ეროვნული ნაკრები

16:24 | 22.03.2017 | ნანახია 4487 - ჯერ

გაირკვა: „არწივები“ ჯორჯიას ჯორჯიაში უმასპინძლებენ

ივნისში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს დასავლეთ ნახევარსფეროში 3 ტესტ-მატჩის გამართა უწევს. აქამდე კარგა ხანია ცნობილი იყო, რომ არგენტინელი „პუმები“ ხუხუის 24-ათასადგილიან „ესტადიო 23 დე აგოსტოზე“ მიგვიღებდნენ, კანადელები - კალგარის პაწაწინა, 2400-იან „რაგბი პარკზე“. აშშ-ის ნაკრებმა კი მხოლოდ წუხელ ჩამოაყალიბა საბოლოო პოზიცია. ამერიკელთა გადაწყვეტილებით, „არწივები“ კავკასიის ჯორჯიას ამერიკულ ჯორჯიაში უმასპინძლებენ, კერძოდ კი, შტატის დედაქალაქ ატლანტის ცენტრიდან 50 კილომეტრში მდებარე მცირე ქალაქ კენესოში.

ადრე ამ არენას „კენესოს უნივერსიტეტის სტადიონი“ ერქვა, რადგან უნივერსიტეტის სპორტკომპლექსის ნაწილს შეადგენს, თუმცა 2013 წლიდან მას „Fifth Third Bank Stadium“ – „ფიფთ თერდ ბენკ სთედიუმ“ ეწოდება, რაც ითარგმნება, როგორც „მეხუთე მესამე ბანკის სტადიონი“. ასეთი უცნაური სახელწოდება მარტივად აიხსნება - გასული საუკუნის დასაწყისში აშშ-ის „მესამე ეროვნული ბანკი“ და „მეხუთე ეროვნული ბანკი“ ერთ საფინანსო ორგანიზაციად იქცნენ და სახელიც მათი შერწმით შეიქმნა. დღეს კი ეს მსხვილი ბანკი ხსენებულ სტადიონს პატრონობს. მრავალწლიანი ხელშეკრულების თანახმად, ბანკი მრავალ მილიონ დოლარს დახარჯავს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და ამ ხნის განმავლობაში სტადიონი მის სახელს ატარებს.

თუმცა, ტრიბუნების გაზრდა უახლოეს პერიოდში ნამდვილად არ იგეგმება და „ბორჯღალოსნებთან“ ჯახის ცოცხლად ხილვა კენესოს სტადიონზე მაქსიმუმ 9500-მა მსურველმა მოახერხოს. მეტი ტრიბუნებზე ფიზიკურად ვერ დაეტევა. ცოტა საწყენიცაა, რადგან თბილისში გაცილებით დაბალი რანგის მეტოქესთან თამაშს ქვეყნის უდიდესი არენა მასპინძლობს და პირთამდე ივსება კიდეც. ისიც აღვნიშნოთ, რომ „ფიფთ თერდ ბენკ სთედიუმი“ წმინდა საფეხბურთო ნაგებობაა, ევროპულ სოკერს ვგულისხმობთ, თუმცა 2014 წლის მარტში აშშ-ის ვაჟთა ნაკრებმა შარშანწინდელი მსოფლიო თასის საგზური სწორედ „ფიფთ თერდ ბენკ სთედიუმზე“ მოიპოვა - ურუგვაელებს პლეი ოფის საპასუხო მატჩში 32:13 მოუგო. პლუს ამას, ირბ-ს შვიდქალა მსოფლიო სერიის (მოგვიანებით - მსოფლიო რაგბის შვიდქალა სერიის) ამერიკული ეტაპი 2014-2016 წლებში ასევე კენესოში იმართებოდა. მოკლედ, აქ რაგბი სულაც არაა უცხო.

„მოხარულები ვართ, რომ კარგად დაცდილ ატლანტაში ვუმასპინძლებთ ისეთ მრისხანე ოპონენტს, როგორიც საქართველოა. მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - თქვა „არწივების“ გენერალურმა მენეჯერმა დეივ ჰოჯესმა, - „ფიფთ თერდ ბენკ სთედიუმს“ საოცარი, პრემიუმ-კლასის საფარი აქვს, საყოველთაოდ აღიარებული, და დარწმუნებული ვარ, მაყურებელი არ მოიწყენს - სწორედ ფიზიკურად უმძლავრეს „ლელოსთან“ გამოჩნდება ჩვენი „არწივების“ რეალური ძალა“.

აქვე გეტყვით, რომ აშშ-ის ნაკრებისთვის „ბორჯალოსნებთან“ 17 ივნისის მატჩი იქნება ძალების ბოლო მოსინჯვა კანადელებთან ორმატჩიან დაპირისპირებამდე. ქართველთა საზაფხულო ჩრდილოამერიკელი მეტოქეები ერთმანეთში მსოფლიო თასზე პირდაპირ საგზურს გაითამაშებენ, წაგებულს კი იაპონიამდე უფრო შორი გზის გავლა მოუწევს.

სხვათა შორის, „ბორჯღალოსნების“ მასპინძლობამდე ერთი კვირით ადრე „არწივები“ ირლანდიის ნაკრებს მიიღებენ - პირველი დონის სწორედ ეს წარმომადგენელი შეახვედრა ამერიკელებს მსოფლიო რაგბიმ. ცნობისთვის, ირლანდიელებს პატივი დასდეს და უფრო დიდ სტაიოდნზე ეთამაშებიან - ნიუ ჯერსის 25-ათასიან „რედ ბულ არენაზე“...

„მოუთმენლად ველით ზაფხულის ტესტებს. ირლანდიისთვის უძლეველი აღარავინაა - „ოლ ბლექსსაც“ მოუგო და ინგლისსაც. საქართველოს ნაკრები კი მსოფლიოს მე-12 ნაკრებია და სავსებით დამსახურებულადაც - განვითარების ცენტრალიზებულმა სისტემამ სოლიდური დივიდენდები მოუტანა“, - ამბობს აშშ-ის ნაკრების ზელანდიელი თავკაცი ჯონ მიტჩელი, - „ქართველთა უძლიერესი მხარე შერკინებაა და ამ კომპონენტში ჩვენც მნიშვნელოვნად მოვუმატეთ. ვგრძნობ, რომ ეს ორი გუნდი საუკეთესო სპარინგ-პარტნიორია კანადასთან გადამწყვეტი მატჩებისთვის მოსამზადებლად“.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:07 | 23.03.2017
პანტელეიმონი (1218)

სულ მოუთქმელად ველოდებით ივნისის ტესტებს.

11:35 | 23.03.2017
buratino (480)

თუ გვინდა რომ წლობით მოპოვებული პრესტიჟი და ავტორიტეტი არ გავფლანგოთ, ივნისში აუცილებლად უნდა ვძლიოთ კანადა-ამერიკა, ხოლო არგენტინასთან ვიბრძოლოთ

00:45 | 23.03.2017
DataN24 (215)

უნდა გამოვასწოროთ ცუდი სტატისტიკა და დამაჯერებლად უნდა მოუგოთ ამათ

16:40 | 22.03.2017
BEERTRANCE (1073)

იმედია სათანადოდ მოვემზადებით და მოტივაციის პრობლემა ამჯერად არ იქნება.

0.10718