2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე შეიძლება ითქვას, რომ ერთბაშად ყველაზე მეტი ახალბედა მორაგბე გამოიცადა ნაკრებში, რაც სეზონის წინ ბორჯღალოსნების მთავარია მწვრთნელის ერთ-ერთი დასახული მიზანი იყო.
სატურნირო შემადგენლობაში 9 ისეთი მორაგბე მოხვდა, რომლებმაც შარშან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშეს და ისინი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებში როტაციის პრინციპით თამაშობდნენ. ეს მორაგბეები არიან: თორნიკე მატარაძე, ლაშა ტაბიძე, ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი კოშაძე და ირაკლი სვანიძე. მათგან ორს (ტაბიძე და აფრასიძე) წელსაც მოუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, რომელსაც 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო (თბილისი და ქუთაისი) უმასპინძლებს.
ზემოთჩამოთვლილი მორაგბეების ნაწილს ‘დინამო არენაზე’ რუსეთთან გამართული მატჩის შემდეგ გავესაუბრეთ, ხოლო ინტერვიუებს დანარჩენ ახალგაზრდა ბორჯღალოსნებთან ეტაპობრივად შემოგთავაზებთ
გიორგი კოშაძე: 4 კეპი და 4 ლელო
შარშანდელი 20-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი, რომელსაც უფროს ბორჯღალოსნებში დებიუტი ჰქონდა რუსთავის ‘ხარების’ შუამარბი გიორგი კოშაძე იყო. ჰეიგმა მას 2016 წლის ნოემბრის ტესტებზე, სამოასთან მატჩში გამოცდილი, იმ მომენტისთვის ტრავმირებული დავით კაჭარავას ნაცვლად ათამაშა.
კოშაძე პირველი მორაგბეა გიორგი შკინინის შემდეგ, რომელსაც ბორჯღალოსნებში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგიდან უხმეს. მიუხედავად ამისა, მან შანსი საუკეთესოდ გამოიყენა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის 3 მატჩში 4 ლელო დადო - ერთი ბელგიასთან, ორი გერმანიასთან რუსთავში და ერთიც რუსეთთან ‘დინამო არენაზე’.
გიორგი კოშაძე: „ეროვნულში პირველი ლიგიდან მოვხვდი, თუმცა მანამდე ყველა ასაკობრივი ნაკრები მქონდა ნათამაშები (18, 19 და 20-წლამდელები) და საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილება მქონდა. რა თქმა უნდა ეროვნულში სულ სხვა დონეა, მაგრამ ამ გამოცდილებამ ბევრი რამ გამიიოლა.
ამ კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო ის 4-თვიანი მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე გავიარეთ და მერე უშუალოდ ინგლისის ტურნირი. დღემდე ჩემს კარიერაში ეს იყო ყველაზე მაღალი დონის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაშმა, როგორებიც ახალი ზელანდია, უელსი, ირლანდია, იტალია და საფრანგეთი იყვნენ, სწრაფი თამაშის გამოცდილება შემძინა და ეროვნულ გუნდსაც მარტივად შევეგუე.
20-წლამდელების მსოფლიო ჩემპიონატი ეროვნულთან მიახლოვებულია, თუმცა აქ კიდევ უფრო მაღალი სისწრაფეები და ძალა დამჭირდა. ჩემი დებიუტი შარშან ნოემბერში, სამოასთან შედგა და ძალიან ვნერვიულობდი. ამ ძალის გუნდის წინააღმდეგ ჩემს კარიერაში პირველად ვითამაშე. დაძაბულობას ისიც ზრდიდა, რომ თამაში საქართველოში ტარდებოდა, ძალიან ბევრი ადამიანი მიყურებდა. ეს საწყის წუთებში, თორემ მერე ტრიბუნების შეძახილებმა ძალა შემმატა და რომ მივხვდი ეს ხალხი ჩემს საქომაგოდ იყო მოსული, დაძაბულობამ და ნერვიულობამ გამიარა.
ბორჯღალოსნების კვართით მეორე თამაში ბრიუსელში ჩავატარე და ჩემი პირველი სანაკრებო ლელო დავდე. პირველი ყოველთვის გამორჩეულია და მას სხვა მუხტი ჰქონდა, თუმცა ერთ კვირაში, ჩემს მშობლიურ ქალაქ რუსთავში გერმანიას ორი ლელო დავუდე. აქ თამაში ძალიან კარგად წამივიდა, რაც შესაძლოა ნაცნობი აურის და სტადიონის დამსახურებაც იყო.
რუსეთთან თამაშის წინ ბიჭები მეუბნებოდნენ, რომ ‘დინამოს’ აურა განსაკუთრებული იყო. სავსე ტრიბუნების წინაშე სამოასთან უკვე ნათამაშები მქონდა და არ მეგონა რაიმე ახალი თუ იქნებოდა, თუმცა ‘დინამოზე’ რუსეთის წინააღმდეგ სათამაშოდ რომ გადიხარ და ამდენი ადამიანი გგულშემატკივრობს სულ სხვა მუხტია. თავიდან აქაც ვნერვიულობდი, მაგრამ ისევ ვიგრძენი ქომაგის დახმარება და ნერვიულობამაც გაიარა. რუსეთი მოტივირებული თამაშობდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ეს ჩემთვის ეს ყველაზე დაძაბული შეხვედრა იყო.
