ამბები

15:00 | 24.03.2017 | ნანახია 2346 - ჯერ

"კრასნი იარი" "ტიმიშოარას" "რუსთავი არენაზე" უმასპინძლებს
კრასნოიარსკელებს ლომიძე და ფრუიძე დაეხმარებიან

1 აპრილს, 15 საათზე, რუსეთის 2015 წლის ჩემპიონი "კრასნი იარი" რუმინეთის ჩემპიონ "ტიმიშოარა სარასენსს" "რუსთავი არენაზე" 2017-2018 წლების ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის პირველ მატჩში უმსაპინძლებს.

კრასნოიარსკში რთული კლიმატური პირობების გამო, "ევროპულმა პროფესიულიმა საკლუბო რაგბმა" (EPCR - ტურნირის ორგანიზატორი) "კრასნი იარს" საშინაო შეხვედრების საკუთარ მოედანზე ჩატარება აუკრძალა.

ციმბირელებმა ალტერნატივის ძებნა დაიწყეს და თხოვნით მიმართეს საქართველოს რაგბის კავშირს, რომ მატჩი რუსთავის სარაგბო სტადიონზე გამართულიყო, სადაც მათ შარშან წინასასეზონო შეკრება გამართეს და პირობებით კმაყოფილნი დარჩნენ.

მეორე მიზეზი, რის გამოც კრასნოიარსკელებმა თამაშის საქართველოში ჩატარება გადაწყვიტეს, ექვსი ქართველი მორაგბეა, რომლებიც "კრასნი იარის" ღირსებას დაიცავენ. ესენი არიან ბორჯღალოსანთა მგეზავი ლაშა მალაღურაძე, რუსთაველი ბურჯი მიხეილ წიკლაური, ქუთაისელი ძმები გრიგოლ (ბურჯი) და ვალერი (კვაჭი) ცნობილაძეები; მათ გარდა კლუბთან მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმეს და "იარს" "ტიმიშოარასთან" მატჩებში დაეხმარებიან ბორჯღალოსნები - მესამეხაზელი ლაშა ლომიძე და გარემარბი გიორგი ფრუიძე.

რუსები იმედოვნებენ, რომ ექვსი ქართველის მოედანზე ყოფნა "რუსთავი არენაზე" ქართველ გულშემატკივრებს მიიზიდავს და გუნდს მათი მხარდაჭერა გარანტირებული ექნება.

კლუბების შესახებ

"კრასნი იარი" 1969 წელს "პოლიტეხნიკის" სახელით დაარსდა. 1981-1989 წლებში "ექსკავატორ ტიაჟსტროის" სახელით თამაშობდა, მომდევნო ერთი წელი "კრასნოიარსკ ექსკავატორსტროი" ეწოდებოდა და 1990 წლიდან "კრასნი იარის" სახელით თამაშობს.

გასული საუკუნის 80-იან წლებში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში კრასნოიარსკისა და ქართული კლუბების დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა. 1990 და 1991 წლებში "კრასნი იარი" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, 1988 წელს ვერცხლის, ხოლო 1989 წელს ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. დღეისთვის ეს რუსეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია - 10-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი (1992, 1994-1998, 2000, 2001, 2013 და 2015 წლებში), 8-ჯერ მოიგო რუსეთის თასი (1995, 1996, 1998, 2002, 2006, 2011, 2013 და 2015 წლებში), 2016 წელს გახდა რუსეთის სუპერთასის მფლობელი, 8-ჯერ მოიპოვა ვერცხლის და 5-ჯერ ბრინჯაოს მედლები. შარშან ფინალში დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის "ენისეისთან" დამარცხდა.

2013 და 2015 წლებში "კრასნი იარი" რუსეთის წლის საუკეთესო სარაგბო გუნდად დასახელდა. ქართველი ლეგიონერების გარდა, მის შემადგენლობაში რუსეთის ნაკრების 8 წევრი თამაშობს, ასევე ლეგიონერები მოლდოვიდან და ტონგიდან. გუნდის მთავარი მწვრთნელია იგორ ნიკოლაიჩუკი, ხოლო კაპიტანი - ვასილი არტემიევი.

