გულშემატკივრის გვერდი

14:40 | 17.03.2017 | ნანახია 8246 - ჯერ

ნახევარ საუკუნეზე მეტი - ქართული რაგბის სამსახურში
ირაკლი კიზირია 75 წლისაა!

დავბერდით ძველი თაობის მორაგბეები. შეხვდრისას ერთმანეთს ვახმნევებთ: "რა პატარა ბიჭივით გამოიყურები", გულში კი ვფიქრობთ, "ო, როგორ დაბერებულა". მართლაც, რა უბედურება ყოფილა სიბერე - ყველას ერევა, პოეტსაც, მეცნიერსაც, სპორტსმენსაც და მორაგბესაც კი... მაგრამ თუ შემთხვევით ვაკეში შეხვდებით, მესხის სტადიონზე ყოველ დილას მობურთალ და მოვარჯიშე, ახალგაზრდული აღნაგობისა და ახალგაზრდული სახის პიროვნებას – ირაკლი კიზირიას, რომელიც ტოლს არ უდებს თავისზე გაცილებით უმცროს პარტნიორებს, ეჭვი შეგეპარებათ სიბერის უძლეველობაში. მართლაც, ძნელად დასაჯერებელია, რომ ეს ენერგიული და შემტევი კაცი 75 წლისაა, რომლიდანაც მან ნახევარ საუკუნეზე მეტი ქართულ რაგბის მიუძღვნა - ჯერ როგორც მოთამაშემ, შემდეგ როგორც მწვრთნელმა და დღეს - როგორც ვეტერან მორაგბეთა ლიდერმა.

საზოგადოებაში მიაჩნდათ და სრულიად სამართლიანად, რომ თავდაპირველად რაგბიში მოდიოდნენ ისეთი სპორტსმენები, რომლებიც წარმატებას თავიანთ საყვარელ სახეობაში ვერ აღწევდნენ და შემდეგ რაგბიში, როგორც მეორად სახეობაში ცდილობდნენ ძალების გამოცდას. ირაკლიც ფეხბურთიდან მოვიდა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მას "სამეორადე" არაფერი სჭირდა. პირიქით, ფეხბურთელები ცალკე ეხვეწებოდნენ, ჩვენთან დარჩიო, და იმ დროს ახლად მოვლენილი ჰოკეისტები - ცალკე.

... ერთ მშვენიერ დღეს იგი ხათრით წაყვა თავის თანაჯგუფელს და მეგობარს, რაგბით უკვე "დაავადებულ" შევაზი კოდუას, სპი-ს მორაგბეთა გუნდის ვარჯიშზე, რომელსაც ასევე მათი თანაჯგუფელი ოთარ დოღონაძე წვრთნიდა. ირაკლი, როგორც შემდეგ თვითონ იგონებდა, ოვალური ბურთის ხელში პირველი აღებისთანავე, მიხვდა, რომ "მასთან შეხვედრა" დიდი ხნით გაგრძელდებოდა. ეს "დიდი ხანი", არც მეტი, არც ნაკლები, როგორც მოგახსენეთ, ნახევარ საუკუნეზე მეტია გრძელდება.

არაფერი ცუდი იმაში არ არის, რომ იუბილარი შეაქო გადაჭარბებული ეპითეტებით და ხოტბა-დიდების ფრაზებით. მაგრამ ძნელია მოძებნო სიტყვები, რომელიც რეალურ წარმოდგენას შეუქმნიდა მკითხველს, თუ როგორ თამაშობდა იგი რაგბის: როგორც მოთამაშე - მსუბუქი, დაუძაბავი, მაგრამ სწრაფი ცრუმოძრაობებით, მოულოდნელი დრიბლინგებით, ფეხით თამაშის ვირტუოზული უნარით, საჯარიმოების დარტყმის ხელოვანი; როგორც გუნდის ლიდერი - შერკინების ან ხაზის მოთამაშეების დროული ჩართვა შეტევაში ან დაცვის ორგანიზება, თამაშის დროს გუნდის წინასწარ დაგეგმილი ტაქტიკის და სტრატეგიის გატარება, ა.შ. და ა.შ.