ახლა რუმინეთთან მატჩისთვის ვემზადებით, ვცდილობთ ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ და მეტოქის სუსტი მხარეებით ვისარგებლოთ. რუმინეთი ამ ტურნირში ჩვენთვის ყველაზე ძლიერი მეტოქეა და დაძაბული შეხვედრა გველოდება“.
გიორგი ცუცქირიძე: "სასტარტოში ყოფნა დაიმსახურა"
გიორგი ცუცქირიძეს სანაკრებო დებიუტი ბრიუსელში, ბელგიასთან შეხვედრაში ჰქონდა და შეცვლაზე რამდენიმე წუთით შევიდა. ესპანეთის წინააღმდეგ მან კვლავ შეცვლაზე, ამჯერად 25 წუთი ითამაშა. რუსეთთან ის უკვე სასტარტო შემადგენლობაში იყო და წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჰეიგმა განაცხადა - „ცუცქირიძე თამაშში ბრწყინვალედ ერთვებოდა და სასტარტოში ყოფნა დაიმსახურა“.
გადაჭედილ ‘დინამო არენაზე’ მესამეხაზელმა 71 წუთი ითამაშა და ფიქრობს, რომ შარშან 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მიღებულმა გამოცდილებამ დიდი სამსახური გაუწია.
გიორგი ცუცქირიძე: „შარშან ინგლისში გამართულ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატამდე შევარდენის ბაზაზე 4-თვიანი ძალიან მაგარი მომზადება გავიარეთ. ფიზიკურად და მენტალურად ისე მოვემზადეთ, რომ საკმაოდ მაღალი დონის ტურნირი ღირსეულად ჩავატარეთ და ჩვენს ქვეყანას წლევანდელ ჩემპიონატზე თამაშის უფლება სპორტულადაც მოვუპოვეთ.
მსოფლიო დონის გუნდების წინააღმდეგ პირველად ვითამაშე და ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე. ტურნირს საუკეთესო ფორმაში შევხვდი, როგორც ჩანს თავი გამოვიჩინე და ჩვენმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ ეროვნულის თავკაც მილთონ ჰეიგს ჩემი საქმეში ნახვა შესთავაზა. როგორც ჩანს ილიას რეკომენდაციამ გაჭრა და რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ბორჯღალოსნებში დამიძახეს.
20-წლამდელებისა და ეროვნული ნაკრებების მზადება ძალიან გავს ერთმანეთს და ამან ადაპტაცია გამიადვილა. რა თქმა უნდა, დონე აქ უფრო მაღალია, თუმცა ჩემთვის ბევრი რამ ცნობილი იყო და გუნდს ადვილად შევეწყე. პირველი ორი თამაში ბელგიასა და ესპანეთთან სტუმრად ჩავატარე და ორივე შემთხვევაში შეცვლაზე შევედი. მანამდე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ნათამაშები მქონდა, მაგრამ ეროვნული გუნდის კვართის მორგება ისეთი შეგრძნებაა, რომ სიტყვებით ამას ვერ გადმოგცემთ. რაღაც განსაკუთრებულია, რომლის შესატყვისის მოძებნა ალბათ ყველას გაუჭირდება.
მწვრთნელმა გადაჭედილ ‘დინამოზე’ შანსი მომცა - რუსეთის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში დამაყენა. ეს იყო უმაგრესი შეგრძნება, ამდენი ადამიანის წინაშე პირველად ვითამაშე. იმედია, მსგავსი ბედნიერების განცდის შანსი კიდევ მომეცემა და ვეცდები გულშემატკივარს იმედები არ გავუცრუო“.
ოთარ გიორგაძე: ინგლისში სულ სხვა სისწრაფეებს ვეზიარე
‘კლერმონელ’ ოთარ გიორგაძეს ბორჯღალოსნებში დებიუტი 2015 წლის ‘თბილისის თასზე’ ჰქონდა და ირლანდიის ‘ა’ ნაკრებს ლელო დაუდო. წელს მას დებიუტი საფრანგეთის ტოპ 14-ში, ‘კლერმონის’ შემადგენლობაშიც ჰქონდა და ეს ღირშესანიშნავი მოვლენა ლელოთი აღნიშნა.
წელს ჰეიგმა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის უხმო და ბელგიასთან შეცვლაზე, ხოლო ესპანეთთან სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა.
ოთარ გიორგაძე: „მქონდა ძალიან დიდი სურვილი და მონდომება, რომ დიდ ნაკრებში კიდევ მეთამაშა. შარშან ამის შანსი არ მომეცა, თუმცა ვითამაშე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე და ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე. ვეთამაშეთ იმ ქვეყნების 20-წლამდელთა ნაკრებებს, რომლებიც ასე ვთქვათ რაგბის მამები არიან. ამ ტურნირზე სულ სხვა სისწრაფეებს ვეზიარეთ და მაგრად გავიზარდეთ. ვფიქრობ, ყველა მორაგბის ოცნება სწორედ ისაა, რომ მსგავსი დონის ტურნირებში ითამაშოს და გამოცდილება შეიძინოს.
