20-წლამდელები

10:11 | 29.03.2017 | ნანახია 3590 - ჯერ

20-წლამდელთა მსოფლიოს ტელეტრანსლიაცია

სულ რაღაც ორ თვეზე ოდნავ მეტ ხანში საქართველო სარაგბო სამყაროში კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე ტურნირს - "მსოფლიო რაგბის" 20 წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს.

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, მსოფლიოს საუკეთესო 12 ახალგაზრდული ნაკრები, მათ შორის უმცროსი ბორჯღალოსნები, საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად თბილისსა და ქუთაისში ერკინებიან.

ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ გაიმართება. თორმეტივე ნაკრები ოთხგუნდიან სამ ჯგუფად გადანაწილდა.ჯგუფური ეტაპი 31 მაისს, 4 და 8 ივნისს თბილისში - ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში - აია არენაზე გაიმართება.

ჯგუფები>>>

პლეი ოფებსა და ფინალებს14 და 18 ივნისს მიხეილ მესხისა და ავჭალის სტადიონები უმასპინძლებენ. ტურნირის ბილეთების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

მატჩებისგანრიგი>>>

"მსოფლიო რაგბის" ვიზიტი

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აღნიშნული ტურნირი "მეორე დონის" ქვეყანაში იმართება, გარდა ამისა საქართველო პირველად მასპინძლობს ამ დონის სარაგბო ასპარეზობას. შესაბამისად, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოსთვის, ასევე "მსოფლიო რაგბისთვის", რომ 2017 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე გაიმართოს.

სამზადისი უკვე ორი წელია მიმდინარეობს და ამ პერიოდში "მსოფლიო რაგბის" დელეგაცია საქართველოში არა-ერთი ინსპექტირების ვიზიტით ჩამოვიდა. ვიზიტებისას ტურნირის დირექტორი საიმონ ქიბლი აკვირდებოდა სამზადისის პროცესს.

წინა კვირას თბილისსა და ქუთაისში მორიგი ინსპექტირების ვიზიტისას, საქართველოში "მსოფლიო რაგბის" წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ კომპანია HD Protek-ის და 78Seventy-ს წარმომადგენლები, რომლებიც ტურნირის ტელეტრანსლიაციაზე და მაღალი ხარისხის ვიდეო მასალის მომზადებაზე არიან პასუხისმგებელნი. ვიზიტისას ქიბლმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამატჩო ინფრასტრუქტურის და სათამაშო მოედნების მდგომარეობას. ტურნირი ტელევიზიით 120 ქვეყანაში გადაიცემა და საჭიროა, რომ ყველაფერი კარგად გამოჩნდეს ტელე-ეკრანზე და ამ მხრივ "მსოფლიო რაგბი" საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობით კმაყიფილია.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:27 | 30.03.2017
პანტელეიმონი (1218)

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამე, რაც კარგი იქნება თბილისის და ქუთაისის მერიებმა (და არა მარტო) თუ მიაქცია ყურადღება, ტელერეპორტაჟების დროს ძალიან ცუდად ჩანს ხოლმე ჩვენი სარაგბო არენების გარშემო მიწური სახლებისა და ფარდულების ცუდი ხედები და თუ მთლად ევროპულად ვერ დავარცხნავთ ყველაფერს, გავამწვანოთ და ცოტა მცენარეული ღობეებით მაინც დავფაროთ ქართული რეალობა.

00:18 | 30.03.2017
პანტელეიმონი (1218)

ცოტა დრო დარჩა და გული ცუდს მიგრძნობს, თუ სრულყოფილად და დროულად მოვასწარით ყველაფერი U20 ჩემპიონატის გახსნამდე ხომ კარგი და თუ არა შეიძლება ნაუცბადევად გაკეთებულმა ექვსი თვე გაძლოს და შრომა და ფინანსები ქარს გავატანოთ.

22:15 | 29.03.2017
qomagi (248)

სად არის დაპირებული 20 სტადიონი? ან კიდევ ინფრასტრუქტურით კმაყოფილნი არიანო, რომ წერთ, სტადიონთან მისასვლელ გზებზე რას იტყვით, თუ ვერტმფრენით ჩამოსვამთ მორაგბეებს და გულშემატკივარს სტადიონზე? ამ შემთხვევაში ქუთაისის სარაგბო სტადიონამდე მისასვლელ გამსახურდიას ქუჩაზე მაქვს საუბარი, რომელიც ისეა გაუბედურებული და ორმოებით სავსე, დაბომბილი გეგონება, ქუთაისის მერიას და სათანადო სამსახურებს კიდევ სძინავთ. სირცხვილია ბოლოს და ბოლოს!!!

10:53 | 29.03.2017
BEERTRANCE (1073)

კარგია, იმედია ლაფსუსები არ იქნება ორგანიზებულობის მხრივ.

0.106183