ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მოწვევით და ორგანიზებით 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით საქართველოში სან დიეგოს უნივერსიტეტის (SDSU) რაგბის კლუბი "აცტეკები" (Aztecs) ტურნეს გამართავს.
კალიფორნიელ სტუდენტებს ქართულ რაგბთან პირველი შეხება გორში (ჭალის დასახლების სტადიონი) ექნებათ, სადაც დიდი 10-ის ერთ-ერთ ლიდერ გორის "ჯიქთან" ერთობლივი ვარჯიშს გამართავენ. ამავდროულად, "ჯიქი" დიდი 10-ის მე-17 ტურში მოქმედ ჩემპიონ "ლელო სარასენსთან" გასამართი მატჩისთვის მოემზადება. მსურველებისთვის და მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ერთობლივ ვარჯიშზე დასწრება თავისუფალია.
"დევებთან" "ლელო არენაზე"
2 აპრილს, 14 საათზე, "აცტეკებს" "ლელო არენაზე" "დევები და მეგობრები" დაუხვდებიან - "დევები" პირველი ქართული სამოყვარულო სარაგბო კლუბია, რომელსაც სპეციალურად ამ თამაშისთვის სხვა მეგობრების გარდა ორი ვეტერანი ბორჯღალოსანი დაემატება - ნონო ანდღულაძე და ლექსო გუგავა.
მატჩი ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად იმართება და მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.
"აცტეკების" ქართული ტურნეს შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიე ღონისძიების გვერდს >>>.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია