია", 18 წლამდე გოგონათა კლუბი "ზუგდიდი", რომელიც ამ ასაკის თბილისელი და ოზურგეთელი გოგონებით გაძლიერდა, და სტუმარი გუნდი "თესალონიკის 7-ქალა" საბერძნეთიდან.

რადგან საქართველოში ქალთა რაგბი განვითარების შედარებით ახალ ეტაპზეა, ადრინდელი შიდა ტურნირები უფრო ფესტივალის სახეს ატარებდა და თამაშები ნახევარ მოედანზე იმართებოდა, ამჯერად კი გუნდებს სრულფასოვანი მატჩების ჩატარების შესაძლებლობა მიეცათ. ეს გოგონებს დიდ სამსახურს გაუწევს და ევროპის ჩემპიონატსა და საერთაშორისო ტურნირებში მოედანთან ადაპტაციას გაუადვილებს.

სიახლე იყო ტურნირში უცხოური გუნდის მონაწილეობაც. იყო დრო, საქართველოში აზერბაიჯანის გოგონათა ნაკრები ჩამოდიოდა და ქართველ გოგონებს ეროვნული ნაკრების შეხვედრებისას, შესვენების დროს ეთამაშებოდა, მაგრამ ეს იყო ერთეული შეხვედრები, ახლა კი საფუძველი საერთაშორისო ტურნირს ჩაეყარა.

თამაშებმა წვიმის ფონზე ჩაიარა, თუმცა ტურნირმა ქუთაისში დიდი ინტერესი გამოიწვია და მას 1000-მდე მაყურებელი დაესწრო. ისინი განსაკუთრებით სალონიკისა და ქუთასის გუნდების შეხვედრისას აქტიურობდნენ, რომელმაც ბოლო წუთამდე დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. ტურნირის გამარჯვებული 7-ქალა ნაკრების ბაზაზე დაკომპლექტებული "თბილისი" გახდა, მან სამივე მოწინააღმდეგე დაამარცხა.

„საქართველოში ასეთი სახის ტურნირი პირველად ჩატარდა და ეს ძალიან კარგია. იყო ორი სიახლე: თუ აქამდე შიდა ტურნირებს ნახევარ მოედანზე ვთამაშობდით, ამჯერად გოგონებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა სტანდარტულ მოედანზე მიეცათ; მეორე სიახლე საბერძნეთის გუნდის სტუმრობა იყო და გვაქვს იმედი, რომ ეს საერთაშორისო ტურნირი ტრადიციული გახდება და სამომავლოდ მასში სხვა ქვეყნის გუნდებიც ჩაერთვებიან“, - გვითხრა საქართველოს 7-ქალა ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელმა გიორგი მაისურაძემ.

ასპარეზობა კარგად იყო ორგანიზებული, რაც დასავლეთ საქართველოს რაგბის აკადემიის დამსახურებაა. თისესალონიკის გუნდი რეგულარულად თამაშობს საბერძნეთის 7-ქალა რაგბის ჩემპიონატში და მასთან თამაშმა ქართულ გუნდებს ბევრი რამ შესძინა.

„ჩვენ გოგონებს თამაშის საშუალება არ აქვთ, მხოლოდ ვარჯიშით კი, ვერ გაიზრდები. ჩვენ მათ დავაკვირდით მთელს მოედანზე თამაშისას და დავინახეთ ის ხარვეზები, რასაც ვარჯიშში, გნებავთ ნახევარ მოედანზე თამაშისას ვერ დაინახავ. მოგვეწონა რამდენიმე ახალი გოგონა, რომლებსაც ნაკრებში თამაშის შანსი ექნებათ. გარდა ამისა, გამოცდილება შეიძინეს 18-წლამდე გოგონებმა, რომლებიც წელს სექტემბერში პირველად ითამაშებენ ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატში და მას საფრანგეთი უმასპინძლებს“, - ამბობს მაისურაძე.

საქართველოს 7-ქალა ნაკრებს ივნისში ევროპის ჩემპიონატი ელის, რომელსაც სლოვენია უმასპინძლებს. მისთვის მოსამზადებლად ჯაბა მალაღურაძის შეგირდები ოთხ საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. პირველი ასეთი ტურნირი 15-16 აპრილს ბელგიაში, გენტშია დაგეგმილი. მაისში გოგონები საფრანგეთში მიემგზავრებიან და იქ ორ - პარიზისა და ნანსის ტურნირებში ითამაშებენ, ხოლო ივნისის დასაწყისში ესპანეთს ეწვევიან და კომერციულ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

7-ქალა. ქუთაისის ღია ტურნირი

თესალონიკი 33:0 ზუგდიდი

თბილისი 40:0 აია

ზუგდიდი 7:17 თბილისი

თესალონიკი 12:5 ქუთაისი

თესალონიკი 0:26 თბილისი

ზუგდიდი 20:20 ქუთაისი

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081769