ეროვნული ნაკრები

14:45 | 11.03.2017 | ნანახია 2778 - ჯერ

ღია ვარჯიში

რუსეთთან თამაშამდე ორი დღით ადრე, ბორჯღალოსნებმა ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისთვის ტრადიციული ღია ვარჯიში გამართეს.

ვარჯიში ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური და თამაშთან მაქსიმალურად მიახლოვებული იყო. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და ბიჭები გულშემატკივრებს ბოლომდე ბრძოლას, ლამაზ, კომბინაციურ თამაშს და ‘დათვებთან’ წარმატებული სერიის გაგრძელებას პირდებიან. განსაკუთრებით ის ფაქტი ახარებთ, რომ ბილეთები საკმაოდ დიდი ტემპით იყიდება და ‘დინამო არენაზე’ სავსე ტრიბუნების წინაშე ითამაშებენ. ხოლო ვისაც ჯერ არ უყიდია მატჩის ბილეთები, შეუძლია ისინი სტადიონის სალაროებში ყოველდღე 11-დან 19 საათამდე და ონლაინ გვერდზე www.tkt.ge/geovrus შეიძინონ.

„კარგად ვიცით, რომ ქართველებისთვის რუსეთთან თამაში გამორჩეულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენც განსაკუთრებულად ვემზადებით. როდესაც შენს საგულშემატკივროდ 50 ათასზე მეტი გულშემატკივარი მოდის, პასუხისმგებლობა თავის თავად მატულობს. ‘დინამო არენას’ აურა ყოველთვის გამორჩეულია და ვფიქრობ, კარგი თამაში იქნება. ჩემი თანაკლუბელებისგან ვიცი, რომ მათაც სიამოვნებთ საქართველოში ჩამოსვლა. რუსეთში თამაშებს დაახლოებით 2 ათასი კაცი ესწრება, აქ სტადიონზე 50 ათასი ადამიანი მოვა და ყველა სპორტსმენისთვის სასიამოვნოა, როდესაც სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშობს“ - ამბობს ბორჯღალოსანთა შუამარბი დავით კაჭარავა, რომელიც 12 მარტს 98-ე კეპს მოიხვეჭს.

ბორჯღალოსნების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემადგენლობის გაძლიერებაზე და გუნდის მიზნებზე ისაუბრა:

„რუსეთთან თამაშისთვის გუნდის ბირთვი არ შეგვიცვლია, თუმცა დავიმატეთ რამდენიმე მოთამაშე. ჩვენი მიზანი ისეთივეა, როგორიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის განვლილ შეხვედრებში იყო: უკეთესი თამაში ვაჩვენოთ, დავხვეწოთ მოქმედებები როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და მაყურებელს სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ. რუსეთთან მატჩების წინ მოტივაცია არასდროს გვაკლია, თუმცა სავსე ტრიბუნები გუნდის თითოეული წევრისთვის კიდევ დამატებითი მოტივაციაა“.

ახალგაზრდა მესამეხაზელ ბექა გორგაძეს აქამდე რუსეთის წინააღმდეგ ერთხელ, შარშან სოჭში უთამაშია, ‘დინამო არენას’ სავსე ტრიბუნები კი მისთვის უცხო არაა, რადგან შარშანვე რუმინელთა სარეკორდო ძლევაშიც მიიღო მონაწილეობა:

„პასუხისმგებლობა და მოლოდინი უდიდესია, რადგან პრინციპული თამაშისთვის ვემზადებით. მიუხედავად წარსულისა და 18 გამარჯვებისა, მაინც დაძაბული თამაში იქნება. შემადგენლობა საკმაოდ ძლიერი გვყავს და დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენს გულშემატკივარს გავახარებთ“.

ღია ვარჯიშის დასრულების შემდეგ ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოვიდა, რომელიც ბორჯღალოსნებს შეხვდა და მანამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან მატჩის შემდეგ ძალიან პოზიტიური განწყობა იქნება, რადგან კიდევ ერთხელ გაგვახარებენ ჩვენი მორაგბეები. მნიშვნელოვანია სტადიონი გაივსოს, ერთის მხრივ ეს დამატებითი მოტივაცია იქნება ბიჭებისთვის, მეორეს მხრივ კი გადავსებულ სტადიონს დიდ ყურადღებას აქცევენ რაგბის საერთაშორისო ფედერაციის მესვეურები, რადგან ამითი კიდევ ერთხელ დარწმუნედებიან, რომ რაგბი არის ჩვენი ეროვნული თამაში. ასეთი თამაშები და განსაკუთრებული განწყობა არის იმის წინაპირობა, რომ დავუახლოვდეთ ჩვენს სანუკვარ მიზანს - ექვსი ერის გათამაშებას. ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის და მორაგბეები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივრის გული გაახარონ“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:37 | 12.03.2017
buratino (480)

ჩვენო უძლეველო (განსაკუთრებით რუსეთთან) ლომებო, აბა ჰე, აღასრულეთ ნება ერისა!

01:01 | 12.03.2017
პანტელეიმონი (1218)

ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო ! ! !

0.090119