საფრანგეთი ტოპ-14

20:42 | 13.03.2017 | ნანახია 4204 - ჯერ

16 ქართველი და ჩილაჩავას ლელო (+VIDEO)

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებში ევროპის რაგბის ჩემპიონატში სათამაშოდ არაერთი ლეგიონერია გამოძახებული, საფრანგეთის ორი ელიტური დივიზიონის გასულ ტურში 16-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. სოლიდური რაოდენობაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტოპ 14-სა და პრო დ2-ში ჯამში 15 მატჩი შედგა, ანუ საშუალოდ თითო თამაშში მინიმუმ ერთ ქართველს მიუღია მონაწილეობა.

რასაკვირველია, მთავარი ამბავი ლევან ჩილაჩავას ლელოა. ბორჯღალოსანი ბურჯი „ტულონისა“ და „ბაიონის“ თამაშში 54-ე წუთზე ჩაება და შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე თავისი გუნდის მე-11 (!!!) ლელო მიითვალა. აი, როგორ იყო საქმე: როცა ანგარიში 70:7 იყო, ბაიონელთა ლელოდან 5 მეტრში ტულონელებმა საკუთარი დერეფანი მოიგეს და მოლი შეკრეს, რომელსაც სულ ბოლოს ჩილაჩავა შეუერთდა, მას ბურთი მალევე გადაეცა, რამდენიმე წამში კი ლევანი მოლს მოწყდა და ლელოშიც კუთხის ალამთან დაუბრკოლებლად შეირბინა (იხ. ვიდეო). ეს იყო ლევან ჩილაჩავას პირველი ლელო მიმდინარე სეზონის 17 მატჩში, მთლიანობაში კი მან ტოპ 14-ში თავი მეოთხედ ისახელა. ამ მატჩის საწყისი 46 წუთი კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა - 34 წლის ვეტერანმა დავით ხინჩაგიშვილმა სეზონში მერვედ იბურთავა „ბაიონის“ შემადგენლობაში. შეხვედრა კი „ტულონმა“ ასტრონომიული ანგარიშით მოიგო - 82:14, თუმცა ცხრილის მე-6 საფეხურზე დარჩა.

ლიდერი კი უცვლელია - ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელმა“ დედაქალაქში „რასინგი“ 38:15 დაამარცხა და უახლოეს მდევარ „კლერმონს“ უკვე მთელი 8 ქულით უსწრებს. ყაულაშვილი ტოპ 14-ის მოულოდნელი ფლაგმანის სასტარტო შემადგენლობაში იყო. ლექსომ თამაში ცუდად დაიწყო - მე-3 წუთზე, პირველივე შერკინებაში რეფერის თავი დააჯარიმებინა და დიდებულმა დენ კარტერმა „რასინგი“ 3:0 დააწინაურა. მე-18 წუთზე კი ქართველმა ბურჯმა თავისი გუნდის სალელოვე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ 31-ეზე მწვრთნელი მის ნაცვლად თამაშში ტონგელ დევიდ ფეაოს რთავს. თუმცა, 69-ეზე უკუშეცვლა ხორციელდება და ლექსი თამაშის ბოლომდე მოედანზე რჩება. ეს იყო ყაულაშვილის მე-4 მატჩი მიმდინარე ჩემპიონატში.

„ლა როშელს“ კვალში კვლავაც „კლერმონი“ უდგას, რომელმაც საკუთარ მოედანზე „მონპელიესთან“ 19:28 წააგო. კლერმონელთა სასტარტოში ტრავმამოშუშებული დავით ზირაქაშვილი იყო, ვინც 59-ე წუთამდე ითამაშა , ხოლო სანაკრებო და ტრავმების მიზეზით ქართველებისგან დაცლილ „მონპელიეში“ გაგი ბაზაძე გამოჩნდა - 69-ეზე „მონპელიეს“ შერკინების პირველხაზელი გაუსინბინეს და გაგი 10 წუთით ცენტრის ნაცვლად შევიდა თამაშში. გარდა ამისა, მწვრთნელმა მოედანზე მეორედაც შეიყვანა - ბოლო წუთზე. „მონპელიე“ ამ გამარჯვებით „კლერმონს“ 3-ქულიან დისტანციაზე მიუახლოვდა.

ასევე თითო ბორჯღალოსანმა „ბრივსა“ და „ტულუზში“ ითამაშა - მარცხენა ბურჯებმა კარლენ ასიეშვილმა და ვასილ კაკოვინმა. პირველმა 65 წუთი გაატარა მოედანზე, მეორემ - 1 წუთით მეტი. „ბრივმა“ 21:19 იმარჯვა და მე-9 საფეხურზე დარჩა. „ტულუზი“ მეათეა.