თავისთავად არაფერი მოდის. ნიჭი ილეთების ადვილად ათვისებისა და ტაქტიკური აზროვნებისა მას გენებში ჰქონდა, და მხოლოდ ამის წყალობით სხვებზე არანაკლებ ისედაც ითამაშებდა. მაგრამ მართლაც გასაოცარი იყო მისი სწრაფვა უფრო მეტი სრულყოფისკენ, მისი შრომისუნარიანობა: ვარჯიშზე დიდი ხნით ადრე მიდიოდა და ვარჯიშის შემდეგ, კარგა ხანი კიდევ ბურთის კარში დარტყმებს ხვეწდა. ერთი სიტყვით, იგი იყო იმ თეორიის პრაქტიკული მაგალითი, რომლის მიხედვით ადამიანის ნიჭს ხორცს ასხამს მისი შრომისუნარიანობა. თავისი ხანგრძლივი სპორტული კარიერის განმავლობაში მისი მოწინაამღდეგე გუნდების - მოსკოვის, კიევის, ვილნიუსის, ვარშავის, ამსტერდამის თუ სხვა სტადიონებზე, იყო ეს ახალგაზრდობაში თუ ვეტერანების დღევანდელ თამაშებში, მოწინააღმდეგე მწვრთნელების მთავარი მითითება და მოედანზე გუნდის კაპიტნის მუდმივი შეხსენება თანაგუნდელებისთვის იყო ლამისაა რეფრენად ქცეული სიტყვები: "არ გაუშვა კიზირია", "დაიჭირე კიზირია!" (განსაკუთრებით რუსეთში: "დერჟი კიზირია!").

პირველად ეს შეძახილი გაისმა მოსკოვში, 1963 წლის ზაფხულში. მოსკოვი იმდროინდელი საბჭოთა რაგბის მექად მიიჩნეოდა. დღევანდელისგან განსხვავებით, მაშინ რაგბის ენთუზიასტებად მოგვევლინენ მოსკოვის ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები (მვტუ, მაი, მეი და ა.შ.). ფიზკულტურელის დღეს იყო და ტრიბუნები ხალხით იყო გავსებული. ამ სადღესასწაულო დღის პროგრამაში გათვალისწინებული იყო საჩვენებელი თამაშის გამართვა მოსკოვის მვტუ-სა და მაი-ს შორის. იქ თამაშის საყურებლად მისულ ირაკლის მოულოდნელად მოსკოვის მვტუ-ს მწვრთნელმა (შემდგომში - სსრკ-ს ნაკრების მწვრთნელმა) ჟ. ანტონოვმა, რომელსაც ადრე ჰქონდა ირაკლის თამაში ნანახი, შესთავაზა, მონაწილეობა მიეღო საჩვენებელ თამაშში. ირაკლიმაც შეუსრულა თხოვნა და ითამაშა. ირაკლი საერთოდ ყოველთვის თამაშობდა ჩავარდნების გარეშე, მაგრამ მისი რამდენიმე თამაში მახსოვს, რომელიც მაფიქრებინებდა, რომ ამაზე უკეთესად რაგბის თამაში საერთოდ აღარ შეიძლებოდა (თუ გინდაც, ლეგენდარული ინგლისელის ჯ. ბატერფილდის ჩათვლით).Aასე ითამაშა იმ დღესაც: ჯერ ხომ თამაშის დასაწყისშივე ყველანაირი ხერხებით ანუ საჯარიმოთი, ლელოთი, არეკნით მოუტანა “თავის" გუნდს ქულები, შემდეგაც საერთოდ, არავის აცდიდა თამაშს, თითქოს ბურთი სულ მას ჰქონდა და დანარჩენები, როგორც სტატისტები, წინ და უკან დაყვებოდნენ.

იმ დღეს ირაკლიმ მაყურებლების დიდი სიმპატია დაიმსახურა, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ მისი თამაშით ქართულმა რაგბიმ, რომელიც ახლად ფეხადგმული იყო, დაუმტკიცა იმდროინდელ სარაგბო სამყაროს, რომ სრულიად საფუძვლიანად შესწევს ძალა მომავალში ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად.

