ინტერვიუები

12:06 | 11.03.2017 | ნანახია 4996 - ჯერ

საიმონ ჰელიდეი: EPCR, “რაგბი ევროპა“ და „მსოფლიო რაგბი“ ქართველებს დიდი ყურადღებით ვაკვირდებით

სარაგბო ევროსათასო ტურნირების გამართვაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის, EPCR-ს ხელმძღვანელმა საიმონ ჰელიდეიმ ინტერნეტ-გამოცემა rugger.info-ს აღმოსავლეთ ევროპის კლუბების პერსპექტივებზე, ტურნირის განვითარების გეგმებსა და საკვალიფიკაციო შეჯიბრების რებრენდინგზე ისაუბრა.

- ჩელენჯ კაპის კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ გაირკვა, რომ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, შესაძლოა, ერთბაშად ორი რუსული კლუბი მოხვდეს. თქვენი აზრით, EPCR და ტურნირის სხვა მონაწილეები იოლად მიიღებენ თავის კომპანიაში „ენისეისა“ და „კრასნი იარს“?

- შესარჩევი ეტაპი დასრულებული არაა, მაგრამ ორივე რუსულ კლუბს მართლაც შეუძლია ჩელენჯ კაპის ძირითად ბადეში მოხვედრა. თუკი ასე მოხდა, ესე იგი მათ დაიმსახურეს ეს უფლება და 13 მაისს „მარიფილდზე“ კვალიფიკაციის ფინალში ითამაშებენ.

- „ენისეი“ საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდია, რომელმაც ჩელენჯ კაპის ოთხი საშინაო მატჩი მოიგო. კრასნოიარსკში თამაში ყველა მეტოქეს გაუჭირდა...

- თუკი ორი რუსული კლუბი ჯგუფურ ეტაპს გადალახავს, ლოგისტიკური ამოცანის გადაჭრა მოგვიწევს - სად ითამაშებენ კრასნოიარსკელები საშინაო მატჩებს.

- ჩელენჯ კაპზე რუმინული და რუსული კლუბები ასპარეზობენ, მაგრამ აქ ვერ იხილავთ ქართულ გუნდს, არადა საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე პროგრესირებადი სარაგბო ქვეყანაა. რატომ ხდება ასე?

- საქართველოს ნაკრებმა კილმარნოკში შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში ყველას დაანახა თავისი ძალა, მაგრამ ამ ქვეყნის საკლუბო რაგბის სისტემა ევროთასებში ჩაბმისთვის არასაკმარისადაა განვითარებული. თუმცა EPCR, “რაგბი ევროპა“ და „მსოფლიო რაგბი“ ქართველებს დიდი ყურადღებით აკვირდებიან.

- შეაფასეთ აღმოსავლეთევროპული საკლუბო რაგბის განვითარების პერსპექტივები. შეძლებენ კი ეს გუნდები ტოპ-ჩემპიონატების წარმომადგენლებთან დიდი ჩამორჩენის შემცირებას?

- უკვე ორ ათწლეულზე მეტია, რაც დასავლეთ ევროპაში რაგბი პროფესიული სპორტი გახდა. ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ შეიცვალა. ჩვენი გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპას დაეხმარება, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში საკლუბო რაგბი ახალ სიმაღლეზე აიყვანოს. პროგრესის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კონკურენციაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შემადგენელია. საჭიროა საინვესტიციო პროგრამის განვითარება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამ ჩამორჩენას ერთ დღეში ვერ აღმოფხვრი.

- საინტერესოა, თუ განიხილება EPCR-ში მესამე ევროთასის შექმნის იდეა, სადაც რეგულარულად ითამაშებდნენ გუნდები ესპანეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან, საქართველოდან, პორტუგალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან?

- ჩელენჯ კაპის კვალიფიკაცია სწორედაც ეს ტურნირია. მალე შეჯიბრებას ახალი ბრენდი და სხვა ნიუანსები ექნება. უახლოეს მომავალში ყველა დეტალს ოფიციალურად გავასაჯაროებთ.

- რაგბი არცთუ პოპულარულია და ნაკლებად განვითარებულია აღმოსავლეთ ევროპაში. მაგრამ, პოტენციური აუდიტორიის კუთხით, ეს მეტად საინტერესო და მიმზიდველი რეგიონია. გეგმავს თუ არა EPCR აქ თავისი მონაწილეობის გაზრდას, ადგილობრივ ფედერაციებთან, კლუბებთან, გულშემატკივრებსა და მედიასაშუალებებთან მეტ თანამშრომლობას? თუ ეს მხოლოდ ქვეყნების სარაგბო კავშირების საქმეა?