წესით, გიორგი მელიქიძესაც უნდა ეთამაშა, რადგან განაცხადში იყო, მაგრამ „სტად ფრანსეს“ მწვრთნელმა ახალგაზრდა ქართველი ბურჯი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ხოლო პარიზულმა გუნდმა „ლიონთან“ სტუმრად 33:35 წააგო და ბოლოდან მესამე საფეხურზე დაეშვა.

პირველადგილოსანი არც პრო დ2-ში შეცვლილა: „ოიონამ“ საკუთარ მოედანზე „ნარბონს“ 30:22 მოუგო. ლიდერის შემადგენლობაში მთელი 80 წუთი მარჯვენა ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ ითამაშა. განაცხადში მისი თანაამპლუელი და თანამემამულე გიორგი ვეფხვაძეც იყო, მაგრამ მირცხულავამ იმდენად შთამბეჭდავად და ეფექტურად ირაგბა, რომ მწვრთნელმა სრული მატჩი ათამაშა, რაც იშვიათობაა შერკინების პირველხაზელთათვის. ეს კი არა, ირაკლიმ თავისი ფრანგი ოპონენტი ჟან-ლუკ ინოსენტი ისე დაჩაგრა, რომ რეფერიმ ეს უკანასკნელი 61-ე წუთზე გაასინბინა კიდეც.

„ოიონას“ 1 ქულით „აჟენი“ ჩამორჩება, რომელსაც ნაკრებში გამოძახებისა და დისკვალიფიკაციის ფონზე ერთადერთი ქართველი ეხმარებოდა - ვახტანგ ახობაძე სასტარტო მარჯვენა ბურჯი იყო და 59-ე წუთამდე ითამაშა. ხოლო აჟენელთა მიერ 28:23 ძლეულ „დაქსში“ 34-ე წუთზე ახობაძის თანაამპლუელი ელიზბარ ყუფარაძე გამოჩნდა. ამ უკანასკნელს ძალიან გაუჭირდა მძლავრ აჟენელბთან ჭიდილი - 50-ეზე ლელოდან 10 მეტრში წესები დაარღვია და ყვითელი ბარათი მიიღო. აჟენელებმა ის შეტევა ლელოთი მაინც ვერ დააგვირგვინეს, საპასუხო იერიშის მოგერიებისას დაჯარიმდნენ და 3 ქულა თავად გაუშვეს, თუმცა ვიდრე ყუფარაძე დაბრუნდებოდა, მაინც მიითვალეს ლელო. ელიზბარ ყუფარაძე 77-ეზე კიდევ ერთხელ დაჯარიმდა, თუმცა აჟენელებს დარტყმა გაუცუდდათ და იმ მომენტისთვის არსებული ანგარიში (28:23) საფინალო სასტვენამდე უცვლელი დარჩა. ცნობისთვის, ეს იყო ყუფარაძის მეორე სინბინი მიმდინარე სეზონის 16 მატჩში.

მესამეადგილოსანმა „კოლომიემ“ „ანგულემი“ 51:9 გაანადგურა. სტუმართა შორის თამაშის დასრულებამდე 12 წუთით ადრე ერთბაშად ორი ქართველი მესამეხაზელი გამოჩნდა - შალვა სუთიაშვილი და ლაშა თავბერიძე. თუკი სუთიაშვილი ამ გუნდის კაპიტანი და ლიდერთაგანია, თავბერიძემ მიმდინარე სეზონში მხოლოდ მესამედ ითამაშა „ანგულემის“ რიგებში.

„კარკასონმა“ საკუთარ მოედანზე „ბიარიცი“ 32:9 დაამარცხა და კარკასონელთა სასტარტო შემადგენლობაში კვლავ ვიხილეთ გიორგი ნაცარაშვილი, რომელმაც 58-ე წუთამდე ითამაშა. ეს იყო სეზონის მე-10 მატჩი 31 წლის ბურჯისთვის.

და აუტსაიდერების შესახებაც: „ალბიმ“ წყალწაღებულ „ბურგუენს“ სტუმრად 23:19 მოუგო, ხოლო „ვანმა“ შინ „ორიაკი“ 26:15 დაამარცხა. „ალბიში“ ბოლო 24 წუთი ბექა შეყლაშვილმა იასპარეზა, ხოლო „ვანის“ სასტარტო 15-ეულში ნიკოლოზ ხატიაშვილი იყო, ვინც 55-ეზე გამოცვალეს.



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096319