საფრანგეთი პრო დ2

17:22 | 28.03.2017 | ნანახია 1921 - ჯერ

გიორგი ნაცარაშვილი - „მფარველი ანგელოზის“ სტუმარი

ფრანგულ რაგბში ქველმოქმედება დიდი ხანია, ჩვეულებრივი, დამკვიდრებული ამბავია. ამჯერად ინფორმაციას შემდეგ აქციაზე მოგაწვდით: სარაგბო კლუბ „კარკასონს“, ქალაქ კარკასონის კლუბ „ქველმოქმედების მრგვალ მაგიდასა“ და ამავე ქალაქის ბავშვთა სახლ „ლანჟ გარდიენს“ („მფარველი ანგელოზი“) შორის არსებული ოფიციალური პარტნიორობის ეგიდით გაიმართა მორაგბეების შეხვედრა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან.

კერძოდ, აქცია „ოვალური იმედის“ ფარგლებში, „კარკასონის“ ორი მორაგბე - 23 წლის ფრანგი მგეზავი მატიე გიიომო და 31 წლის ქართველი ბურჯი გიორგი ნაცარაშვილი, თავის პატარა ქომაგებს ესტუმრნენ და ბავშვებს ყვითელი ფერის მაისურების კომპლექტი გადასცეს. სწორედ ამ მაისურებში შეიმოსებიან „მფარველი ანგელოზის“ აღსაზრდელები 2 აპრილს - როცა „კარკასონი“ პრო დ2-ის მორიგ ტურში „აჟენს“ უმასპინძლებს. ბავშვები ორივე გუნდის მორაგბეებთან ერთად ხელიხელჩაკიდებულები გავლენ კარკასონის „სტად ალბერ დომეკის“ მწვანე მინდორზე და ბურთს თამაშში სიმბოლურად ერთ-ერთი მათგანი შეიყვანს.

უპატრონო ბავშვების მხარდამჭერმა აქციამ საფრანგეთში დიდი პოპულარობა მოიპოვა, მასში ტოპ 14-ისა და პრო დ2-ის მრავალი კლუბი ჩაება, მათ შორის „კარკასონიც“, რომელსაც ერთობ მოკრძალებული ბიუჯეტი აქვს, მაგრამ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისთვის სახსრები მაინც არ დაიშურა.

ორიოდე სიტყვა გიორგი ნაცარაშვილის შესახებაც. გამოცდილმა პირველხაზელმა მიმდინარე პრო დ2-ის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 7-ჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში. გასული სეზონი მან ტოპ 14-ში, „პოში“ გაატარა და როგორც ელიტარულ ლიგაში, ისე ჩელენჯ კაპზეც ითამაშა, მანამდე კი წლების განმავლობაში „ორიაკის“ ერთ-ერთი წამყვანი ფორვარდი იყო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:11 | 30.03.2017
shotai-olimpi (89)

უპატრონო ბავშვი არასწორი ტერმინია- მიუსაფარი ბავშვები შეიძლება გამოიყენოთ

0.106737