- ვფიქრობ, ამ რეგიონს მეტი ყურადღება ყველამ უნდა დაუთმოს - EPCR-მ, „რაგბი ევროპამ“, „მსოფლიო რაგბიმ“ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სარაგბო კავშირებმა. ჩვენ რაგბის განვითარებაზე ვართ პასუხისმგებლები და სპორტის ჩვენი სახეობის წინსვლა გვევალება. მთავარია, მოვალეობები სწორად გადანაწილდეს და არსებული გამოცდილების სწორი გზით მიმართვა ხდებოდეს.

- ევროთასების კვალიფიკაციის გადამწყვეტი მატჩი 13 მაისს, ედინბურგის „მარიფილდზე“ გაიმართება. დიდი აუდიტორია ექნება ამ თამაშს? იმიტომ ვკითხულობთ, რომ იგივე უიქ-ენდზე ჩელენჯ კაპის და ჩემპიონთა თასის ფინალებიც გაიმართება. ტელეტრანსლაცია თუ იგეგმება?

- შესარჩევი ტურნირის ფინალი არის ევროპული პროფესიული რაგბის არეალის გაზრდის მცდელობა. განვითარებადი ქვეყნების კლუბებს ვთავაზობთ შესაძლებლობას, საკუთარი თავი ჩელენჯ კაპისა და ჩემპიონთა თასის საუკეთესო კლუბების ფონზე წარმოაჩინონ. ეჭვიც არ მეპარება, მესამე ევროთასს აუდიტორია თანდათანობით, ტურნირის განვითარებასთან ერთად გაეზრდება. იმედია, დაგეგმილ წინსვლას სატელევიზიო დაინტერესებაც მოყვება.

- დაბოლოს, როგორ შეაფასებდით EPCR-ს ეგიდით გასამართი ტურნირების განვითარების დინამიკას რებრენდინგისა და ახალი მონაწილეების ჩართვის შემდეგ?

- პროგრესი ძალიან გვახარებს, მაგრამ დაძაბული შრომა არ დასრულებულა. ევროპული პროფესიული რაგბის მდგრადი განვითარებისთვის კვლავაც აუცილებელია უდიდესი ძალისხმევა. EPCR-ს შექმნის მომენტიდან შემოსავლების გადანაწილება მოხდა, რის შემდეგაც კლუბები უფრო მეტ ფულს იღებენ. ახალმა მონაწილეებმა ტურნირს მიმზიდველობა შემატეს. ევროთასების ფინალების მასპინძლობის სურვილი ქალაქების მთელმა რიგმა გამოთქვა.

შარშან ფინალებს ლიონმა უმასპინძლა. მატჩების ბილეთები 20 ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძინეს, ხოლო 4 მილიონზე მეტმა გულშემატკივარმა ამ თამაშებს ტელევიზორში უყურა. ჩელენჯ კაპისა და ჩემპიონთა თასის ფინალებს რაგბის მოყვარულებმა 95 ქვეყანაში მიადევნეს თვალ-ყური. ციფრებიდან ჩანს, რომ ჩვენი ტურნირები ხალხს იზიდავს, თანაც არცთუ მცირე რაოდენობით. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, მუშაობა გრძელდება. EPCR პროგრესს გააგრძელებს.

იმასღა დავძენთ, რომ ჩელენჯ კაპის დასკვნითი შესარჩევი ეტაპი ორ ნაწილად გაიმართება. 1 და 22 აპრილს „ენისეი“ და „კრასნი იარი“ შესაბამისად იტალიურ „მოლიანოსა“ და რუმინულ „ტიმიშოარას“ ეთამაშებიან. ორმატჩიანი დუელების გამარჯვებულები ჩელენჯ კაპის ძირითად ბადეში მოხვდებიან და 13 მაისს, ედინბურგის „მარიფილდზე“ კვალიფიკაციის ფინალში ითამაშებენ. როგორც ამბობენ, 1 აპრილს, „კრასნი იარისა“ და „ტიმიშოარას“ პირველი მატჩი რუსთავის ახალ სარაგბო სტადიონზე გაიმართება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:56 | 12.03.2017
buratino (480)

ბოლოსდაბოლოს, რა გახდა ასეთი თუნდაც ამ ერთ ევროტურნირზე თუნდაც ერთი ქართული გუნდის გაყვანა! თუკი ეს ისევ არ მოხდება და მაშინ, მე როგორც რაგბის თავგადაკლული ქომაგი, ვიტყვი: "მიმიფურთხებია ადრინდელი წარმატებებისთვის!"

13:40 | 11.03.2017
პანტელეიმონი (1218)

ამ წუთას ეროვნულ ნაკრებზე მნიშვნელოვანი (ყოველშემთხვევაში 2017 წელს) ევრო ტურნირებზე ქართული გუნდების მონაწილეობაა, მაგრამ კაციშვილი ხმას არ იღებს.

13:25 | 11.03.2017
mindia (74)

დაკვირვება გაიკეთეთ ერთ ადგილას, მოიმოქმედეთ რამე.

0.085124