შემდგომ წლებში გამართულმა საკავშირო მნიშვნელობის ყველაზე პრესტიჟულმა შეჯიბრებებმა, იყო ეს 1963 წელს, სსრკ-ის პროფავშირების პირველი ჩემპიონატი (მესამე ადგილი), 1966 წელს უნივერსიადა (მეორე ადგილი), სსრკ-ის პირველი ჩემპიონატი (მეორე ადგილი), თუ სხვა მრავალი ტურნირი და სპორტსაზოგადოებების ცენტრალური საბჭოს ჩემპიონატები, ქართველმა მორაგბეებმა ერთხელ და სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი იმდროინდელ სარაგბო ელიტაში. ამ პროცესში სხვა მოთამაშეების ღვაწლს არ ვაკნინებ, მაგრამ, ჩემი აზრით, და ისინიც დამეთანხმებიან, რომ ირაკლი ყოველთვის ასრულებდა პირველი ვიოლინოს როლს და ყოველთვის იყო მათი ლიდერი.

ერთ მოკლე საიუბილეო სტატიაში ნახევარი საუკუნის ცხოვრების ჩატევა შეუძლებელია, მაგრამ არ შეიძლება ირაკლის მიერ დამყარებული ერთი რეკორდი განსაკუთრებით არ გამოვყო, რომელსაც თუ "პატრონი გამოუჩნდება", გინესის რეკორდების წიგნში შევა. მკითხველს შევეკითხები: "აბა, რამდენი ქულის მოპოვება შეუძლია ერთ მოთამაშეს ერთ თამაშში?" ვერ გამოიცნობთ. "დინამოს" ცენტრალური საბჭოს ჩემპიონატის ერთ-ერთ თამაშში, ბაქოელ თანაკლუბელებთან შეხვედრაში, ირაკლიმ მოიპოვა არც მეტი, არც ნაკლები, 82 ქულა. მსგავს რამეზე, არც ჩვენთან და არც უცხოეთში, მე არ მსმენია. სიტყვამ მოიტანა და თვით თამაშის შედეგიც – 157:3 – “საგინესოა”. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ოფიციალური შეჯიბრების ოქმები ახლაც ინახება მოსკოვში.

დასანანად მხოლოდ ერთი მოგონება მაქვს. სსრკ-ის პირველი ჩემპიონატის (ომისშემდგომი) ფინალურ ტურნირში, რომელიც თბილისში ტარდებოდა, ირაკლიმ პირველივე თამაშში მიიღო მხრის ტრავმა. შემდეგ თამაშებში იგი გამოდიოდა ამ დაზიანებით, რომელსაც ნემსების ბლოკადებით უყუჩებდნენ. გადამწყვეტ მატჩში მვტუ-ს წინააღმდეგ მას ექიმებმა თამაშზე გასვლა კატეგორიულად აუკრძალეს. წავაგეთ 3:5 და თანაც ჩემიონობა დავკარგეთ. ეს ანგარიში, მართალია, იმაზე მოწმობს, რომ მის გარეშეც ნამდვილად ძლიერი გუნდი გვყავდა, მაგრამ დასანანიც ისაა, რომ ძალთა ასეთი თანაფარდობის შემთხვევაში ისეთი მოთამაშის მონაწილეობა, როგორიც ირაკლი იყო, ჩვენ უსათუოდ გავხდებოდით პირველი ჩემპიონები.

აქვე გავიხსენებ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ირაკლის რაგბისთვის უკვე თავი დანებებული ჰქონდა, იგივე ანტონოვმა, რომელიც შემდეგ გახდა სსრკ-ს ნაკრების მწვრთნელი და ახლადგამომცხვარი ნაკრების შემადგენლობას ადგენდა, სინანულით თქვა: "ოჰ, ახლა მომცა კიზირია. მაშინ კი (იგულისხმება ზემოთ ხსენებული ჩემპიონატის გადამწყვეტი თამაში), როცა გავიგე, რომ კიზირია არ თამაშობსო, უფალს მადლობა გადავუხადეო".