20-წლამდელებსა და ეროვნულ გუნდს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. შარშან გუნდი დიდხანს იყო ერთად, აქ კი უფრო ხანმოკლე შეკრებებია და იმ დატვირთვებით ვერ ვვარჯიშობთ. თამაშები ხშირად გვიწევს და ყურადღება აღდგენასა და ტაქტიკაზეა გადატანილი. ჩემ თავს ვატყობ, რომ ახლა უფრო მეტად მოტივირებული ვარ და მინდა რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის თამაში ჩავატარო.
ტულუზას შეკრებაზე მილთონ ჰეიგმა რამდენჯერმე მეორე ხაზში დამაყენა, თუმცა თამაშებისთვის მხოლოდ მესამე ხაზში მამზადებდა. გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, თავისუფლად შემიძლია მეორე ხაზშიც დავდგე.
ვფიქრობ, მწვრთნელებმა კარგი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს მოგცეს თავის გამოჩენის და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა. ოთხივე თამაში დამაჯერებლად მოვიგეთ და შედეგითაც კმაყოფილი ვარ. ვიცი, რომ რუმინეთს უფრო ძლიერი ბიჭები ყავს და მაქსიმუმს გავიღებთ გამარჯვების მოსაპოვებლად“.
გელა აფრასიძე: ეს გამოცდილება 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამომადგება
გელა აფრასიძემ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე შარშანაც ითამაშა და ‘უმცროსი ბორჯღალოსნების’ რიგებში წელსაც იქნება. მას სანაკრებო დებიუტი რუსთავშიი, გერმანიასთან ჰქონდა, თუმცა 5 წუთში ტვინის შერყევა მიიღო. მეორე შანსი 55 ათასი მაყურებლის წინაშე მიიღო და ამბობს, რომ ქომაგის თანადგომამ დიდი დახმარება გაუწია.
გელა აფრასიძე: „ეროვნულ ნაკრებში თამაშმა დიდი გამოცდილება შემძინა და ის აუცილებლად გამომადგება. გარდა ამისა, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე შარშანაც ვითამაშე და ვფიქრობ, ეს ორი გამოცდილება წელს უკეთესი შედეგის ჩვენებაში დამეხმარება. მიმაჩნია, რომ მაის-ივნისში ფსიქოლოგიურ მომზადებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რადგან მოსამზადებელ პერიოდში დიდი დატვირთვებია და ჩემპიონატიც ისეთი დამღლელი და ამაღელვებელი იქნება, რომ მხოლოდ ფიზიკური მზადყოფნით ფონს ვერ გავალთ.
ეროვნულში დებიუტი გერმანიასთან მქონდა და არ გამიმართლა. მეორედ რუსეთის წინააღმდეგ, ‘დინამოზე’ ვითამაშე და ხალხის დიდი თანადგომა ვიგრძენი, რამაც ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა. როდესაც უფროს ასაკში თამაშობ, უფრო ნერვიულობ, მეტი პასუხისმგებლობა გაქვს და ამ დროს გულშემატკივრის თანადგომა მნიშვნელოვანია.
რუმინეთთან მატჩის შემდეგ სრულად გადავერთვები 20-წლამდელებზე. ვფიქრობ, წელს შეგვიძლია შარშანდელზე უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ. მთავარია კარგად მოვემზადოთ, ტრიბუნებზე ბევრი მე-16 გვეყოლება და ეს თამაშების მსვლელობისას დაგვეხმარება“.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მატარაძეს არ უწევს წელს 20 წლამდელებში?
აბა თქვენ იცით
ეს უკვე კატასტროფააა
შერკინებაში ასეთი ჩავარდნა რა უბედურებაა
გამარჯვებების გზებზე გევლოთ, ჩვენო საამაყო "ბოკვერებო"!
ტაბიძეს დიდებშიც კარგად იდგა ნუ ისე ვერ ვაწვებოდით მთლად როგორც გვჩვევია მაგრამ 19 წლის კვალობაზე ძალიან მაგარია და არამგონია მის ასაკში ვინმემ აჯობოს, ხაზში კი აფრასიძე მიმინოშვილი მოდებაძეს ტრიოსგან ბევრ კრეატივს და ლამაზ ბურთაობას ველი
ახალგაზრდები წალეკავენ ექვს ერს.
წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !
გავითვალისწინოთ რომ შარშანდელი 20 წლამდელიდან წელს კიდე ითამაშებს 8 მორაგბე, შერკინებიდან ტაბიძე-სპანდერაშივილი, ძირითადი დატვირთვა კი ხაზის მოთამაშეებზეა(გელა აფრასიძე, მოძღვრიშვილი, დავით მესხი, გიორგი კვესელაძე, ლადო მიმინოშვილი, მოდებაძე)...
მჯერა უფრო მეტს მიაღწევთ. დიდი იმედი გვაქვს თქვენი ბოკვრებო, თქვენ გენაცვალეთ!!
გვეიმედებით ბოკვრებო! გენაცვალეთ!