ინგლისი

16:00 | 14.03.2017 | ნანახია 5719 - ჯერ

ლომიძე „ლონდონ აირიშში“ გადადისო

როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა ლაშა ლომიძემ თავის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. 24 წლის მორაგბე პრო დ2-ში მოასპარეზე „ბეზიეს“ ღირსებას იცავდა, მაგრამ უკმაყოფილო იყო, რომ მაინცდამაინც დიდად არ ენდობოდნენ და არცთუ ხშირად ათამაშებდნენ. ლაშა კლუბის უფროსობას შეხვდა, აუხსნა, რომ ასეთ პირობებში ნაკრებისთვის შესაბამისი კონდიციების შენარჩუნებას ვერ შეძლებდა და კონტრაქტიც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა.

ცნობილი ისიც იყო, რომ ლომიძე მომავალ სეზონს მთავარი ფრაგული ლიგის კლუბში დაიწყებდა - „მონპელიეში“, რომლის ესპუარებში ოდესღაც ორი სეზონი გაუტარებია. თუმცა, ამას ოფიციალურად არცერთი წყარო არ ადასტურებდა.

და აი, ფრანგულ სარაგბო საიტზე Rugby Transferts გამოქვეყნებულ ნიუსში ნათქვამია, რომ საქართველოს ნაკრებში 29 კეპის მომხვეჭი მესამეხაზელი კარიერას ინგლისში გააგრძელებს. „ლონდონ აირიში“ - ასე ეწოდება ლომიძის ახალ კლუბს. ეს უძველესი და დიდი ტრადიციების მქონდე სარაგბო კლუბი XIX საუკუნის ბოლოს ლონდონში მცხოვრებმა ირლანდიელებმა დააარსეს, თუმცა დღეს გუნდი პატარა ქალაქ სანბერიშია ბაზირებული, ხოლო საშინაო მატჩებს რედინგში, ცნობილ არენა „მადეისკიზე“ ატარებს.

„ლონდონ აირიში“ შარშან პრემიერშიპიდან გავარდა, მაგრამ მიმდინარე სეზონს მძლავრად ატარებს - ჩემპიონშიპის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ცხრილს მდევართან 18-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ანუ „აირიშმა“ პლეი-ოფში თამაში გაინაღდა. გუნდში მრავლად არიან საკმაოდ ცნობილი მორაგბეები: ინგლისის, ირლანდიის, შოტლანდიის, კანადის, ახალი ზელანდიის, ტონგის, სამოასა და ფიჯის ნაკრებთა მოქმედი თუ ყოფილი წევრები.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:33 | 15.03.2017
deqstera (86)

გარკვეულწილად კარგი არის, მიუხედავად იმისა რომ ტოპ 14 ყველაზე ძლიერია ევროპაში, ინგლისში ტექნიკაზე მეტი ყურადღება ექნება ვიდრე ორთაბრძოლებზე...

მაგრამ მონპელიეში თუ გადავა საუკეთესო ვარიანტი მგონია მაინც...

22:14 | 14.03.2017
პანტელეიმონი (1218)

შესნიშნავი ინფორმაციაა

19:51 | 14.03.2017
temuchin (431)

კარგია, თუმცა მთავარია იქაც ჰქონდეს სათამაშო დრო საკმარისად. ინგლისური სწრაფი სტილი მაინც სულ სხვაა და კარგადაც წაგვადგება თუ მეტი წარმომადგენელი გვეყოლება მანდაურ ჩემპიონატებში.

17:45 | 14.03.2017
buratino (480)

ძალიან კარგი იქნება, ოღონდ მთავარია ამ ამბავს ბეჭედი დაესვას

16:59 | 14.03.2017
BEERTRANCE (1073)

არ იქნება ურიგო ვარიანტი თუ გამოვიდა.

16:22 | 14.03.2017
Kala94 (151)

მშვენიერი ვარიანტია.. ამდენი ხანია მაღალ დონეზე თამაშOბს და ტოპ 14 არაა დაინტერესება და ჯობია სხვაგან მოსინჯოს ძალები.. მითუმეტეს ინგლისის ბაზრის ათვისება ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი რაგბისთვის !

0.077795