რაღა საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი? რ. პულენი – საფრანგეთის იმ ნაკრების მწვრთნელი, რომელიც გუნდთან ერთად საქართველოში სტუმრობდა !967 წელს. მან ჩვენი მოთამაშეებიდან, რამოდენიმე გამოყო და მათ შორის განსაკუთრებული ქებით ირაკლი მოიხსენია: "დღეს რომ შესაძლებელი იყოს, მას საფრანგეთის უმაღლესი ლიგის ნებისმიერი გუნდი აიყვანდაო". მკითხველს შევახსენებ, რომ რ. პულენი არ იყო "უბრალო" მწვრთნელი, იგი მიიჩნეოდა და მიიჩნევა რაგბის როგორც უდიდესი სპეციალისტი და თეორეტიკოსი, მას გამოშვებული აქვს რაგბის რამოდენიმე სახელმძღვანელო (!), რომლითაც დღესაც სარგებლობენ მორაგბეები.

იოზეფ სოკოლოვსკიმ, პოლონეთის ექვსგზის ჩემპიონის მწვრთნელმა, როდესაც მას ქართველმა მორაგბეებმა საზღვარგარეთ პირველი გასვლითი თამაში 9:3 მოუგეს, ქართველებს ხუმრობით შესთავაზა, კიდევ ერთხელ ვითამაშოთ, მხოლოდ იმ პირობით, რომ "კიზირიამ პოლონეთის გუნდში ითამაშოსო".

ანატოლი სოროკინი, საბჭოთა რაგბის "მამად" წოდებული, მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი იყო და როცა საშუალება მიეცა, მაშინვე გამოხატა თავისი აზრი. საბჭოთა კავშირის დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში, რომელმაც მას დაუკვეთა რაგბიზე სტატიის დაწერა, მან კიზირია იმდროინდელ უზარმაზარ იმპერიაში არსებულ ათასობით მორაგბეთა შორის საუკეთესო მორაგბეთა სამეულში მოიხსენია.

მის თამაშს ძალზე ზუსტად და ლაკონურად ასახავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბატონი დავით თევზაძე, თავის დროზე თვითონ საკმაოდ კარგი მორაგბე, რომელსაც ირაკლის წინააღმდეგ უხდებოდა თამაში: "ირაკლი კიზირია იყო მოუხელთებელი, სწრაფი და უჭკვიანესი მოთამაშე მოედანზე. ძლიერი მოწინააღმდეგე მისთვის არ არსებობდა. მისი შეკავება, შებოჭვა შეუძლებელი იყო. მე მქონდა ბედნიერება, მის წინააღმდეგ მეპაექრა. როგორ არ ვცდილობდი მისთვის ხელის შეშლას, მაგრამ ამაოდ. მის მაგივრად ჰაერს ვებღაუჭებოდი. იგი ნამდვილი ლიდერი იყო".

ედუარდ კოდუა, აკადემიკოსი, რაგბის დიდი გულშემატკივარი, თავის დროს წერდა: "ბევრი ბრწყინვალე მორაგბის თამაში მინახავს... მაგრამ კიზირიასნაირი არავინაა".

გურამ საღარაძე: "მორაგბეებთან თავიდანვე დიდი სიყვარული და მეგობრობა მაკავშირებს. განსაკუთრებით გამოვყოფ ირაკლი კიზირიას. უდავოდ ნიჭიერ სპორტსმენს. ამ ინგლისურ თამაშში, ირაკლიმ და მისმა მეგობრებმა ქართული სული ჩაჰბერეს და შედეგიც სახეზეა. მათი შემწეობით დღეს ქართული რაგბი მსოფლიოში ანგარიშგასაწევი ძალაა".

ნონა გაფრინდაშვილი: "ქართულ რაგბისთან თავიდანვე მქონდა ახლო ურთიერთობა. ერთხანს მორაგბეთა ფედერაციის წევრიც ვიყავი. ირაკლი კიზირია ქართველი მორაგბეებიდან ერთ-ერთი გამორჩეული იყო და საბჭოთა კავშირში წამყვან მორაგბეს წარმოადგენდა. სრულიად კანონზომიერია ის ფაქტი, რომ იგი XX საუკუნის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს".

მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ქართული გენისა და ბუნების წყალობით, ქართულ რაგბის ჰყავდა ამ თამაშის უბადლო ოსტატები, მათ შორის ირაკლი კიზირია იყო, არის და იქნება, როგორც გამორჩეული, #1 დიდოსტატი. მისი რაგბისადმი, ლამისაა რომანტიზმამდე მისული სიყვარული, თავდადება, სპორტული ფორმის ხანგრძლივობა და რაც ყველაზე მთავარია, უმაღლესი კლასის პროფესიონალიზმი, ბალავარია ქართველ მორაგბეთა დღევანდელი წარმატებებისა; ჩემი აზრით, იგი ქართული სპორტის ისტორიაში შევა როგორც ნონა – ჭადრაკში, სანეევი – მძლეოსნობაში, პაიჭაძე – ფეხბურთში, ფხაკაძე – ველოსპორტში.

ირაკლი კიზირიამ თავისი ვირტუოზული თამაშით გაამდიდრა ქართული რაგბი. და არა მხოლოდ რაგბი. იმას მტკიცება არ უნდა, რომ სახელოვანი სპორტსმენები იმიჯს უქმნიან ქვეყანას, ერს. რაგბის ჩვეულებრივი გულშემატკივრები, რომლებიც ირაკლის საქართველოშიც უამრავი ჰყავდა და მის ფარგლებს გარეთაც, მისი შესანიშნავი თამაშის შემყურენი, პატივისცემით იმსჭვალებოდნენ არა მხოლოდ ქართული რაგბის მიმართ, არამედ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მიმართაც.

ნახევარ საუკუნეზე მეტია, იგი ემსახურებოდა და ემსახურება ამ კეთილ საქმეს!

რაც შეეხება მის არასარაგბო ბიოგრაფიას, იგი არანაკლებ საინტერესოა. მაშინ რაგბით "პურს ვერ ჭამდი". ირაკლიმ, მოკლე პერიოდში რიგითი ინჟინერიდან მიაღწია ჯერ ქარხნის დირექტორის, შემდეგ სახლთმშენებლობის კომბინატის მმართველის და შემდეგ, სულაც გაზის საერთაშორისო კორპორაციის გენერალური დირექტორის კარიერას.

რაღა თქმა უნდა, მისი მთავარი მიღწევა ოჯახია: მისი შესანიშნავი მეუღლე, შესანიშნავი შვილები და შვილიშვილები, რომელთაც უბერებელი მეუღლე, მამა და ბაბუა ჰყავთ.

ირაკლი კიზირიას დაბადების დღეს გაუმარ-ჯოს!

გივი მრელაშვილი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:17 | 18.03.2017
პანტელეიმონი (1218)

გილოცავთ ბატონო ირაკლი ! ! !

01:42 | 18.03.2017
tokageo (45)

გილოცავთ ბატონო ირაკლი იუბილეს და კიდევ მრავალ აქტიურ, საინტერესო და სპორტულ წელს გისურვებთ !

22:16 | 17.03.2017
LA.paata (38)

ვულოცავ ბატონ ირაკლის დაბადების დღეს, ვუსურვებ ჯამთელობას და დიდიხანს სიცოცხლეს.

19:08 | 17.03.2017
temuchin (431)

დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ბატონ ირაკლის, აფსუს ეხლაც რას დაგვხატავდა ასეთი უკანახაზელი.

17:20 | 17.03.2017
krasni (587)

Icocxle batono irakli, ertad gvxaros qartuli ragbis didi warmatebebit.

16:58 | 17.03.2017
Baraka (4)

მქონდა ბედნიერება პირადად გამეცნო ბატონი ირაკლი. პირველ რიგში უდიდესი პიროვნებაა და ბრწყინვალე ადამიანი. ღმერთმა კიდევ დიდხანს ამყოფოს ჯამრთელად და ბედნიერად.

15:57 | 17.03.2017
BEERTRANCE (1073)

ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, და ქართული რაგბის წარმატებას მოასწროს.

0.106668