2015 წელს მოპოვებული ჩემპიონობის გამო, "კრასნი იარს" შარშან ჩელენჯ ქაფზე უნდა ეთამაშა, მაგრამ EPCR-მა ეს უფლება "ენისეის" გადასცა (რომელმაც მანამდე ჩელენჯ ქაფზე წარმატებული თამაში აჩვენა), ხოლო "იარს" შესარჩევ ტურნირში მოუწია ჩართვა, სადაც იტალიური "მოლიანო" 48:24 დაამარცხა, ესპანური "ელ სალვადორი" - 32:5, გერმანულ "ჰაიდელბერგს" 50:21 მოუგო, ხოლო გადამწყვეტ მატჩში "როვიგოს" იტალიაში 42:11 სძლია და საკვალიფიკაციო პლეი-ოფში გავიდა. ბორჯღალოსანმა ლაშა მალაღურაძემ ჩელენჯ ქაფის შესარჩევი ტურნირის 4 მატჩში გუნდს 40 ქულა შესძინა.

ტიმიშოარა სარასენსი

2014 წლიდან ინგლისური კლუბის, "სარასენსის" გლობალური ქსელის ნაწილია, რომლის წევრიც ასევე საქართველოს ჩემპიონი "ლელო-სარასენსიცაა". მის შემადგენლობაში რუმინელი მორაგბეების გარდა სამხრეთაფრიკელი, ახალზელანდიელი, ტონგელი, ავსტრალიელი და ფიჯელი ლეგიონერები თამაშობენ. მისი ორივე მწვრთნელი ახალზელანდიელია, მათგან ერთ-ერთს - სოსენე ანესის 2005 წლის 10 ივნისს "ოლ ბლექსის" რიგებში ფიჯის წინააღმდეგ უთამაშია.

"ტიმიშოარა სარასენსიდან" რუმინეთის ნაკრებში ყოველწლიურად 8-10 მოთამაშე ხვდება. მათ შორისაა 5 უცხოელი მოთამაშე, რომლებმაც რუმინეთის მოქალაქეობა მიიღეს და "მუხების" რიგებში თამაშის უფლება მიიღეს.

"ტიმიშოარა სარასენსი" რუმინეთის ჩემპიონი 3-ჯერ გამხდარა (2012, 2013 და 2015 წლებში). ის რუმინეთის სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონია, რადგან 2016 წელს დაწყებული ჩემპიონატი წელს დასრულდება. გუნდმა 4-ჯერ მოიგო რუმინეთის თასი (2011, 2014, 2015 და 2016 წლებში) და ერთხელ გახდა ქვეყნის "სამეფო თასის" მფლობელი.

2016/2017 წლების სეზონის ჩელენჯ ქაფის შესარჩევ ეტაპზე რუმინულმა კლუბმა ჯგუფურ სტადიაზე 15 ქულა მოაგროვა და პლეი-ოფში ორივე შეხვედრაში აჯობა იტალიურ "კალვიზანოს". უშუალოდ ჩელენჯ ქაფზე რუმინელებმა ხუთივე შეხვედრა დათმეს: "ედინბურგთან" შინ 17:59 და შოტლანდიაში - 3:49, "ჰარლიქუინზთან" შინ 3:42 და ინგლისში - 3:75, "სტად ფრანსესთან" საფრანგეთში 0:27 და შინ ჩაეთვალათ ტექნიკური წაგება 0:28.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:26 | 25.03.2017
პანტელეიმონი (1218)

თუ წელსაც ვერ შეძლებს საქართველოს რაგბის კავშირი მინიმუმ ორი კლუბის ("დიდი 10"-ის ფინალისტების) მონაწილეობის უზრუნველყოფას ევრო ტურნირებზე, სერიოზულ ანტი-პიარულ ღონისძიებებს უნდა მივმართოდ გულშემატკივარმა ! ! !

მოთმინების ფიალა აივსო ბატონებო ! ! !

02:03 | 25.03.2017
alfadhirhaiti (110)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

20:02 | 24.03.2017
qomagi (248)

მართლაც რა გახდა ერთი ქართული გუნდის გაყვანა ევროთასებზე? რას აკეთებს რაგბის ფედერაცია? ან ნაკრების წაგების შემდეგ რატომ არ აკეთებს არანაირ კომენტარს სამწვრთნელო შტაბი და ფედერაცია? ნუ დაემგვანებით ქართული ფეხბურთის მესვეურებს

02:01 | 25.03.2017
alfadhirhaiti (110)

ზვიადი ხო არ გქვია?

19:23 | 24.03.2017
buratino (480)

მიმიფურთხებია თქვენთვის, რაგბის "მოყვარულო" ქართველო ბიზნესმენებო! შემირცხვენიხართ თქვენ, რაგბის კავშირო! ისე გვიხდით საქმეს რომ რუსებს უნდა ვუქომაგოთ?! რა გახდა ბოლოსდაბოლოს ამ ევროტურნირებზე თუნდაც 1 ქართული გუნდის გაყვანა!

0.090229