სხვა

15:39 | 27.03.2017 | ნანახია 2146 - ჯერ

ლეგიონერები: შარიქაძის მეორე ლელო

პრო დ2

ბორჯღალოსანმა მერაბ შარიქაძემ პრო დ2-ის მიმდინარე სეზონში მეორე ლელო მიითვალა. შარშან ნოემბერში მან ლიდერი "ოიონა" დაამწუხრა, ამჯერად კი თავი "ბურგუენთან" გამოიჩინა.

მისმა "ორიაკმა" მეტოქე 40:14 დაამარცხა. ბუკამ გუნდის მე-4 ლელო 32-ე წუთზე დადო, როდესაც თამაში თავის თავზე აიღო და ორ მცველს შორის გაძვრა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა შორის 58-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

დისკვალიფიკაცია მოიხადა, ტყუპი გოგო-ბიჭის შეძენა იზეიმა და "აჟენის" სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა ბორჯღალოსანი თამაზ მჭედლიძე. 25-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ლიდერები ერთმანეთს ხვდებოდნენ. "აჟენმა" "ოიონასთან" 15-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 26:21 დაწინაურდა, მაგრამ 4 წუთის ინტერვალში 10 ქულა გაუშვა და 26:31 დამარცხდა. "აჟენი" მეორე ადგილზე რჩება და მის რიგებში 72 წუთი ითამაშა მჭედლიძემ, ხოლო ბურჯი გიორგი თეთრაშვილი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა.

მოედანზე ორი ბორჯღალოსანი იყო "ანგულემისა" და "მონ-დე-მარსანის" შეხვედრაში: ვეტერანი და ახალგაზრდა მესამეხაზელები - შალვა სუთიაშვილი და ბექა გორგაძე. თამაშში ორჯერ ატყდა ჩხუბი და ქართველები პროფესიონალიზმით გამოირჩნენ. რეფერიმ მორაგბეებს სამ-სამი წითელი და ყვითელი ბარათი აჩვენა. ერთი ყვითელი სუთიაშვილმაც მიიღო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ოღონდ მოლის ჩაქცევისთვის და არა ჩხუბისთვის. გორგაძე შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა. თამაში სუთიაშვილის "ანგულემმა" 30:20 მოიგო.

ტოპ 14

"კლერმონი" მოქმედ ჩემპიონ "რასინგთან" პირველი ტაიმის შემდეგ 0:20 აგებდა, საბოლოოდ კი 24:27 დამარცხდა და პრემიალური ქულა მიიღო. "ვულკანებში" შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთი ითამაშა დავით ზირაქაშვილმა და 70-ე წუთზე გუნდს საჯარიმო ლელოს გამომუშავებაში დაეხმარა.

რეგულარული გათამაშების პირველ ადგილზე დასრულებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელმა", რომელმაც ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 50-ე წუთიდან ითამაშა, ამ დროს ანგარიში 13:13 იყო, საბოლოოდ კი მისმა გუნდმა "პო" სტუმრად 23:13 დაამარცხა.

"ბრივმა" "მონპელიეს" გადამწყვეტი ლელო უკანასკნელ წუთზე დაუდო და 28:25 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში ორმა ქართველმა ბურჯმა ითამაშა. კარლენ ასიეშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო სოსო ბეკოშვილი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა განაცხადში მხოლოდ გაგი ბაზაძე იყო, ვინც შეცვლაზე 76-ე წუთზე შევიდა.

"ტულონის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52 წუთი ითამაშა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ. მისი გუნდი პარიზში "სტად ფრანსეს" ეწვია და 11:17 დამარცხდა. მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და 40 წუთი გაისარჯა პარიზელთა ბურჯი ზურაბ ჟვანია.

ავივა პრემიერშიპი

ავივა პრემიერშიპში ადგილის შენარჩუნებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ჯაბა ბრეგვაძის "ვუსტერმა". მართალია, ის "უოსპსთან" სტუმრად დამარცხდა (33:40), მაგრამ 7 ქულით მარცხისთვის და 4 ლელოს დადებისთვის 2 პრემიალური ქულა ჩაიწერა, ჯამში 26 გაუხდა და რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე ბოლო ადგილს 9 ქულით დაშორდა.

პრო 12

პრო 12-ის მე-18 ტურში "კარდიფი" ირლანდიაში გათამაშების ლიდერ "ლენსტერს" ბოლომდე ებრძოლა და მინიმალური სხვაობით, 21:22 დამარცხდა. ქართველი ბურჯის, ანტონ ფეიქრიშვილის გუნდმა ჩემპიონობისთვის ბრძოლოს გაგრძელების შანსი პრაქტიკულად დაკარგა. ფეიქრიშვილმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 33-ე წუთზე შეცვალეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:22 | 29.03.2017
არჩილ სოხუმელი (484)

გადავხედე საქართველოს ჩემპიონატში (დიდი 10) მონაწილე გუნდების შემადგენლობას. ძალიან ბევრი არაქრთული გვარები ვნახე.
1. გუნდი “სარაგბო კლუბი ბათუმი“
ნიუვენჰუიზენი კორნე 10/01/1992 194 115 4-5
შამულო იოან 08/09/1994 173 80 9
2. გუნდი სპორტული კლუბი არმია
გიორგი ვაშკლევიჩი 06/05/1998 190 90 6,7,8
3. გუნდი: „ბაგრატი“ ქუთაისი
კობზევ ოლეგ 05.04.1981 178 89 12/13
ნეპეივოდა ევგენი 15.09.1989 186 79 11/14
გოლოვ ალეკსეი 24.01.1992 191 98 10/15
ხოდინ რომან 06.09.1993 178 99 6/7/8
შეიძლება კიდევ არიან და გამომრჩა. მაინტერესებს - რომელი ქვეყნიდან არიან და თავიანთი ქვეყნის ნაკრებში თუ თამაშობენ? თუ გაქვთ ინფორმაცია არსებობენ თუ არა საბავშო სარაგბო გუნდები სომხეთსა და აზერბაიჯანში და აქვს თუ არა საქართველოს რაგბის კავშირს ურთიერთობა აზერბაიჯანელ, სომეხ და თურქ კოლეგებთან?

22:19 | 28.03.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.083548