საქართველოს ნაკრების კვაჭი შალვა მამუკაშვილი უკვე „ტულონშია“ და გუნდის სათამაშო სისტემას ეცნობა. ის ტულონელებს „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით შეუერთდა და ჟან-შარლ ორიოლი უნდა შეცვალოს, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.
26 წლის მორაგბე ტოპ 14-ის „მონპელიეში“ ოქტომბერში, ასევე „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით გადავიდა. სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მას კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს, თუმცა ქართველის დახმარება მალევე „ტულონს“ დასჭირდა და ახალი კლუბის საიტმა მისი პირველი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
- შალვა, გუნდს ახლახანს შეუერთდით. თავს როგორ გრძნობთ? მოასწარიით სათამაშო გეგმის, კომბინაციების გაცნობა?
- ახალი მოთამაშისთვის ძალიან რთულია სეზონის მსვლელობისას გუნდთან შერწყმა და იქაური სიტუაციის ათვისება. ეს განსაკუთრებით ჩემს პოზიციას ეხება, სადაც უამრავი კომბინაციაა. თავს კარგად ვგრძნობ და ტაქტიკურ სქემებს ვეცნობი, რათა უმოკლეს პერიოდში შევძლო მოედანზე გასვლა. მამუკა და ლევანი ჩემი მეგობრები არიან და საქმეს მათი დახმარება მიადვილებს. კლუბში დამკვიდრებაში სწორედ ისინი მეხმარებიან.
- ამჟამად ჟან-შარლ ორიოლის „სამედიცინო ჯოკერი“ ხართ. გინდათ „ტულონში“ მომავალშიც ითამაშოთ?
- ამის შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით. მოცემული მომენტისთვის მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რისი გაკეთებაც სეზონის ბოლომდე მომიწევს, მერე კი ვნახოთ, რა და როგორ იქნება.
- როგორ შეაფასებთ მიმდინარე სეზონში „ტულონის“ გამოსვლას?
- სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს „ტულონის“ თამაშებს თვალს ნაკლებად ვადევნებდი. მე „მონპელიეში“ ვთამაშობდი და მხოლოდ მასზე ვიყავი კონცენტრირებული. ვიცი, რომ „ტულონი“ ტოპ 14-ის უდიდესი გუნდია. ყველა გუნდს აქვს ჩავარდნები, მაგრამ როდესაც ყველაფერი რიგზეა, მაშინ „ტულონი“ მართლაც საუკეთესოა.
- თქვენ პრემიერშიპში („სეილ შარქსი“), კელტების ლიგასა („გლაზგო უორიორსი“) და ტოპ 14-ში („მონპელიე“ და ახლა უკვე „ტულონი“) გითამაშიათ. თუ შეიძლება, შეადარეთ ეს ჩემპიონატები...
- ტოპ 14 ყველაზე რთული სათამაშოა. პრემიერშიპში დიდი სათამაშო დრო არ მქონია. იქ უფრო მეტია ბრძოლა, კონტაქტი. ორივე ჩემპიონატი განსხვავებულია, თუმცა ორივე უმაღლესი დონის ტურნირია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შალვა, წარმატებას გისურვებთ.
ძალიან კარგად ჩაერთო მონპელიეში მამუკაშვილი და გამიკვირდა რო კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს
წარმატებები